ავტორი:

"ყველა პოლიტიკური კუნთი უნდა მუშაობდეს" - მიხეილ სააკაშვილი

"ყველა პოლიტიკური კუნთი უნდა მუშაობდეს" - მიხეილ სააკაშვილი

უნდა ვიმოქმედოთ არა სწორხაზოვნად, არამედ ყველა მიმართულებით ორგანიზებულად, მშვიდობიანად, შემტევად. ასე მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებში რეჟიმისა და ჩვენი რეალობის ცვლილებას! - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ოზურგეთში დღეს განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი თავის მიმართვაში აღნიშნავს, „ყველა პოლიტიკური კუნთი უნდა მუშაობდეს და გადამწყვეტი დარტყმებისთვის ძლიერდებოდეს".

"წინასაარჩევნოდ, ოზურგეთი-ჩოხატაურის გზა ტრაქტორებით გადათხარეს. მას შემდეგ, ადგილზე არც ტრაქტორები გამოჩენილა, არც მუშები, ბიუჯეტიდან კი მილიონობით ლარი გაქრა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს დაცინვა ხალხთან ერთად გააპროტესტა. მთავრობამ კი, იმის მაგივრად, რომ დაინტერესებულიყო, რატომ არ გაკეთდა გზა და სად გაქრა ფული, დაიჭირა აქტივისტები. თანამდებობის პირებს აქვთ საკმარისი უფასო საწვავი და ოზურგეთში შემოვლითი გზით დადიან. მათ ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. სწორედ ასეთი აქციებით უნდა დავუდგეთ წინ უსამართლობას. მინდა მივმართო "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ჯგუფებს, ზოგადად აქტივისტებს სხვადასხვა აფილაციით. ყველგან არის ასეთი უსამართლობა. მე რომ გარეთ ვიყო ყველგან მივიდოდი, თუმცა ახლა ჩემს მაგივრად, პარტიის ლიდერები მზად არიან, ყველგან ჩამოვიდნენ, მაგრამ თქვენ, ვინც ხართ ადგილზე, ყოველდღე უნდა იყოთ გარეთ, სიცივემ და ზამთარმა ჩვენ არ უნდა შეგვაჩეროს. ყველგან დავაყენოთ საკითხები უსამართლობის წინააღმდეგ. ყველა პოლიტიკური კუნთი უნდა მუშაობდეს, ძლიერდებოდეს გადამწყვეტი დარტყმებისთვის. კორუფციასა და ოლიგარქატზე სწორედ ასეთი აქციებით გავიმარჯვებთ. მეორე მხრივ, მუდმივად უნდა ვამუნათებდეთ ადგილობრივ სახელმწიფო მოხელეებს. ზუსტად ვიცი, რომ მათ ნაწილს მაინც არ მოსწონს გულში ეს ყველაფერი და თუ ღიად ვერ ამბობენ, რაღაც სხვა ფორმით მაინც უნდა შეუშალონ ხელი უსამართლობას. რაც შეეხება უსამართლობას, ყველგან ჭამენ ჩვენს ფულს - სადღაც სკოლა არ დაამთავრეს, სადღაც გზა, სადღაც ბაღი და ყველგან ფულია მოპარული. არაფერი არ უნდა გავატაროთ, ყველაფერზე უნდა ამოვიღოთ ხმა. რა არის რეჟიმის ტაქტიკა - დაგვყოს, დაგვაქუცმაცოს, დაგვაშინოს, დაგვაბნიოს... აქტივისტები გამოხშიროს, პროვოკაციაზე წამოაგოს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა სწორხაზოვნად, არამედ ყველა მიმართულებით ორგანიზებულად, მშვიდობიანად, შემტევად. ასე მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებში რეჟიმისა და ჩვენი რეალობის ცვლილებას!», - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, დღეს დილიდან ოზურგეთში ხმაური იყო, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს ორი დეპუტატი ბესო ქათამაძე და შალვა თავდიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი ადგილობრივი მოსახლეობის აქციას შეუერთდნენ. პროტესტის მონაწილეები ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებას აპროტესტებდნენ და აქციას ოზურგეთი-ჩოხატაურის მაგისტრალზე მართავდნენ.