"მნიშვნელოვანია, აშშ-მა აჩვენოს სიმამაცე და უარი თქვას პუტინის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე" - სენატორები ჯო ბაიდენს უკრაინისა და საქართველოს თაობაზე მიმართავენ
ამერიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ, სადაც აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.
წერილს ხელს აწერენ, როგორც "დემოკრატი“, ასევა "რესპუბლიკელი“ სენატორები, მარკო რუბიო, ჯინ შაჰინი, თომას ტილისი, კრისტოფერ კუნსი, ჯონი ერნსტი, ჯეფრი მერკლი, მაილ რაუნდსი, კორი ბუკერი და ჯონ ბარასსო.
სენატორები აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვრებთან კრიზისი რუსეთმა ხელოვნურად შექმნა და ვლადიმერ პუტინი უარს აცხადებს რუსეთის მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე. ამერიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია რუსეთის მიერ გასაჯაროებული "უსაფრთხოების გარანტიები“, რაც ნატო-ს შემდგომი გაფართოების შეწყვეტას მოიცავს.
"მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა აჩვენოს სიმამაცე და უარი თქვას პუტინის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გაფართოებაზე. ამას მხოლოდ ნატო-ს წევრები გადაწყვეტენ. აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს უჭერენ პრინციპს, რომ უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება ან დისკუსია არ შედეგება უკრაინის გარეშე. ეს უნდა გავრცელდეს საქართველოს შემთხვევაშიც. ნატო-ს კარი ღია რჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ, შეასრულონ ნატო-ს წევრობის ვალდებულებები და, რომელთა წევრობასაც წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში“, - წერია განცხადებაში.
ამერიკელი კანონმდებლების თქმით, ისინი მხარს უჭერენ თანამშრომლობას მოკავშირეებთან, განსაკუთრებით ნატო-სა და ევროკავშირში, რათა პუტინის აგრესიულ ქმედებებს წინააღმდეგობა გაეწიოს და ევროპაში წესებზე დამყარებული წესრიგის შენარჩუნების მიმართ აშშ-ის ერთგულება აჩვენონ.