"ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელიც მოვისმინეთ მოსამართლის პირით, 2012 წელს თურმე თაღლითობა ჩაგვიდენია, რომელზეც გამოძიებაც კი არ არის ჩატარებული, არ არის დადგენილი არც დაზარალებული და არც მომჩივანი", - ამის შესახებ პარტია "ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
ხაზარაძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება არის ნონსენსი.
"მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, მათ შორის, მედიასა და იმ მეგობრებს, რომლებიც ახლა აქ არიან. ეს არის იმ სოლიდარობის დადასტურება, როდესაც სიმართლისთვის ბრძოლა გვაერთიანებს. პირობას გაძლევთ, რომ ასევე დავდგები ყველა ადამიანის გვერდში, თუ დავინახე, რომ უსამართლოდ სახელმწიფო დააპირებს ვინმეს დაჩაგვრას, ეს იქნება ჩემი მთავარი საკითხი მომავალ მოღვაწეობაში.
რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელიც მოვისმინეთ მოსამართლის პირით. ჩვენ გვედავებოდნენ 12 წლის წინანდელს, 2008 წელს ვითომდა ფულის გათეთრების მუხლით და უცებ ეს მუხლი გაქრა და 4 წლის შემდეგ, 2012 წელს თურმე თაღლითობა ჩაგვიტარებია, რომელზეც გამოძიებაც კი არ არის ჩატარებული, არ არის დადგენილი არც დაზარალებული, არც მომჩივანი. ეს არის ნონსენსი, ეს არის ის სასამართლო, რომლის დემონტაჟიც უნდა მოვახდინოთ ჩვენ და საზოგადოებამ“, - განაცხადა ხაზარაძემ.
"ეს ბრძოლა ღირს იმისთვის რასაც ჩვენ გავდივართ, რადგან ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც პროკურატურა ჩადიოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რადგან ცხადია, არანაირი ნიშან-წყალი არ ყოფილა არასდროს არანაირი ფულის გათეთრების და დანაშაულის. მოსამართლემ განაჩენი რაც გამოაცხადა, მან შეცვალა ის მუხლი ფულის გათეთრების, მოახდინა მისი გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, თუმცა, ძველი მუხლით მოგვისაჯა 7 წელი, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება გაგვათავისუფლა პასუხისმგებლობისგან.
ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშან-წყალი არ არსებობს, ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ და იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც.
ჩვენი ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში. ბრძოლა გრძელდება, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და მივიყვანთ ბოლომდე ბრძოლას, რომ სიმართლე დადგინდეს,“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.
ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.
ინფორმაციისთვის, 2019 წლის 24 ივლისს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.