ავტორი:

"რაღაც გამოსავალი ნახეს - "თაღლითობა კი არის, მაგრამ ვათავისუფლებთ სასჯელისგან“, სამართალი არ უნდა ეძებდეს გამოსავალს, სამართალი უნდა იყოს სამართლიანი" - ადვოკატი

"რაღაც გამოსავალი ნახეს - "თაღლითობა კი არის, მაგრამ ვათავისუფლებთ სასჯელისგან“, სამართალი არ უნდა ეძებდეს გამოსავალს, სამართალი უნდა იყოს სამართლიანი" - ადვოკატი

"დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას 1 თვის ვადაში ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში" - ამის შესახებ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა მოსამართლის მიერ ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

წერეთლის თქმით, ეს გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი.

"აქ რაღაც გამოსავალი ნახეს იმ კუთხით, რომ "თაღლითობა კი არის, მაგრამ ვათავისუფლებთ სასჯელისგან“. სამართალი არ უნდა ეძებდეს გამოსავალს, სამართალი უნდა იყოს სამართლიანი და სამართლიანი იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი.

რთულია მოსამართლის განმარტებიდან დასაბუთების გაკეთება. ჩვენ ჩაგვბარდება 2 კვირაში უკვე დასაბუთებული გადაწყვეტილება, სადაც იქნება მსჯელობა და ვფიქრობ, რომ იქ ვერ ვნახავთ ისეთ არგუმენტებს, რომელიც გაამყარებს თაღლითობის არსებობას. ვინაიდან ის ქმედება, რომელსაც პროკურატურა ედავება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს, მათ შორის ავთანდილ წერეთელს, ნამდვილად არ დასტურდება. ეს არ დასტურდება არც გამოძიების დროს მოპოვებული მტკიცებულებებით და არც იმ მტკიცებულებებით, რაც ყველამ ფაქტობრივად საჯაროდ მოვისმინეთ სასამართლო დარბაზში“, - განაცხადა კახა წერეთელმა.

მისივე თქმით, ბევრი ვარიანტი და შესაძლებლობა იყო, მაგრამ ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო გამართლება.

"ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. თაღლითობა ტყუილის გარეშე არ არსებობს და მათ არავინ მოუტყუებიათ. ყველა ოპერაციას ჰქონდა თავისი რეალური სახელი. საქმეში დაზარალებული და მოტყუებული ბანკი არ არსებობს, შესაბამისად, კითხვის ნიშნები არ არის. სასამართლომ ის თქვა, რომ საქმე რეალურად შეიცავს თაღლითობის ნიშნებს, თუმცა ხანდაზმულობის გამო სასჯელს ვერ გამოიყენებენ, რასაც, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით“, - აღნიშნა კახა წერეთელმა.

ცნობისთვის, ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.