ქანიე უესთს შოუების გამართვა და ბიზნეს სფეროს გაფართოება სურს, რის გამოც გეგმავს რუსეთს ესტუმროს და მის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.
ცნობილია, რომ რეპერი ქვეყანას გაზაფხულზე, ან ზაფხულში ეწვევა. უესთის სტრატეგიული მრჩევლის თქმით, ქანიე რუსეთში დიდ დროს დაჰყოფს და მისი "მეორე სახლი“ გახდება.
მისივე თქმით, ის და ქანიეს ადვოკატი, სკოტ ბალბერი, რუსული წარმომავლობის აზერბაიჯანელ ქონების დეველოპერთან, მილიარდერ, არაზ აღალაროვსა და მის ვაჟთან თანამშრომლობენ.
არაზ აღალაროვი პუტინის თანამოაზრე და კომპანია Crocus Group-ის პრეზიდენტია, რომელიც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული კომპანიაა. მამა-შვილი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც კი თანამშრომლობდა, რათა "მის სამყარო 2013“ მოსკოვში გაემართათ.
შოუების სერია, რომელსაც ქანიე უესთი ახლა უკვე რუსეთშიც გამართავს, Sunday Service-ის სახელითაა ცნობილი და ესაა რეპერის მუსიკის, მოდისა და იესოსადმი სიყვარულის ნაზავი.
წინა კვირას ქანიე უესთი, მსახიობ ჯულია ფოქსთან რომანტიკული ურთიერთობის წამოწყების გამო, მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ისინი რამდენჯერმე მაიამისა და ნიუ იორკის რესტორნებში პაემნებზეც "გამოიჭირეს."
წყარო: thesun
მოამზადა ანა სიბოშვილმა