ავტორი:

"რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, ისევე როგორც ეს უკვე გააკეთა საქართველოში" - ჯოზეფ ბორელი

"რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, ისევე როგორც ეს უკვე გააკეთა საქართველოში" - ჯოზეფ ბორელი

"რუსეთი ემუქრება უკრაინას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას"- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი წერს.

“რუსეთმა მიმართა შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს ევროპაში უსაფრთხოების მომავლის შესახებ წინადადებებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის პრინციპებს. ეს შეთავაზებები კეთდება უკრაინის საზღვარზე სამხედრო ძალების მობილიზაციისა და რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების განხორციელების შესახებ ღია მუქარის ფონზე. ორი რამ ცხადია: ჩვენ უნდა გამოვიდეთ ევროკავშირის ერთიანი პოზიციით, რომელიც განმტკიცებული იქნება კონკრეტული ქმედებებით“, – წერს ბორელი.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე იმსჯელებენ, რომელიც მიმდინარე კვირას ბრესტში გაიმართება.

"რუსეთის ამბიციაა, ცივი ომის შემდგომ წარმოშობილ პოლიტიკურ და უსაფრთხოების წესრიგს დაუპირისპირდეს. არსებობს სამი პრინციპი, რომელსაც რუსეთი წარსულში დაეთანხმა და ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პირველი არის ქვეყნების უფლება, თავად აირჩიონ, სურთ თუ არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას ეკუთვნოდნენ ან რომელიმე შეთანხმების თუ ალიანსის ნაწილი იყვნენ, როგორც ამას "პარიზის ქარტია“ ითვალისწინებს. ამ ფუნდამენტურ პრინციპთან დაპირისპირებით მოსკოვი მოქმედებს როგორც რევიზიონისტული ძალა. რუსეთის აზრით, ეს აკრძალვა არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებს ეხება, არამედ ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებსაც, როგორიცაა შვედეთი და ფინეთი. მეორე და მესამე პრინციპი არის ძალის გამოუყენებლობა და ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. რუსეთი არღვევს ამ სამ ფუნდამენტურ პრინციპს უკრაინაში, ისევე როგორც ეს უკვე გააკეთა საქართველოში“, – წერს ჟოზეფ ბორელი.

მისი თქმით, რუსეთი არა მხოლოდ განცხადებებს აკეთებს, არამედ ამას თან ურთავს მზარდ სამხედრო ზეწოლას უკრაინის საზღვარზე და ემუქრება კიევს ახალი ინტერვენციით, ვიდრე მისი ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.