მოსაზრება, რომ "ჩემთან ახლოს მდებარეობ და შენ არ შეგიძლია გააკეთო, რაც გსურს", არის გავლენის სფეროების აზროვნების ხელახლა დაწესება. განსაკუთრებით მათ, ვინც რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყნებიდან ვართ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ძალიან სახიფათო გზაა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ალიანსი არ წავა დათმობაზე ევროპული უსაფრთხოების ერთ-ერთ ძირითად პრინციპთან დაკავშირებით, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა.
"მზად ვართ საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებისთვის, მათ შორის დაბალანსებულ იარაღის კონტროლზე, რისკის შემცირებაზე, მეტ გამჭირვალობაზე და სხვა, მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად წავიდეთ დათმობებზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, ევროპული უსაფრთხოების ძირითად პრინციპთან დაკავშირებით, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანების გზას არ ადგანან, შვედეთსა და ფინეთს, ასევე ძალიან კარგად ესმით ეს.
ისინი აცნობიერებენ, რომ თუ ამ პრინციპთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდება და კურსის არჩევანის თავისუფლება მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაზე გავრცელდება და არა ყველაზე, მაშინ ჩვენ გვეყოლება პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი ქვეყნები. ზოგს აქვს უფლება, იმიტომ რომ ისინი დიდი ქვეყნები არიან ან ისტორიული მიზეზების გამო და ზოგს კი ეს უფლება არ აქვს. მოსაზრება, რომ ჩემთან ახლოს მდებარეობ და შენ არ შეგიძლია გააკეთო, რაც გსურს, არის გავლენის სფეროების აზროვნების ხელახლა დაწესება. განსაკუთრებით მათ, ვინც რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყნებიდან ვართ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ძალიან სახიფათო გზაა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, რომ გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან.
„დღევანდელ შეხვედრაზე ნატო-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, რომ გაიყვანოს ეს ძალები და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს ყველა ქვეყნის საზღვრების პატივისცემა. ნატოს მოკავშირეები მზად არიან რუსეთთან დიალოგში ჩაერთონ, მაგრამ ჩვენ არ წავალთ დათმობაზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, ჩვენ არ წავალთ დათმობაზე ევროპის რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, არ წავალთ დათმობაზე ქვეყნების უფლებებთან დაკავშირებით, აირჩიოს საკუთარი გზა“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.