ავტორი:

"სიდნეიში დაკრძალეს ვიქტორ სანეევი, ის უკანასკნელ გზაზე ორი ქართული სიმღერით გააცილეს" - ფოტოები ლეგენდარული სპორტსმენის დაკრძალვიდან

"სიდნეიში დაკრძალეს ვიქტორ სანეევი, ის უკანასკნელ გზაზე ორი ქართული სიმღერით გააცილეს" - ფოტოები ლეგენდარული სპორტსმენის დაკრძალვიდან

ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, ვიქტორ სანეევი სიდნეიში დაკრძალეს. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი უკანასკნელ გზაზე ორი ქართული სიმღერით გააცილეს.

დაკრძალვის ცერემონია თბილისის დროით 06:00 საათზე გაიმართა.

"თბილისის დროით დილის 6 სთ-ზე საათზე სიდნეიში დაკრძალეს საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი. ის უკანასკნელ გზაზე ორი ქართული სიმღერით "ზამთარიათი" („ცისფერი ტრიოს“ შესრულებით) და "საქართველოო ლამაზოთი" გააცილეს.

ქართულ სპორტში სანეევის მე-20 საუკუნის ოლიმპიური მიღწევა უნიკალურია. ის სამხტომში მეხიკოს (მე-19), მიუნხენის (მე-20), მონრეალის (21-ე) ოლიმპიადების ჩემპიონი გახდა. მოსკოვის 22-ე ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მაღალი სპორტული მიღწევების გამო, ვიქტორმა სწორედ ამ ოლიმპიადაზე შემოიტანა ოლიმპიური ჩირაღდანი სტადიონზე.

სანეევი პირველი იყო, ვინც სამხტომში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა.

უამრავი ოქროს მედალი მოიპოვა და არაერთი რეკორდი დაამყარა. ის 1945 წელს სოხუმში დაიბადა. 77 წლის ასაკში კი სიდნეიში გარდაიცვალა, სადაც 1992 წლიდან ცხოვრობდა. კარგი სპორტსმენი ხომ იყო და ასევე, კარგი ადამიანი იყო ვიქტორ სანეევი.

დიდი იმედი მაქვს, მის ნეშტს ოდესმე მაინც მშობლიურ საქართველოში გადმოასვენებენ" - წერს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში და დაკრძალვის ცერემონიიდან ფოტოებს აქვეყნებს.

ლეგენდარული სპორტსმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვიქტორ სანეევი იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების, ღირსების ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.