მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებული ოთხი პირი - ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე დაიკითხება.
პროკურორის განმარტებით, ბრალდებულები წარმოადგენენ დამატებით მტკიცებულებას იმისას, თუ როგორ დაგეგმა მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ შემოსვლა საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე. მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას მტკიცებულებების უდავოდ გახდომის თაობაზე და ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას აღიარებს.
"უკრაინის მოქალაქემ, ძებნილმა მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და იმყოფება დღეს საქართველოში - ამაზე მყარი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, წოწორიებს და ნარიმანიძის ჩვენებებს, ეს არის დამატებითი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ დაგეგმა მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ შემოსვლა საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე. მოცემულ შემთხვევაში, მათი მტკიცებულებები ამყარებს გარემოებას, რომ სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა.
დაცვის მხარე უნდა ჩამოყალიბდეს ცომაია, წოწორიები და ნარიმანიძე არიან გმირები, თუ მათი ჩვენება არაფრისმომცემია. მაქვს მოლოდინი, რომ დღეს დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას მტკიცებულებების უდავოდ გახდომის თაობაზე და აღიარებენ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას. ბრალდების მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხავს ელგუჯა ცომაიას, წოწორიებს და ნარიმანიძეს, რომლებიც მზად არიან სააკაშვილის თანდასწრებით მისცენ სასამართლოს ჩვენება. ელგუჯა ცომაიამ დახმარება გაუწია სააკაშვილს საზღვარზე უკანონოდ შემოსვლაში, რაც შეეხება წოწორიებს და ნარიმანიძეს, ისინი ადასტურებენ, რომ ნახეს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ არ განაცხადეს შესაბამის სახელმწიფო ორგანოში”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.