ავტორი:

"თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი... ვერ გამაწყვეტინებთ საუბარს!" - რამ გააღიზიანა სააკაშვილი პროცესზე?

"თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი... ვერ გამაწყვეტინებთ საუბარს!" - რამ გააღიზიანა სააკაშვილი პროცესზე?

თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი,- ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს სასამართლო პროცესზე მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სააკაშვილს მოუწოდა, სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზში მყოფი საზოგადოებისკენ კი არა, მის მხარეს მიტრიალებულიყო.

სააკაშვილის თქმით, მისი გადასაწყვეტია, ვის მიმართავს.

"მე გადავწყვეტ, ვის მივმართო, მივმართავ ქართველ ხალხს, თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. მე მივმართავ ქართველ ხალხს.

არ ვაპირებ ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. ვაპირებ შევხედო თვალებში ქართველ ხალხს“, - მიმართა სააკაშვილმა მოსამართლეს.

ამასთან, მას შემდეგ, რაც მოსამართლის პოზიციების დაცვა პროკურორმა სცადა, სააკაშვილმა ბრალდების მხარის მისამართითაც გააკეთა განცხადება: „ჩემთვის არავინ ხართ. მივმართავ ქართველ ხალხს, რომელის წინაშეც წარვდექი, ვერავინ გამაწყვეტინებს და თუ გამაწყვეტინებთ, ამაზე პასუხს გაგცემთ ქართველი ხალხი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ამჯერად პროკურორის მისამართით.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ივანიშვილის სასამართლოს პატივს არ სცემს.

"სად ვარ, თქვენი ახსნა-განმარტება არ მჭირდება. ყველაფერი რაც ქვეყანაშია გაკეთებული და რაც აქამდე არ გააფუჭეს, ჩემი გაკეთებულია, თქვენი ახსნა-განმარტება და „ნუცას სკოლა“ არ მჭირდება. ბოდიშს ვიხდი, რომ თქვენგან განსხვავებით ოთხი იურიდიული უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. არავითარ პატივს არ ვცემ ივანიშვილის სასამართლოს. ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი სასმართლოს მიმართ. ჩამოვედი ამ ქვეყანაში და მივმართავ ჩემს ხალხს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.