ავტორი:

"კორონავირუსით ინფიცირების დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან თითქმის ნახევარი "ომიკრონზე" მოდის"- ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

"კორონავირუსით ინფიცირების დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან თითქმის ნახევარი "ომიკრონზე" მოდის"- ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს "ომიკრონის“ შტამის დადასტურებული 1009 შემთხვევიდან 16% რეინფიცირებაა.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დღეს, ლაბორატორიულად კორონავირუსის დადასტურებული 5000 შემთხვევიდან 45% "ომიკრონის“ შტამია. მისივე თქმით, კვირის ბოლომდე ეს მონაცემი 60%-მდე აიწევს.

"ლაბორატორიულად გუშინდელი რიცხვით 1009 არის დადასტურებული, მაგრამ ჩვენ უკვე ლაბორატორიებს მივეცით მითითება, რომ საეჭვო შემთხვევები შერჩევითად გამოგზავნონ. საეჭვო შემთხვევების დაახლოებით 10%-დან 20%-მდე აგზავნიან. უკვე იმდენად მაღალია საეჭვო შემთხვევების რაოდენობა, რომ ლაბორატორიულად საერთო დიაგნოსტირებულებში უკვე 60%-ს ასცილდა. მოგეხსენებათ ეს სეკვენირება და "ომიკრონსპეციფიური“ PSR ტესტები არ არის იმდენი რაოდენობით, რომ ყველა ლაბორატორიულად დადასტურდეს. აქედან გამომდინარე მხოლოდ შერჩევითად ხდება დაახლოებით 20%-ის გამოგზავნა.

ცირკულაციაში "ომიკრონის“ რაოდენობა უკვე 45%-დან ზემოთ მიდის და ჩვენი გათვლებით ამ კვირის ბოლოს შემთხვევების 60%-მდე იქნება დადებითი. ჩავთვალეთ, რომ რაც ლაბორატორიულად დადასტურებული გვაქვს - 1009 შემთხვევა, იმის 16% რეინფიცირებაა. დღეს დადასტურებულ 5000 შემთხვევაში "ომიკონს“ ვანგარიშობთ 45%-ს. 5000-დან ყველა შემთხვევა "ომიკრონი“ არ არის "დელტაც“ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ომიკრონის“ 1009 დადასტურებული შემთხვევიდან, 14-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

"შემთხვევათა უმრავლესობა მოდის თბილისზე - დაახლოებით 61%. "ომიკრონის“ შესწავლილი შემთხვევების 12% იმერეთზე, 6,5% აჭარაზე, 3% კი ქვემო ქართლზე მოდის. ასევე, "ომიკრონთან“ მიმართებაში მნიშვნელოვანია, რომ 1009 შემთხვევიდან 14 შემთხვევაში მოხდა ჰოსპიტალიზაცია, საიდანაც 12-მა უკვე დატოვა კლინიკა, 12-დან ინტენსიური და რეანიმაციული დახმარება არცერთს დასჭირვებია. ჰოსპიტალიზებულებიდან ერთი იყო 37 კვირის ორსული, რომელიც ასევე გაეწერა ნორმალურ მდგომარეობაში. 1009 შემთხვევიდან 92 არის 18 წლამდე ბავშვი და მოზარდი. აღნიშნული 92 ბავშვიდან 16 არის 5 წლამდე ასაკის.

საერთაშორისო მონაცემებით "დელტასთან“, "ომიკრონისას“ შედარებით შემცირებულია ინკუბაციის პერიოდი და შემცირებულია ჰოსპიტალიზაცია. "ომიკრონი“ აცრილებში მიდის ბევრად იოლად, "ბუსტერი“ ნამდვილად მუშაობს, ამიტომ ბუსტერიზაცია ერთ-ერთი მთავარი დამცველი საშუალებაა. შედარებით უფრო მეტად ინფიცირდება ახალგაზრდა თაობა".