ავტორი:

"სამშობლოს გულშემატკივარი, დაუღალავი, ბობოქარი სულის დიდი პოეტი... " - პატრიარქის სამძიმრის წერილი პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო

"სამშობლოს გულშემატკივარი, დაუღალავი, ბობოქარი სულის დიდი პოეტი... " -  პატრიარქის სამძიმრის წერილი პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო

საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ილია მეორის სამძიმრის წერილს, რომელიც კათალიკოს პატრიარქმა პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო დაწერა.

"საქართველოს გულშემატკივარი, სამშობლოს მოჭირნახულე, დაუღალავი ბატონი რეზო (რევაზ) ამაშუკელი დღეს სამზეოს ტოვებს. მისი ბასრი სიტყვა და მკვეთრი პოზიცია იმ რეალობასთან შეჯახების შედეგი იყო, რომელიც გულწრფელად არ მოსწონდა.

მართალია, მისი პოზიციისადმი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს განსხვავებული აზრი ჰქონდა, მაგრამ, ალბათ, ყველა, ვისაც კი სამართლიანობის გრძნობა და ლიტერატურის სიყვარული აქვს, აღიარებს, რომ იგი იყო ბობოქარი სულის დიდი პოეტი, რომელიც გამორჩეული გარეგნობით, ძლიერი ხმითა და თავისი შესანიშნავი ლექსების დეკლარირებით წარუშლელად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი რეზოს (რევაზის) უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა. " - ნათქვამია წერილში.

პოეტი რეზო ამაშუკელი 10 იანვარს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი. 1988-1989 წლებში შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, 2003 წელს ის თბილისის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. იყო გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.