ექსპერტი გია ხუხაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ხელის მოწერის ფაქტს აფასებს. მისი თქმით, პრეზიდენტმა ამ ქმედებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი განცხადებები მხოლოდ განცხადებებია, რომელსაც რეალური შედეგი არასოდეს მოჰყვება ხოლმე.
"მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში აკეთებს ადეკვატურ, ობიექტურ შეფასებებს, საქმით ამას არ ადასტურებს, არცერთხელ დაუდასტურებია და ახლაც იგივე განმეორდა. ის აკეთებს სწორ განცხადებებს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ამას აღარ მოჰყვება რეალური ქმედებები. მისთვის სიტყვა და საქმე განსხვავბეულია. ამიტომ საზოგადოებას ექმნება ცრუ მოლოდინები. ახლა გამოჩნდა ის, რაც ისედაც ვიცოდით, მეტი არაფერი მომხდარა მისი ამ ქმედებით." - აღნიშნა გია ხუხაშვილმა "ფორმულას" ეთერში.
ექსპერტი გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე სიტყვით გამოსვლასაც.
"აბსოლოტურად არასწორად აფასებს სააკაშვილი არებულ ვითარებას, ის არ მიეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, ვისაც თვითკრიტიკა შეუძლია. ის ყოველთვის მართალია და მისი გამოსვლები მხოლოდ ამით არის განმსჭვალული. ხანდახან რაღაცაზე ბოდიშს მოიხდის ხოლმე, მაგრამ საკუთარ თავს ძირითადად აღიქვამს პოზიტიურად. სააკაშვილს უნდა რომ დილას დაიწყოს და საღამოს დაამთავროს. იგი სტრატეგიების მომხრე არ არის. მუდმივად ეჩქარება." - განაცხადა ექსპერტმა.