ავტორი:

"ახალი ცოცხი კარგად გვის“ - როგორ აფასებს თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის ახალი მინისტრის მუშაობას

"ახალი ცოცხი კარგად გვის“ - როგორ აფასებს თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის ახალი მინისტრის მუშაობას

"შეხვედრა გვქონდა, სხვათაშორის დანიშვნის პირველივე დღეს შეგვხვდა, მეორე დღეს ჩაატარა კლინიკური ჯგუფის სხდომა კოვიდზე. ძალიან ბევრ სერიოზულ საკითხზე ვისაუბრეთ, სწორი ხედვები და პრიორიტეტები აქვს დასახული" - ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "თავისუფალი სტუდია“ ჯანდაცვის ახალ მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, ზურაბ აზარაშვილთან მიმართებაში არსებობს გარკვეული მოლოდინი.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის ახალ მინისტრს კარგი მენეჯერული თვისებები ახასიათებს.

"ჩვენ წინა მინისტრის მართვის კმაყოფილიც ვიყავით, რამეთუ ის საკითხები, რომლებიც უშუალოდ კლინიკურ მართვას ეხებოდა, წინა მინისტრის დროსაც იყო კარგად მართული, მაგრამ ბუნებრივია, რომ ახალი მინისტრისგან ყველა ელის რაღაც სიახლეს. "ახალი ცოცხი კარგად გვის,“ მითუმეტეს, რომ ახალ მინისტრს აქვს მენეჯერის და ფინანსისტის ძალიან კარგი ბექგრაუნდი. თუ მას ეყოლება კარგი მრჩევლები წმინდა სამედიცინო საკითხებში და დღეს ასეთი ჰყავს, მაგალითად თამარ გაბუნიას და წამყვანი კლინიცისტების სახით, ის ამჟღავნებს იმას, რომ მან მოუსმინოს ყველა კომპეტენტურ ადამიანს. ის ძალიან სწრაფად ორიენტირდება და ძალიან სწრაფად უღებს ალღოს, რა არის პრიორიტეტული და რა არის მნიშვნელოვანი, სწორი მენეჯერული და მაკროფინანსური გადაწყვეტილებები მიიღოს. ჯერ რა ხელი უნდა დაეტყოს, არის მოლოდინები და მის მიერ გეგმების გახმოვანების პროცესი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.