ავტორი:

"ყოველდღე გვეხოცებიან ბიჭები... რუსეთი არ არის ჩვენი მეგობარი, თუმცა გვაიძულებს მეგობრობას" - სომხები ყარაბაღში ევროკავშირის სამშვიდობოების განთავსებას ითხოვენ

"ყოველდღე გვეხოცებიან ბიჭები... რუსეთი არ არის ჩვენი მეგობარი, თუმცა გვაიძულებს მეგობრობას" - სომხები ყარაბაღში ევროკავშირის სამშვიდობოების განთავსებას ითხოვენ

სომხეთში, ყარაბაღის რაიონის კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის სამშვიდობოების შეყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე თითქმის მუდმივი სამხედრო მოქმედებების გამო, ადამიანები ყოველდღე იღუპებიან, ამ ფონზე კი, რუსი სამშვიდობოების იქ ყოფნა სრულიად არაეფექტურია. სომეხმა აქტივისტებმა და უფლებადამცველებმა მოამზადეს მიმართვა, რომლის მიხედვითაც, ისინი ორი ქვეყნის საზღვარზე საერთაშორისო ძალების ჩაყენებას ითხოვენ. მათ სომხეთის ხელისუფლებას მოსთხოვეს, აღნიშნულ დოკუმენტს ყურადღება მიაქციონ.

ამასთან, სომეხი ექსპერტების განცხადებით, იმ ფაქტმა, რომ ფაშინიანმა ხელი მოაწერა ყაზახეთში კუხო-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის) სამშვიდობო ძალების, სინამდვილეში კი, რუსეთის შეიარაღებული ძალების შესვლას, რომელიც ვითომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განეიტრალებას ემსახურებოდა, საპირისპირო შედეგი გამოიწვია.

ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაზარდა, როგორც ყაზახეთში, ასევე სომხეთში ანტირუსული განწყობები და დასავლეთის თვალში სომხეთის რეპუტაცია დააზიანა.

''რისთვის ხელმძღვანელობ კუხოს?!, არავითარი ახალწვეულები საზღვარზე, შეწყდეს ხოცვა, ან მოაგვარეთ ჩვენი უსაფრთხოების საკითხი ან წადით!" - ამ შინაარსის ლოზუნგებით შეიკრიბნენ ერევნის ცენტრში, აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის კიდევ ერთხელ გამწვავების შემდეგ.

kavkaz-uzel.eu-თან საუბარში სომხეთის ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს უფლებადამცველი ზარუი ოვანესიანი, რომლის თქმითაც, კონფლიქტის ზონაში არ უნდა იდგნენ ახალწვეულები და გამოუცდელი ბიჭების პირდაპირ, საზღვარზე არსებულ სასაკლაოზე გაშვება უსამართლობაა...

"კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და გამოსავალი იპოვოს. ეს მისი სამუშაოა. როდესაც ყაზახეთში შესვლისთვის მიზეზი იყო საჭირო, მაშინვე მოიფიქრეს საჭირო მეთოდები, ახლა კი საკუთარი ხალხის დასაცავად ვთხოვთ ხელის განძრევას" - ამბობს ის. მისივე თქმით, შეიარაღებულ ძალებში რეფორმები აუცილებელია.

ჰელსინკის ასოციაციის სომხეთის ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ნინა კარაპეტიანი ამბობს, რომ საკუთარი ქვეყნის პრობლემებს გაქცეული ფაშინიანი, ყაზახეთში ვითარების დამშვიდებაზეა გადართული.

"ის სისტემა, რომელიც ვითომ ამ ქვეყნებმა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ვითარების დასამშვიდებლად შეიმუშავეს, არ მუშაობს, ვერც რუსი სამშვიდობოების იქ ყოფნა წყვეტს მთავარ პრობლემას - ჩვენი ახალწვეულები ლამის ყოველდღიურად იხოცებიან. ამიტომ, რაღაც გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს?.. ჩვენ არც "კუხოს" რეაქციებს მივიღებთ და არც რუსეთის" - აცხადებს კარაპეტიანი.

მოსახლეობის ნაწილის მოსაზრებით, იმის გამო, რომ ფაშინიანი პუტინის უსიტყვო ვასალად იქცა, სომხეთში არსებულ პრობლემებზე და საფრთხეებზე, საერთაშორისო საზოგადოებასაც არ აქვს რეაქცია.

"დიდი დემოკრატიული გარღვევის მოლოდინი არც ფაშინიანის პრემიერობის პირობებში გვქონდა, ვინაიდან გააზრებული გვაქვს ქვეყნის ბექგრაუნდი. რუსეთი ასე ადვილად არავის უშვებს ხელს, პირიქით, ცდილობს გავლენების ზონა გააფართოვოს. გვეუბნებიან, რაც მეტს გააკრიტიკებთ რუსეთს, უფრო გაუარესდება ვითარება, როგორც შინგით, ასე გარეთო... მეტი რა უნდა მოხდეს, ყოველდღე გვეხოცებიან ბიჭები, თითქოს შარშან შემოდგომაზე მომხდარი ტრაგედია არ იყოს საკმარისი. ამიტომ, ვამბობთ ხმამაღლა - წავიდნენ რუსი სამშვიდობოები, წავიდნენ და შემოვიდეს ევროკავშირის ნაწილები. თუ ჩვენი ხელისუფლება არ ბედავს, ხალხი ბედავს იმის თქმას, რომ რუსეთი არ არის ჩვენი მეგობარი, თუმცა, ჩვენ გვაიძულებს მეგობრობას" - მიაჩნია ჰასმიკ ვარდანიანს.

"დასაკარგი დრო არ გვაქვს, რაც დრო გადის, უფრო მეტად აძლიერებს წნეხს რუსეთი. ცუდისკენ მივდივართ... ამიტომ, აქციის ორგანიზატორების მიერ მომზადებული დოკუმენტი საერთაშორისო ორგანიზატორებსაც უნდა გავუგზავნოთ - რუსი სამშვიდობოების კონტიგენტი ვერ უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ისინი ყარაბაღში თავიანთ ფუნქციას ვერ ასრულებენ, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი დაგვრჩა - ევროკავშირშია ჩვენი ხსნა. "კუხო" ეს არის დე ფაქტო რუსეთი - რუსეთი კი, არ მუშაობს" - აცხადებს მარიანა კულოიანი.