"ზოგიერთი ოპონენტის თუ ორგანიზაციის მხრიდან სამწუხარო ტრადიციაა შეტევა სასამართლოზე, როგორც ინსტიტუტზე და კიდევ უფრო დაბალი დონე არის შეტევა ინდივიდუალურად მოსამართლის წინააღმდეგ, რაც არის მიუღებელი და განსაკუთრებით მიუღებელია ადამიანისგან, რომელიც იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გუშინდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლის მიმართ.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში დაძაბულობას და აგრესიულ გამოვლინებას იწვევს.
"ადამიანების წინააღმდეგ თუნდაც სიტყვიერი შეტევა გახლავთ დემოკრატიულ პროცესებში გაურკვევლობა და ჩვეულებრივი მოწოდება, რომ ხდებოდეს ადამიანის ღირსების შელახვა, შეურაცხყოფა. ასეთი მოწოდებები პოლიტიკოსების თუ საზოგადოებრივად აქტიური პირების მხრიდან ინსპირირებას უკეთებს იმას, რომ მხარდჭერებმაც ასეთი რეაქცია გამოხატონ, რაც არის სამწუხარო გამოწვევა, ამის შედეგად ხდება ტემპერატურის აწევა საზოგადოებაში და სხვადასხვა აგრესიული გამოვლინება,"- განაცხადა პაპუაშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა სააკაშვილის მოწოდებას აქციებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამის საუკეთესო პასუხოა ხალხის რეაქცია, რომელიც ნეგატიურია.
"ყველა ადამიანს ჩვენს ქვეყანაში აქვს მოწოდების გაკეთების უფლება და ქართველ ხალხს აქვს ამ მოწოდებაზე პასუხის გაცემის უფლება. ჩვენ ვხედავთ, როგორია ქართველი ხალხის პასუხი ქუჩაში გამოსვლასთან დაკავშირსბით გაკეთებულ მოწოდებებზე. ამის ყველაზე კარგი ანალიზი არის ხალხის რეაქცია, რომელიც არის ნეგატიური,"- განახადა პაპუაშვილმა.