ავტორი:

ლავროვი საქართველო "3+3“-ის ფორმატში ჩართვისკენ მოუწოდებს - "მივმართეთ თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ მათ აუხსნან ქართველ მეზობლებს..."

ლავროვი საქართველო "3+3“-ის ფორმატში ჩართვისკენ მოუწოდებს - "მივმართეთ თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ მათ აუხსნან ქართველ მეზობლებს..."

"3+3“ ფორმატში ჩართვა საქართველოს პოლიტიკური პოზიციების შეცვლას არ ავალდებულებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"შეიძლება შევთანხმდეთ, რომ ამ ფორმატში განვიხილავთ მხოლოდ ისეთ თემებს, რომლებიც ყველა მონაწილეს აინტერესებს“, - განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ მოსკოვს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა თბილისთან, ამიტომ ნაკლები შესაძლებლობა აქვს, საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის "3+3" ფორმატის უპირატესობა აუხსნას.

"ჩვენ მივმართეთ თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ მათ აუხსნან ქართველ მეზობლებს 3+3 ფორმატში ჩართვის სარგებელი მათთვის, როგორც ყველა ჩვენგანისთვის. ასეთი მონაწილეობა მათ არაფერს დაავალდებულებს პოლიტიკური პოზიციების კუთხით“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი მტკიცებით, საქართველოს ინტერესებშია, რომ 3+3 ფორმატს წინაპირობების გარეშე შეუერთდეს.

"ამჟამად, ამიერკავკასიის საკითხებზე ჩვენს ქართველ კოლეგებთან ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ვურთიერთობთ, სადაც განიხილება 2008 წლის აგვისტოში საქართველოს აგრესიის შედეგები და არაოფიციალური ორმხრივი არხის ფარგლებში, რომელიც შეიქმნა მოსკოვსა და თბილისს შორის საკმაოდ დიდი ხნის წინ, მაგრამ 3+3 ფორმატში დაწყებული პროცესები ჩემი აზრით ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ამ ფორმატში განიხილება მთელი ამ რეგიონის განვითარების პერსპექტივები", - განმარტა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, "3+3 ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა, თუმცა მასში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. ექვსეულის (რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) პლატფორმა, 3+3 ფორმატი, გულისხმობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს და მისი შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ ფორმატში, რომელშიც ჩართულია რუსეთი, მონაწილეობას არ განიხილავს.