ავტორი:

ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო დავა წააგო - "ეს ალოგიკური და არაგონივრულია"

ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო დავა წააგო - "ეს ალოგიკური და არაგონივრულია"

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფედერალურ სასამართლოში აპელაციის შემდეგ სასამართლო დავა წააგო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯოკოვიჩის სარჩელი ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილების წინააღმდეგ უარყვეს.

მთავარმა მოსამართლემ ჯეიმს ალსოპმა გამოაცხადა, რომ სასამართლომ ერთხმად არ დააკმაყოფილა ჯოკოვიჩის განაცხადი და ძალაში დატოვა იმიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილება. მისი თქმით, სასამართლოს ფუნქცია გადაწყვეტილების შინაარსობრივი მხარის გადახედვა არ არის.

  • "ჩვენ განვიხილავდით იმას, ხომ არ იყო გადაწყვეტილება ირაციონალური ან სამართლებრივად და იურიდიულად არაგონივრული“, - აღნიშნა მოსამართლემ და დასძინა, რომ ჩოგბურთელს სააპლიკაციო ხარჯების დაფარვა მოუწევდა.

ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰოუკმა, პირადი უფლებამოსილება გამოიყენა და ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა. ჯოკოვიჩის ადვოკატებმა გადაწყვეტილებას "ალოგიკური, ირაციონალური ან არაგონივრული" უწოდეს.

შეგახსენებთ, სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელიც 5 იანვარს ავსტრალიაში ღია ჩემპიონატზე დასასწრებად ჩავიდა, ავსტრალიის საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონის გამო, ვიზა გაუუქმეს. რამდენიმე დღის წინ ავსტრალიის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია და სპორტსმენის საიმიგრაციო პატიმრობიდან გათავისუფლების განკარგულება გასცა. ნოვაკ ჯოკოვიჩი ე.წ. სამთავრობო დაკავების სასტუმროდან გაათავისუფლეს, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრს უფლება ჰქონდა, პირადი უფლებამოსილება გამოეყენებინა და სპორტსმენისთვის ვიზა ხელახლა გაეუქმებინა.