ავტორი:

მე-17 საუკუნის ოდიშის სამთავრო არქანჯელო ლამბერტის ნაშრომში - რას გვიყვება ისტორიკოს კახა კვაშილავას კვლევა

მე-17 საუკუნის ოდიშის სამთავრო არქანჯელო ლამბერტის ნაშრომში - რას გვიყვება ისტორიკოს კახა კვაშილავას კვლევა

ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე კახა კვაშილავა, რომელიც აფხაზეთიდანაა, არაერთი საინტერესო კვლევის ავტორია. მის ნაშრომებსა და თარგმანებში ისეთი ცნობილი მოგზაურების, მკვლევრებისა და მისიონერების ჩანაწერებს იპოვით, როგორებიც არიან, ჟან შარდენი, არქანჯელო ლამბერტი და სხვები...

ისტორიკოსმა ამჯერად არქანჯელო ლამბერტის ნამუშევარში, "წმინდა კოლხეთი,“ ავტორის თვალით დანახული მე-17 საუკუნის ოდიშის სამთავროს სარწმუნოებრივი მდგომარეობა დაგვანახა. ნიშანდობლივია, რომ მის ნაშრომში დღევანდელ ოკუპირებულ აფხაზეთში დარჩენილი ქართული კულტურის ძეგლებიც არის შესული, რომელთაგანაც ბევრი დღეს სავალალო მდგომარეობაშია.

ცნობისთვის:

არქანჯელო ლამბერტი გახლდათ იტალიელი მისიონერი, თეატინელთა ორდენის ბერი, ქ. ნეაპოლის მკვიდრი. 1630-1649 წლებში რომის კათოლიკური სარწმუნოების პროპაგანდის კონგრეგაციის დავალებით ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, ოდიშის სამთავროში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1655, გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც მოცემულია XVII საუკუნის შუა წლების ოდიშის სამთავროსა და საერთოდ საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარების, ყოფისა და კულტურის, ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეების ვრცელი მიმოხილვა. არქანჯელო ლამბერტის ნაშრომი ამ სახის პირველი თხზულებაა საქართველოს შესახებ. იგი XVII საუკუნის საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვანი წყაროა და მკვლევართა დიდი ყურადღებით სარგებლობს. არქანჯელო ლამბერტს ეკუთვნის აგრეთვე ნაშრომი "წმინდა კოლხიდა“, რომელშიც ავტორი ეხება ოდიშის სამთავროს სარწმუნოებრივ მდგომარეობას. ზოგიერთი ცნობით, არქანჯელო ლამბერტი თავისი დროისთვის საკმაოდ დახელოვნებული ექიმი და მხატვარიც ყოფილა.

გთავაზობთ არქანჯელო ლამბერტის ნაშრომში აღწერილ ქართულ ეკლესია-მონასტრებს:

კოლხეთის მხარე

  • ამ მხარის პირველი საეპისკოპოსო ეკლესია არის დანდრის (Dandra) ტაძარი, აბასხების საზღვრებს შიგნით. იგი ღვთისმშობლის სახელობისაა. ეპისკოპოსს უწოდებენ დანდრელს (Dandreli).
  • მეორე გახლავთ წმ. მიქაელ მთავარანგელოზისა, ეპისკოპოსს კი ჰქვია ქიაჩელი (Chiaggeli).
  • მესამე ეკლესია ღვთისმშობელს ეძღვნება და იგი მოქვში მდებარეობს, ეპისკოპოსს კი მოქველი (Moquel) ჰქვია.
  • მეოთხე, ბედია (Bedias) ბორცვზეა აგებული და ღვთისმშობლის სახელობისაა. ეპისკოპოსს ბედიელი (Bediele) ჰქვია.
  • მეხუთეც ასევე ცათა დედოფლის სახელზეა, ეპისკოპოსს კი ცაიშელი (Ciaisseli) ჰქვია.
  • მეექვსე წიფურიაშია, სადაც ორი ეკლესიაა - ერთი წმ. გიორგის და მეორე ღვთისმშობლის სახელობისა, ეპისკოპოსს კი წიფურიელი (Cippuriasseli) ერქვა, თუმცა ახლა იქ არავინაა.
  • მეშვიდე ხობშია (Copis), სადაც წმინდა ქალწულის პერანგი ინახება. ამიტომაც, ეკლესია წმინდა ქალწულის სახელობისაა, ეპისკოპოსს კი ხობელი (Copeli) ჰქვია.
  • მერვე, წმ. გიორგი ეკლესია ობუჯში მდებარეობს. ეპისკოპოსს (Obuggeli) ) ჰქვია.
  • მეცხრე წმინდა მარტვილთა სახელს ატარებს, ეპისკოპოსს, კი ჭყონდიდელი (Scoindeli) ქვია.
  • მეათე უფლის ფერისცვალებისაა, აქ ინახება, ქრისტეს წინამორბედის, იოანე ნათლისმცემლის ხელი. აქვეა მთავართა სამარხები, ეპისკოპოსს წალენჯიხელი (Scalingichelli) ჰქვია.
  • მეთერთმეტე სებასტოპოლისში (Seuastopolima) იყო, მაგრამ ახლა მთელი ეს ადგილი წყლითაა დაფარული.
  • მეთორმეტე ანარკიაში (დღევანდელი ანაკლია. ლეგენდის თანახმად, ადგილობრივ ქალს, სახელად ანას, შვილი მოსტაცეს და გემით მიჰყავდათ გასაყიდად, დედა კი ზღვის ნაპირას სასოწარკვეთილი მოთქვამდა. ხალხმა რომ გაიგო ქალის კივილი ერთმანეთს კითხეს - "რა ხდებაო“, - "ანა რკიანს“-ო (მეგრ. ანა კივისო) იყო პასუხი... ლეგენდით ამ ადგილას "ანარკია“ - აკივლებული ეწოდა.-ავტ.). სადაც დღეს აღარც საეპისკოპოსო ეკლესიაა და აღარც ეპისკოპოსი.

აბასხების მხარე

  • ამ მხარის მთავარი ეკლესია წმ. ანდრიას სახელობისაა, რომელმაც ამ ადგილებში იქადაგა. იგი კოლხეთის, აბასხებისა და გურიის პატრიარქის საპატრიარქო ტაძარია.
  • მეორე ეკლესია ჯიქების (Zichi) მთავარეპისკოპოსისაა, რომლის ეკლესიაც ფერისცვალების სახელობისაა.
  • მესამე ეკლესია ღვთისმშობლისაა და ეპისკოპოსს ჰქვია ბლაელი (Blaele).
  • მეოთხე ანაკოფიაშია (Anacopia) და ეპისკოპოსს ანაკოფიელი ჰქვია. ეკლესია ეძღვნება წმინდა მოციქულებს – სიმონსა და იუდას.
  • მეხუთე საეპისკოპოსო ჯორიელში (Gioriel) იყო და ამჟამად აღარაა. ეკლესია დღემდე კარგადაა შენახული და ღვთისმშობლის სახელობისაა.

ისტორიკოს კახა კვაშილავას ცნობით, როგორც ირკვევა, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ეპარქიები, თანამედროვე სამეგრელოს ტერიტორიაზე არსებულ ეპარქიებზე "უპირველნის იყვნენ..."

ცნობისთვის, აფხაზეთის მოსახლეობა ხშირად აყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სავალალო დღეში ჩავარდნილი ეკლესია-მონასტრების აღდგენის საკითხს, მაგრამ ე.წ. ხელმღვანელობა პასუხობს, რომ რეაბილიტაციას ფული სჭირდება, რაც მათ არ აქვთ. არის კიდევ ერთი მიზეზი, რუსეთიდან ჩამოყვანილ სპეციალისტებს ადგილობრივი მოსახლეობა არ ენდობა, რადგან იყო `შავი არექოლოგიის", ან "უკეთეს შემთხვევაში" ამა თუ იმ ძეგლის გადარუსულების ფაქტები.

თავად ისტორიკოსი კახა კვაშვილავა 18 წლამდე აფხაზეთში ცხოვრობდა და სამხედრო-საარტილერიო აღდგენით ბატალიონში ირიცხებოდა, ძირითადად, ზურგის სამსახურში უწევდა ყოფნა, მძიმე არტილერიას ემსახურებოდა.

სოხუმის დაცემის შემდეგ, მამა და ბებია-ბაბუა სოფელ მერხეულში დარჩნენ იმ იმედით, რომ ომი მალე დასრულდებოდა. მარტოდ დარჩენილ მოხუცებს ჩეჩნური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი შეეჩვია. შემდეგ გაირკვა, რომ ის სისასტიკით ცნობილი არძინბას მარჯვენა ხელი, შემდეგ აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე, შამილ ბასაევი იყო.

კახა კვაშილავა

- მამაც დარჩა, არ გამოგვყვა, მოხუცი სიდედრ-სიმამრი არ დატოვა. აფხაზებმა, სომხებმა, ჩრდილოკავკასიელებმა რის გატანაც შეიძლებოდა, ყველაფერი გაზიდეს ჩვენი სახლიდან. ერთი რეიდის დროს ჩეჩნები ჩემებს მიადგნენ. მამაჩემი ხან ციტრუსის პლანტაციაში, ხანაც ბეღელში იმალებოდა. მაშინ 45 წლის იყო და ახალგაზრდა კაცი რომ ეპოვნათ, ცოცხალს არ გაუშვებდნენ. ბებია-ბაბუას კი, სხვა გზა არ ჰქონდა და ჩეჩნებს უმასპინძლდებოდნენ. ბებიაჩემი ყუბანელი კაზაკი იყო, კრასნოდარის ერთ-ერთ სტანიცაში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს ოჯახთან ერთად საქართველოში, გულრიფშის რაიონის სოფელ განახლებაში ჩამოსულან საცხოვრებლად. ბაბუაჩემზე რომ გახოვდა, კი გაქართველდა.

ბაბუა ჩეჩნებს ცოტა რომ გაუშინაურდა, პირდაპირ უთქვამს, ჩემი სიძე აქ არის, არ მიგვატოვა, იმ იმედით, რომ მალე ყველაფერი შეიცვლებოდა, იქნებ მის სამშვიდობოს გაყვანაში დაგვეხმაროთო.

ზამთარი მოდიოდა და მამა გარეთ, სიცივეში დიდხანს ვერ დაიმალებოდა. თუ არ უომია, გავიყვანთ, გადავამოწმებთო, უთქვამთ.... მამას ძმა იბრძოდა, მამა - არა. მამაჩემს ჩეჩენი რომ დაუნახავს, სახტად დარჩენილა - მასში შამილ ბასაევი ამოუცვნია, მოხუცებმა კი ვერ იცნეს. ბასაევი სამშვიდობოს გაყვანას დაჰპირდა, მაგრამ იქამდე მამას უთქვამს, იქნებ სოხუმში ჩემს სახლში მივიდეთო. წაუყვანია ბასაევს, იქ კი ახალ "მეპატრონეს" ოჯახის ფოტოებით ამოუცვნივარ და ბასაევისთვის უთქვამს, ამის შვილი ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდაო - ანუ ჩვენი ოჯახის შესახებ ყველაფერი იცოდნენ... ბასაევს მამა მანქანაში ჩაუსვამს. მამა ჰყვებოდა - მთელი გზა მეგონა, სადმე გააჩერებდა და დამხვრეტდაო, მაგრამ მერხეულში ბებია-ბაბუასთან მიუყვანია. მეორე დღეს კი მამა ენგურის ხიდამდე მიუცილებია.