ავტორი:

"ყოფილი ქმარი ორჯერ მოქანდა, ძალიან არაადეკვატური იყო.. " - რას ჰყვება ლაგოდეხში ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალის ოჯახის ახლობელი

"ყოფილი ქმარი ორჯერ მოქანდა, ძალიან არაადეკვატური იყო.. " - რას ჰყვება ლაგოდეხში ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალის ოჯახის ახლობელი

ლაგოდეხში გუშინ 37 წლის ქალი, ნონა ჭაბაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, ის უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ყოფილმა ქმარმა მოკლა, ხოლო შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა.

ოჯახის ახლობლის თქმით, ყოფილი ქმარი ქალს ხშირად ემუქრებოდა:

"მუქარებიც იყო (ყოფილი ქმრისგან) და საერთოდ ეს ბიჭი ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული და ცოტა არაადეკვატური საქციელი ჰქონდა. ეგენი კლასელები იყვნენ, უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ბოლოს ძალიან აურია და ეს ერთი წელიწადია გაცილებულები არიან. ქალი ლაგოდეხში ნაქირავებ ბინაში თავის სამ შვილთან ერთად მარტო ცხოვრობდა. ადრე შემაკავებელიც ჰქონდა ამ ბიჭს იმიტომ, რომ პატარა ბიჭი ბაღიდან გაიყვანა და მერე თბილისში წაიყვანა.

მერე ისევ რაღაცნაირად ცივილურად ურთიერთობდნენ, ბავშვებთან ურთიერთობდა, მაგრამ აქ არ მოდიოდა ხოლმე.

აი, მაგ დღეს ორჯერ მოქანდა და ძალიან არაადეკვატური იყო. დედა ამბობს, რომ გაზით არ იქნებოდა გაგუდული, იმიტომ რომ ჯერ ერთი, სარკმელი იყო ღია, მერე გაზქურის გვერდზე თუთიყუშების გალია იყო და თუთიყუშები ცოცხლები იყვნენ. და ეს რატო დაიღუპებოდა?!" - ამბობს ოჯახის ახლობელი.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით, საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1985 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებული ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად გ.ბ. დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.