ავტორი:

"ვინმე იტყვის ზოგს ორ-ორი ბინა აქვს აღებულიო. კი, არის ასეთი შემთხვევები. და ვისი ბრალია? კორუფციის ხომ არა?" - ელენე ხოშტარია

"ვინმე იტყვის ზოგს ორ-ორი ბინა აქვს აღებულიო. კი, არის ასეთი შემთხვევები. და ვისი ბრალია? კორუფციის ხომ არა?" - ელენე ხოშტარია

16 იანვარს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ყოფილი სანატორიუმის "ქართლის“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი საცხოვრებელი ბინიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს.

ამასთანავე, განცხადების თანახმად, ყოფილ სანატორიუმ "ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.

მომხდარს პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ და ხელისუფლებას დევნილებისადმი გულგრილობაში დასდეს ბრალი. მათ შორის გახლდათ "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელმაც სოციალურ ქსელში დევნილებთან პირველი შეხვედრა გაიხსენა...

ელენე ხოშტარია:

"სოხუმის დაცემასთან, ჭუბერთან დაკავშირებით ბევრი ცრემლი და შესმული სადღეგრძელო მქონდა უკვე ნანახი, როცა 2016 წლიდან დავიწყე დევნილებთან მჭიდრო ურთიერთობა.

ჩვენი ურთიერთობა დაიწყო ქვებით. შევედი დანგრეულ შენობაში ვაკეში და ფაქტიურად ქვებით გამომეკიდენ. ზუგდიდში, წყნეთში დავდიოდი და მივხვდი, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა არაფერი ვიცით ამ ხალხის ყოფაზე და არანაირ რეალურ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობთ ამ ხალხის წინაშე. და მალევე მივხვდი, რომ დიახ გასაგებია ეს ნასროლი ქვები. ტყუილი, გულგრილობა და უიმედობა არის მათი ცხოვრება.

ბევრს არ აქვს წარმოდგენა რა არის ადამიანისთვის, რომელიც ავადაა, ან ცოლი ახალი მოყვანილი ყავს ან ბავშვები ახალი გაჩენილი, ან არც არაფერი უბრალოდ ცხოვრობს და საპირფარეშო 10-15 ოჯახთან უნდა გაიყოს. როცა კედლებზე ამოდის სოკო, რომელიც შენ შვილს წამლავს და მთელ სამეზობლოს ერთნაირი დაავადება აქვს. როცა ბავშვები უმოაჯირო სართულებზე დარბიან და გული გისკდება, როდის რა მოუვათ. როცა კანალიზაციის მილი პირდაპირ დერეფანში წვეთავს. როცა 12 კვადრატულში 5-6 ადამიანი ცხოვრობს. როცა კედლიდან ქარი უბერავს. როცა სპეციალური დანადგარი უნდა მოიგონო, ძაბრზე მიმაგრებული დახრილი პარკი, რომ ოთახში შემომავალი წვიმა ცოტა შორს უნდა წაიღო.

აი, ამაში ცხოვრობ და მოდის არჩევნები და მოდიან გაპიწკინებულები დიდი ამალით, ბლოკნოტებით, თავს აქნევენ დედა, დედა, აქ როგორ შეიძლება ცხოვრება. მეტი დამაჯერებლობისთვის თანაშემწეს მკაცრად აწერინებენ რა უნდა ქნას. გეხუტებიან, გეტმასნებიან, ფოტოს იღებენ და მიდიან. მერე რთავ ტელევიზორს და ამ ხალხს უყურებ, რომ ტელევიზორში სულ სხვა რამეებზე დუჟმორეულები ჩხუბობენ. ეჯიბრებიან სიტყვამოსწრებულ ლანძღვაში, ცინიკურად ისვრიან სიტყვებს მერე შენი გადასახადისგან ნაყიდ ჯიპში სხდებიან და ქრებიან. ასე მიდის მათი ცხოვრება და ილევა.

ვინმე იტყვის ზოგს ორ-ორი ბინა აქვს აღებულიო. კი არის ასეთი შემთხვევები. და ვისი ბრალია? კორუფციის ხომ არა? თუ ბინების სამრთლიანო გადანაწილების ვალდებულება დევნილებზეა და არა სახელმწიფოზე?

მხოლოდ ამ დასახლებების და ნინოწმინდას არსებობაა საკმარისი, რომ ყველას მაგრა გვცხვენოდეს. ოღონდ ეს სირცხვილის გრძნობა თუ მოქმედებაში არ გადაიზარდა, არ ვიქნებით სოლიდარულები ამ ხალხის, დაგვეზარება აქცია, ან აქციის გარეშე მისვლა, ამ თემაზე ლაპარაკი თუნდაც, ეგ სირცხვილის გრძნობა გაცვდება და ვეღარც ვიგრძნობთ…- წერს ელენე ხოშტარია...