ავტორი:

"შევარდნაძემ თქვა, კონსტანტინე იგორ გიორგაძესთან თუ ჩავიდა ჩაის დასალევად, მე ვერ დავალევინებდიო?" - კონსტანტინე გამსახურდია ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების შესახებ

"შევარდნაძემ თქვა, კონსტანტინე იგორ გიორგაძესთან თუ ჩავიდა ჩაის დასალევად, მე ვერ დავალევინებდიო?" - კონსტანტინე გამსახურდია ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების შესახებ

დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკოსი კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია ახალ წელს სამშობლოში შეხვდა. მოგეხსენებათ, ის ამჟამად გერმანიაში საქართველოს საელჩოში დესპანის პოზიციაზე მუშაობს. ბატონ კონსტანტინეს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს: 1997-2004 წლებში შვეიცარიის ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ექსპერტი იყო; 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა კონსტანტინე გამსახურდია გაეროს ჟენევის ოფისის ეგიდით მოქმედი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად (ელჩად) დაამტკიცა, დღეს კი გერმანიიდან ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

- პარლამენტში მუშაობის დროს ბევრი იმუშავეთ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, თქვენი მამის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოსაძიებლად. ამდენი წელი გავიდა და ეს საქმე დღემდე არ არის გამოძიებული.

- ეს იყო დროებითი კომისია, რომელმაც დადო 370-გვერდიანი დასკვნა. ის არის საგზაო რუკა ამ საქმის გამოძიებისთვის და ზუსტი შეფასებები იმ გამოძიების, რაც ტარდებოდა პროკურატურაში. არის ზუსტი აქცენტები გაკეთებული იმაზეც, რა მიმართულებით უნდა იქნას გადადგმული ნაბიჯები, რომ ეს საქმე გამოიძიონ, მაგრამ სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ ჩვენი მომზადებული დასკვნა თაროზე შემოდო. ამ ხელისუფლებამ 2015 წელს ასე გადააკვალიფიცირა საქმე: განზრახ მკვლელობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. დაიწყო კიდეც გამოძიება, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით, პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფოში მიმდინარე რყევები ცუდად მოქმედებს ამ პროცესებზე.

ეს რყევა არ დასრულებულა და ერთ-ერთი ხელისშემშლელია. კენედის საქმის საგამოძიებო კომისია შეიქმნა კენედის მკვლელობიდან სულ რაღაც ერთ თვეში. ჩვენთან კი 28 წელი გავიდა და ახლა რაღაცების გარკვევა ძალიან რთულია. კომისია რომ შევქმენით, მაშინ 17 წელი იყო გასული, ამას კიდევ ამდენი წელი დაემატა. ექსპერტიზაში, რომელიც ჩატარებულია 2007 წლის გაზაფხულზე, რაც წერია, სწორი და ობიექტურია თუ არა, ესეც არ ვიცით. მით უმეტეს, რუსეთია ის ქვეყანა, რომელმაც ჩაატარა ეს ექსპერტიზა და ზვიად გამსახურდია მათთვის არ იყო სულერთი. ექსპერტიზის დასკვნაში უბრალოდ არის აღწერები, ტრაექტორია, არხის მიმართულება, დახრილობა და ა.შ. მაგრამ არ არის მითითებული, მკვლელობა იყო ეს თუ თვითმკვლელობა.

რუსეთი არ არის დაინტერესებული, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული და შესაძლოა ამიტომაც ერიდებიან მავანნი, საქმე გამოიძიონ. არ უნდათ რუსეთი გაღიზიანდეს... ის სპეცოპერაცია, რომელიც მიმდინარეობდა პრეზიდენტის წინააღმდეგ 1993 წლის შემოდგომაზე, რასაკვირველია მიმდინარეობდა რუსული სპეცსამსახურებისა და მათთან ასოცირებული ქართული სპეცსამსახურის ჩართულობით, რომელიც არ იყო დამოუკიდებელი. ჩვენ იგორ გიორგაძეს მოსკოვში, "რია ნოვოსტის" ოფისში შევხვდით და ვესაუბრეთ. სამი კამერა იწერდა ამას, ერთი მისი და ორი - ჩვენი. საქმეს მისი გამოკითხვა დავურთეთ, რომ ზვიად გამსახურდია იქნა მოკლული, თუმცა უარი განაცხადა ჩვენთვის გადმოეცა ოპერატიული მონაცემები, არადა, ამის გარეშე ძნელია დადგენა, ზუსტად რა და როგორ მოხდა. გიორგაძემ გვიპასუხა: დადგება დრო, ამ ყველაფერს ნათელი მოეფინება. თქვენი კომისიის დასკვნამ შეიძლება საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანოს, მაგრამ ეს იქნება მნიშვნელოვანი შუალედური დასკვნაო. ერთგვარი წინასწარმეტყველების მსგავსი განცხადება გააკეთა.

ბატონი ედუარდი (შევარდნაძე) სამჯერ მოვიწვიეთ, მაგრამ უარი თქვა. ვთვლი, ჩემი ერთადერთი შეცდომა, რაც დავუშვი ამ საქმეში, ის იყო, რომ როგორც კი მოსკოვიდან ჩამოვედით, პირდაპირ უნდა მივსულიყავით შევარდნაძესთან. მაშინ მან თქვა, კონსტანტინე იგორ გიორგაძესთან თუ ჩავიდა ჩაის დასალევად, მე ვერ დავალევინებდიო?....განაგრძეთ კითხვა