ავტორი:

" მეპურეც ვარ, რა პრობლემაა?" - პურის ცხობის რეცეპტი ცნობილი ტელეპროდიუსერისგან

" მეპურეც ვარ, რა პრობლემაა?" - პურის ცხობის რეცეპტი ცნობილი ტელეპროდიუსერისგან

როგორც ცნობილია, ტელეპროდიუსერი მამუკა ღლონტი მეუღლესთან ერთად ზღვისპირეთში, კერძოდ, კაპროვანში (დასახლება შეკვეთილსა და ურეკს შორის) ცხოვრობს.

ბოლო 8 წელიწადია, ცხოვრების სტილი შეიცვალა, სოფლად დასახლდა, საკუთარი ხელით მოაწყო იქაური გარემო, მამული, რითაც თავს ბედნიერად გრძნობს. ამის შესახებ სხვა დროსაც დაგვიწერია.

ღლონტებს სოფლად ცხოვრება ძალიან მოსწონთ და ამბობენ, - ეს ნაბიჯი უფრო ადრე უნდა გადაგვედგაო...

ეზო-კარში საკუთარი ხელით უამრავი რამის კეთება უწევთ. გარდა იმისა, რომ კოტეჯები, რაც მათი ეზოს ტერიტორიაზეა, სულ ბატონი მამუკას პროექტით (პირველი პროფესიით არქიტექტორია) და უშუალო მონაწილეობით არის აშენებული, ბოლო დროს ის პურის ცხობის ტექნოლოგიასაც ჩაუღრმავდა.

- კი, სამზარეულოში ბევრი რამ შემიძლია გავაკეთო... გოზინაყიც გამიკეთებია, ტორტიც გამომიცხვია და ახლა პურსაც მე თვითონ ვაცხობ. პურის გამოცხობა არ არის მარტივი საქმე...

მოკლედ, მეპურეც ვარ, - რა პრობლემაა?! ისე კი არაა, მოვინდომე, სერიოზულად ვიმუშავე, ვისწავლე და გამოვაცხვე. ასე რომ, არაერთი ექსპერიმენტი მაქვს ჩატარებული. მთავარი საფუარია, მერე ცომის მოზელისას უნდა იცოდე, რა კონდიციამდე მიიყვანო. მნიშვნელოვანია აფუების პროცესი. გამოცხობისას ტემპერატურა თამაშობს დიდ როლს.

იმასაც ცოდნა უნდა, როდის მოუმატო, ქერქი რომ ჰქონდეს, ბოლოს ცოტა მაღალი ტემპერატურაა საჭირო. პურის ცეხვილი ფქვილით გამოცხობაც დავიწყე. ცეხვილი ფქვილის პური კიდევ სხვა რამეა.

- რითი გამოირჩევა?

- ცეხვილი ფქვილის პური არის საოცარი, ეს არის ქვის წისქვილზე დაფქული ხორბლის ცეხვილი ფქვილი, რომელიც დაცეხვილი ხორბლისგან მზადდება და ინარჩუნებს მარცვალში თავდაპირველად არსებულ სასარგებლო ელემენტებს. შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რომელიც აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკას, უზრუნველყოფს ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან და ქოლესტერინის დონის დარეგულირებას. არ შეიცავს გლუკოზას და შაქარს. გემოთი პურს და მჭადს შორის დგას, არავითარი სიმძიმე ჭამის შემდეგ.

- ცხობას რა დროს სჭირდება?

- თავიდან ბოლომდე 5-6 საათი. იმასაც გააჩნია, როგორ პური გინდა - ძალიან აფუებულს მეტი დრო სჭირდება, ნაკლებად ფუმფულას - ნაკლები. ტემპერატურული რეჟიმი უნდა იყოს დაცული და ცომი სითბოში გვქონდეს. პურის ცხობა კორონას პერიოდში დავიწყე.

- პურს თქვენს ვიზიტორებსაც სთავაზობთ?

- არა, მხოლოდ ჩემს მეზობლებს მოვუკითხავ ხოლმე, მაგრამ თუ ისეთი სტუმარი მყავს, რომელსაც ვიცნობ, როცა გამოვაცხობ, მასაც მოვუკითხავ ხოლმე.

- 2022 წლისთვის რა გეგმები და მიზნები დასახეთ? თქვენს მამულში კიდევ რის გაკეთებას აპირებთ?

- 2022 წელს ერთი პატარა სახლი მინდა კიდევ ავაშენო - ასე, ორსაძინებლიანი. პატარა ნაკვეთი ვიყიდე, ჩვენს ეზოს ესაზღვრება... დანარჩენი რა სურვილები მაქვს და - ბედნიერება, სიკეთე, ჯანმრთელობა და კარგ ქვეყანაში ცხოვრება მინდა... რასაც მთელ საქართველოს ვუსურვებ!