ავტორი:

"ღამით, როდესაც პროტესტი გავმართეთ, რომ გამოსულიყავით ჩვენთან, შესაძლოა დღეს, ჩემი ბიძა ცოცხალი ყოფილიყო" - გარდაცვლილი დევნილის ნათესავი ჯანდაცვის მინისტრს

"ღამით, როდესაც პროტესტი გავმართეთ, რომ გამოსულიყავით ჩვენთან, შესაძლოა დღეს, ჩემი ბიძა ცოცხალი ყოფილიყო" -  გარდაცვლილი დევნილის ნათესავი ჯანდაცვის მინისტრს

"როდესაც მინისტრი აცხადებს, რომ ჩემი ბიძის გარდაცვალება არის უბედური შემთხვევა და ბინების მიღებასთან კავშირში არ არის, ძალიან ცდება" - ამის შესახებ გარდაცვლილი დევნილის ნათესავმა, ზურაბ თურქიამ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მის ბიძას, რომელიც სანატორიუმ “ქართლიდან” გადმოხტა და გარდაიცვალა, რამდენიმე დღეში დაკრძალავენ, ხოლო პროტესტი და მოთხოვნა ბინების მიღებასთან დაკავშირებით გაგრძელდება.

ამასთან, მისივე თქმით, დაკრძალვის ხარჯების დახმარების თაობაზე გამგეობის შემოთავაზებას ოჯახი დათანხმდა.

“გამგებელი ირაკლი ანდღულაძე დაგვეხმარა და მივიღეთ ეს დახმარება. რატომ არ უნდა მიგვეღო დახმარება, როდესაც ჩვენს გვერდით დგას ანდღულაძე, როგორც ეს შეუძლია. პირადად მას საშუალება არ აქვს, თორემ მერწმუნეთ, დღეს ბინები ყველას გვექნებოდა. ახლა კი, განცხადებით მსურს მივმართო ჯანდაცვის მინისტრს. პირადად თქვენ გეუბნებით, არ გიცნობთ და არც მაინტერესებს ვინც ხართ. ღამით, როდესაც პროტესტი გავმართეთ, რომ გამოსულიყავით ჩვენთან, შესაძლოა დღეს, ჩემი ბიძა ცოცხალი ყოფილიყო. მისი ოჯახი, მეუღლე და შვილი იტალიაშია და თვითონ იმიტომ გადმოხტა, რომ მე თუ არა, თქვენ მაინც გეშველებათო და ამით მიიქცია ყურადღება. როდესაც მინისტრი დღეს, ტელევიზორში აცხადებს, რომ ჩემი ბიძის გარდაცვალება არის უბედური შემთხვევა და ბინების მიღებასთან კავშირში არ არის, ძალიან ცდება. ერთ კვირაში დავასაფლავებ ბიძაჩემს და ყველა დადგება მისი (მინისტრის) კარის წინ, სამინისტროშიც და სახლიდან გამოვათრევთ. შენ გეუბნები პირადად, დღეს რომ ცინიკურად იცინოდი იქ, პირადად გეუბნები, გამოგათრევ და ურნაში ჩაგაგდებ”,- განაცხადა ზურაბ თურქიამ.