ავტორი:

სამინისტრო მოითხოვს შეწყდეს გამოცემის გავრცელება, რას ამბობს ლაშა ბაქრაძე? - სკანდალი ელენე ბაქრაძის წიგნის გარშემო, რომელშიც  ანა კალანდაძის 2 ლექსი შეცდომით დაიბეჭდა

სამინისტრო მოითხოვს შეწყდეს გამოცემის გავრცელება, რას ამბობს ლაშა ბაქრაძე? - სკანდალი ელენე ბაქრაძის წიგნის გარშემო, რომელშიც  ანა კალანდაძის 2 ლექსი შეცდომით დაიბეჭდა

სკანდალი გრძელდება ელენე ბაქრაძის (დარიანი) შესახებ გამოცემული წიგნის გარშემო, რომელიც ლიტერატურის მუზეუმმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროგრამის "შემოქმედებითი თბილისი“ და პროექტის "თბილისი - წიგნის დედაქალაქი“ ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა.

17 იანვარს, კულტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოქვეყნებულ წიგნთან დაკავშირებით და მუზეუმს იმ შეცდომაზე მიუთითა, რომელიც ელენე ბაქრაძე (დარიანის) წიგნში გაიპარა. წიგნი 2021 წლის ბოლოს დაიბეჭდა, მისი პრეზენტაცია ლიტერატურის მუზეუმში 23 დეკემბერს გაიმართა და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასში ელენე დარიანის სახელით ანა კალანდაძის ორი ლექსი მოხვდა, 2 იანვარს თავად ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ლაშა ბაქრაძემ გაავრცელა.

"ელენე ბაქრაძის (დარიანის) ჩანაწერების, მოგონებების, წერილების, დღიურების წიგნში უაღრესად სამწუხარო შეცდომა გაგვეპარა - ორი ლექსი, რომელიც ელენე ბაქრაძეს გადაწერილი ჰქონდა, მის ლექსებად მივიჩნიეთ და წიგნში გამოვაქვეყნეთ, არადა, ეს ლექსები ანა კალანდაძისაა. შეგვეშალა და ბოდიშს ვიხდით. ამ შეცდომის შესახებ ჩვენ გასულ წელს უკვე ვიცოდით, მაგრამ არ გვინდოდა შეცდომის აღიარება ჩაკარგულიყო ამ საახალწლო ეიფორიაში.

არანაირი ბოროტი განზრახვა, რასაკვირველია, აქ არ არის და არ შეიძლება, რომ ყოფილიყო.

მაგრამ, სამწუხაროდ, ლიტერატურის მუზეუმს ბევრი არაკეთილმოსურნე აღმოაჩნდა, დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ელენეს კი ისედაც ჰყავს - რომლებმაც გაიხარეს ამ უნებლიე შეცდომით და მათთვის ჩვეული ზიზღისა და სიძულვილის ნთხევა დაიწყეს" - დაწერა ლაშა ბაქრაძემ "ფეისბუქზე" 2 იანვარს.

კულტურის სამინისტრო 17 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ მათ არაერთმა "სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ" მიმართა ამ წიგნისა და მასში დაშვებული შეცდომის შესახებ.

"2021 წლის 31 დეკემბრიდან, სამინისტროს მომართა არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ, მათ შორის, ღია წერილითაც. ფაქტი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი. ეს სამწუხარო ფაქტი, კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია და, ბუნებრივია, რომ მის გამომჟღავნებას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქმე გვაქვს ქართული ლიტერატურის კლასიკოსთან, სიცოცხლეშივე პოეზიის დედოფლად აღიარებულ შემოქმედთან, ვისი ორი ლექსიც სხვა ავტორს მიაკუთვნეს. ისიც არ არის შემთხვევითი, რომ აუცილებელ რეაგირებას ლიტერატურის მუზეუმის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი უწყებისგან, კულტურის სამინისტროსგან მოითხოვენ. წიგნის შემდგენელია ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, რედაქტორი - დირექტორის მოადგილე თეა თვალავაძე. რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას, რასაც მისი ავად გახდომაც კი მოჰყვა. სამინისტრო პატივს მიაგებს თეა თვალავაძის მუზეუმში მრავალწლიან კეთილსინდისიერ საქმიანობას და მას მომავალშიც მხნეობას უსურვებს. რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია. სამინისტროსთვის, ასევე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის პრევენციას, რომ სისტემის შიგნით მსგავსი სამწუხარო ფაქტების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს. საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ სამინისტრომ უკვე მოითხოვა მუზეუმისაგან, რომ შეწყდეს აღნიშნული გამოცემის გავრცელება და მუზეუმმა მიმართოს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად. კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც წიგნში არსებული შეცდომის შესახებ მას დროულად შეატყობინა", - ვკითხულობთ თეა წულუკიანის უწყების განცხადებაში.

ლაშა ბაქრაძემ ამ განცხადებას მოგვიანებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა.

"ამა წლის 16 იანვარს, კვირადღეს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მოითხოვა, რომ მთელი ტირაჟი წიგნისა "ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ სამინისტროს გადაეცეს. ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემული ამ წიგნის ბეჭდვა სამინისტროს დაფინანსებულია. ამავე მოთხოვნის თანახმად, უნდა დავბრუნოთ უკვე გაყიდული და გაჩუქებული ეგზემპლარები. წიგნის მყიდველების ვინაობას ჩვენ ვერ დავადგენთ და გაყიდული წიგნების უკან დაბრუნება, რასაკვირველია, ვერ მოხერდება, და მუზეუმი ვერაფრით "მიმართავს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად“. მუზეუმში დარჩენილი წიგნები დღეს უკვე გადავეცით სამინისტროს განკარულებაში. ის რომ წიგნში, ბოლო, ლექსების ნაწილში, შეცდომებია გაპარული უკვე ვაღიარეთ და ვაპირებდით დარჩენილი ტირაჟისთვის შეცდომების გასწორების ფურცელი დაგვერთო, ისე, როგორც მიღებული წესია, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ვერც ახალი, ჩასწორებული ტირაჟის გამოცემას მოვახერხებთ ჩვენი მუზეუმის უმწირესი ბიუჯეტით, მით უმეტეს, როცა სამინისტრო ბეჭვდის ხარჯების დაბრუნებასაც ითხოვს. მაგრამ "არაერთი სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქე“ მეტს ითხოვს და, სამწუხაროდ, სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მათი (ამ ეტაპზე) ასეთი განცხადებით დაკმაყოფილება, რასაც დღეს მართლაც "საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა“. სავარაუდოდ, იგივე მრჩეველები, ვინც სამინისტროს ამ განცხადების გაკეთებას ურჩევდნენ, ახლა საზოგადოების აზრის სრული იგნორირებისკენ მოუწოდებენ, ნაცვლად იმისა, რომ სამინისტრომ ბოდიში მოიხადოს ამ ტექსტის გამოქვეყნებისთვის, რომელმაც ძალიან ბევრს, სრულიად სამართლიანად, ჩვენი საერთო და ჯერაც დაუძლეველი საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა. შეცდომები, რომლებიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2 იანვარს ვაღიარე, თურმე "კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია“. ასეთი შეცდომები, სამწუხაროდ, არც თუ იშვიათია საგამომცემლო საქმეში, და ძალიან დიდი მონდომებაა საჭირო, რომ აქ რაღაც შეთქმულება დაინახო - ამჯერად უკვე ანა კალანდაძის წინააღმდეგ. როდესაც რაღაც დანაშაულზე ჩნდება ეჭვი, მოტივიც უნდა არსებობდეს, და რა მოტივი შეიძლება გვქონდეს გამომცემელსა და რედაქტორს, რომ ისედაც პაოლო იაშვილის ლექსების მისაკუთრების მცდელობაში ეჭვმიტანილ ელენე დარიანს ახლა კიდევ ანა კალანდაძის ლექსები "მივაკუთვნოთ“? კრიტიკისა და თვითკრიტიკის ქარცეცხლში თითქოს უკვე გაგვატარეს, მაგრამ სამინისტრო ჩემთან "გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას“ და კიდევ ერთხელ გარკვევას, თუ "რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა“, რომელიც, როგორც ჩანს, სამინისტროს თვალსაზრისით "სისტემისთვის“ საფრთხის შემცველია", - წერს ლაშა ბაქრაძე.