ავტორი:

"კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფშია" - თამარ გაბუნია

"კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფშია" - თამარ გაბუნია

აქტიური შემთხვევების რაოდენობა 57 000-ს აღწევს, რაც გამოწვეულია ბოლო პერიოდში შემთხვევების მატებით. დღეს დაფიქსირდა 7000-ზე მეტი შემთხვევა, რაც გარკვეულწილად არის შაბათ-კვირის განმავლობაში ნაკლები ტესტირებით გამოწვეული სამშაბათის ეფექტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი არის შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში.

"აღსანიშნავია, რომ შემთხვევების მატების მიუხედავად არ აღინიშნება ზეწოლის მატება ჰოსპიტალურ სექტორზე, სადაც რჩება 4431 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში 281, ხოლო ინტენსიურ თერაპიას იტარებს 1083 პაციენტი. 4000-ზე მეტი საწოლი არის თავისუფალი და ჰოსპიტალურ სექტორს პაციენტების მიღების შესაძლებლობა აქვს. კვირის ბოლომდე მოქმედ 62 ონლაინ კლინიკას კიდევ 40 დაემატება და მოსახლეობისთვის იოლი იქნება ოჯახის ექიმთან დაკავშირება და მათგან რჩევის მიღება“, - განაცხადა გაბუნიამ.

მან ასევე ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ომიკრონით“ ინფიცირებულთა დიდი ნაწილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი იყო.

"ინფიცირებულთა დიდი ნაწილი იყო ვაქცინირებული და მათში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის. ეს მიუთითებს იმას, რომ "ომიკრონის“ წინააღმდეგაც ვაქცინაციის ეფექტურობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების კუთხით. "ბუსტერ“ დოზა თითქმის აორმაგებს ვაქცინაციის ეფექტს. გუშინ 9000-ზე მეტი აცრა ჩატარდა, რაც არ არის საკმარისი მაჩვენებელი იმისთვის, რომ სწრაფად მივიღოთ საჭირო დაცვის მაჩვენებელი მოსახლეობაში“, - აღნიშნა გაბუნიამ.