შვეიცარიული გაზეთი "ბერნერ ობერლენდერი“ (Berner Oberländer) აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "ვლადიმერ პუტინი საქართველოზეც ზეწოლას ახდენს: შეჩერდება თუ არა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება?“ (ავტორი - ფრენკ ნიენჰეიზენი). აღსანიშნავია, რომ იგივე სტატია დაიბეჭდა აგრეთვე გაზეთ Der Bund-შიც.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
14 წლის ლოდინი ძალიან დიდი დროა, როცა თქვენ რაიმეს მოუთმენლად ელოდებით. 2008 წლის აპრილიდან დაწყებული, ნატო არა მარტო უკრაინას დაჰპირდა, რომ ეს ქვეყანა ალიანსის წევრი გახდებოდა, არამედ კავკასიაში მდებარე საქართველოსაც. ასე განაცხადა იმ დროს ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპსხეფერმა, თუმცა მიღების ვადები მას არ დაუკონკრეტებია - დაპირება საკმაოდ სადაო იყო და ამიტომაც ნატოს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში ძალიან ბუნდოვნად იყო ჩაწერილი.
საქართველოს ნატოში მიღება ყველაზე მეტად აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს სურდა, მაგრამ არ უნდოდათ გერმანიას და საფრანგეთს, რომლებიც კავკასიური სახელმწიფოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობას ნაადრევად მიიჩნევდნენ. მას შემდეგ ნატოს არაერთხელ იმეორებს დაპირებას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, მაგრამ იმავდროულად იმდენჯერვე თავს არიდებს კონკრეტული ვადების დასახელებას და ქვეყნის დამშვიდებას ცდილობს.
ამასწინათ რუსეთმა ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის იმ პუნქტის გაუქმება მოითხოვა, რომელიც საქართველოს ნატოში მიღების გარანტიად მიიჩნევა. რასაკვირველია, საქართველო შეშფოთდა, მაგრამ თბილისს არწმუნებდნენ, რომ დასავლეთი თავისი სიტყვის ერთგულია. ამ საკითხზე ბოლო დროს დიპლომატიური აქტიურობა გაძლიერდა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნატოს შტაბ-ბინაში - ბრიუსელში იმყოფებოდა და ორშაბათს ალიანსის გენმდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. საუბრის შემდეგ მან განაცხადა, რომ "ევროპის დანაწილება გავლენის სფეროებად, ძალადობრივი მოქმედებით და აგრესიული რიტორიკით - ეს აბსოლუტურად მიუღებელია“.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის თქმით, დასავლეთის ყველაზე ნორმალური პასუხი ის იქნებოდა, რომ "ახალი დაპირებები არავის არ მისცეს და ძველი დაპირებები შეასრულოს“. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს იმის საფრთხე, რომ საქართველოს 2008 წლის და უკრაინის 2014 წლის სცენარები განმეორდეს.
საქართველოს და რუსეთს 2008 წლის აგვისტოში ერთმანეთთან ხუთდღიანი ომი ჰქონდათ. ევროკომისიის მოხსენების მიხედვით, კონფლიქტის (ომის) პროვოცირება რუსეთმა მოახდინა, თუმცა შემდეგ მასში საქართველოც ჩაერთო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. საბოლოოდ, თბილისმა დაკარგა კონტროლი თავის ტერიტორიებზე - "სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონებზე, რომელთა მფარველად და მეურვედ დღეს რუსეთი მიიჩნევა.
უკრაინისაგან განსხვავებით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ნატოში მიღების მომხრეა. თბილისისა და ჩრდილოატლანტიური ალიანსის თანამშრომლობა ჯერ კიდევ 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო და სულ უფრო მჭიდრო ხდებოდა.
მაგრამ ბოლო ხანებში დასავლეთი საქართველოს მიმართ იმედგაცრუებას გამოხატავს. ამერიკა და ევროკავშირი უკმაყოფილოა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებით "ქართული ოცნების“ მთავრობის მმართველობის დროს. ვაშინგტონმა უკვე მოუწოდა თბილისს კანონის მიხედვით მოეპყროს ციხეში მყოფ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომლის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლება "წამებას და მკაცრ მოპყრობას“ მიმართავს.
იანვრის დასაწყისში თბილისში მდებარე აშშ-ის საელჩომ გააკრიტიკა ის ახალი კანონი, რომელიც მოსამართლეებისა და სასამართლოს დამოკიდებლობის ძირის გამოთხრისკენაა მიმართული. "კანონი ძალზე სწრაფად და შესაბამისი კონსულტაციების გარეშე“ იქნა მიღებული, ასეთი ნაბიჯები დემოკრატიულ ინსტიტუტებს ასუსტებს და ზიანს აყენებს საქართველოს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირის წევრობისაკენ“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. თავის მხრივ, მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ საელჩოს განცხადება უარყო და ის უსამართლოდ ჩათვალა.
მაგრამ როგორც თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი ეკა აკობია ამბობს, ყველაზე კარგი, რის გაკეთებაც ამჟამად საქართველოს შეუძლია, ესაა ყურადღება გააძლიეროს საკუთარი ქვეყნის პროგრესსა და დემოკრატიის განვითარებაზე. ამით საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს ქვეყნის ინტერესების დაცვას გაუიოლებდა. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ