ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის კვლავ მძიმე, ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი შედეგი დადგეს" - ნიკა გვარამია

"მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის კვლავ მძიმე, ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი შედეგი დადგეს" - ნიკა გვარამია

"მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის კვლავ მძიმე, ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი შედეგი დადგეს, რომლის ზღვარის გადაბიჯების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი ვერასდროს აღდგება იმ მდგომარეობამდე, ვიდრე იგი იქნებოდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გენერალურ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, სააკაშვილის დაცვის მხარე ითხოვს პარიტეტულ საწყისებზე დაფუძნებულმა კომისიამ სააკაშვილის სრული სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატაროს.

"ჩვენ ვითხოვთ საექსპერტო კვლევას და ვითხოვთ მხოლოდ ერთადერთი ფორმატით. ამ კვლევას ვერ ჩაატარებს მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება. იმთავითვე ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს პარიტეტულ საფუძველზე შედგენილი კომისია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, არამედ კომისიური სახით ჩატარებული სრული სამედიცინო ექსპერტიზა, რაც სომატურ გამოკვლევას ნიშნავს თავიდან ბოლომდე, განსაკუთრებით ნევროლოგიურს, ასევე ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურს. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი მხრიდან ექსპერტების დანიშვნას, ეს იქნება ცენტრი "ემპათია“ და ასევე დანიშნოს სახელმწიფომაც ექსპერტები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ მივიღებთ სახელმწიფოს მიერ მართული საექსპერტო ბიუროს ექსპერტიზაში მონაწილეობას. რაც შეეხება ნევროლოგიას - მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის კვლავ მძიმე. ზოგიერთის შეფასებით არის ოდნავი გაუმჯობესებები, თუმცა ისინიც ამბობენ, რომ ეს გაუმჯობესებები არასაკმარისია და მეტი გაუმჯობესების მოლოდინი იმ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება, არ აქვთ. სხვა ექსპერტების აზრით, გაუმჯობესება არ არის, პირიქით, ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი შედეგი დადგეს, რომლის ზღვარის გადაბიჯების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი ვერასდროს აღდგება იმ მდგომარეობამდე, ვიდრე იგი იქნებოდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. აქედან გამომდინარე ჩვენ საქართველოს პროკურატურისგან, სახელმწიფო ინსპექტორის ოფისისგან მოვითხოვთ აღნიშნულ ექსპერტიზაზე გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა გვარამიამ და დასძინა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან შემაჯამებელ დასკვნას მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, დაცვის მხარე თებერვალში ელოდება.