თუ აშშ-ის ხელისუფლება ერთგულია უკრაინის შიდა კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრის ძალისხმევის მიმართ, მათ უარი უნდა თქვან უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის ახალი პარტიების მიწოდების გეგმებზე, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
მოსკოვი ასევე მოუწოდებს ვაშინგტონს, დაასრულოს "ისტერია“ დონბასის საკითხთან დაკავშირებით.
“18 იანვარს თეთრმა სახლმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ერთხმად ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დეესკალაციის ნაბიჯების არარსებობაზე. უფრო მეტიც, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჩვენს ქვეყანას ნებისმიერ დროს შეუძლია მეზობელ სახელმწიფოში შეჭრა, მათ შორის ბელარუსის ტერიტორიიდან. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ: რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს.
ჩვენს საკუთარ მიწაზე ჯარების გადაადგილების პრაქტიკა ჩვენი სუვერენული უფლებაა. მოგიწოდებთ შეწყვიტოთ ისტერია დონბასის პრობლემის გარშემო და რაც მთავარია - არ უბიძგოთ კიევში „ცხელ თავებს" ახალი პროვოკაციებისკენ,“ - ნათქვამია განცხადებაში.