მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ლაპარაკი ძალიან გახშირდა - ამ მდგომარეობის გამოხატულებაა მისი მოწოდებები დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების განვითარებისკენ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
ამასთანავე, ვოლსკის აზრით, მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ხშირი ლაპარაკი "შეიძლება იმ იდეასაც ემსახურებოდეს, რომ მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ არ შეიძლება პატიმრობაში რჩებოდეს".
"ციხე კომფორტული ადგილი არ არის, სადაც ადამიანი წყნარად გრძნობს თავს. ათასობით ადამიანმა მიხეილ სააკაშვილის შექმნილ ციხეში წამება და დამცირება გაიარა. ისინი ციხეში ფსიქოლოგიურად ზუსტად ამ მდგომარეობაში იყვნენ - ძალიან მძიმეა, როცა ხარ შეზღუდული, ხარ საკანში და გეკრძალება გარეთ გასვლა. მაგრამ ადამიანებს დანაშაული აქვთ ჩადენილი და პატიმრობაში სწორედ ამის გამო იმყოფებიან. მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია გაცილებით ნაკლები დანაშაულისთვის, ვიდრე მას აქვს ჩადენილი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამ კონტექსტში ვოლსკიმ ისიც აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აგრესიული ჯგუფი იკრიბება და ამ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანის იდეების რეალიზაციაზე საუბრობს". მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" ერთმანეთს ორი თემა დაეჯახა.
"ეს არის პარლამენტში და არა ქუჩაში, პარლამენტში და არა სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება.
"ნაციონალური მოძრაობისგან" არავითარ საპარლამენტო მუშაობას არ ველი. ისევ იქნება მცდელობა იმისა, მოახდინონ იმ შეგონების რეალიზაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ძალისმიერ მოქმედებებთან დაკავშირებით გააჩნია. თუ რამე ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება, ეს არის არეულობა, დაპირისპირება, ხოლო სააკაშვილი არის არეულობის და დაპირისპირების სიმბოლო. ეს სურათი დღითიდღე უფრო მკაფიო ხდება.
მიხეილ სააკაშვილი აგრესიული იყო პრეზიდენტობის დროს და მას გარკვეული რესურსი ჰქონდა კიდეც, სიმბოლურად რომ ვთქვათ, ხელში ჯოხი ეკავა. ახლა იგივე სააკაშვილს ვხედავთ, როგორც მსჯავრდებულს. რესურსი, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა რევოლუცია მოახდინოს და ის საკნიდან ფიზიკურად დაიხსნას, არ არსებობს. რა საკვირველია, საკნიდან დახსნაც უკავშირდება მის გამეფებას, როგორც მას წარმოუდგენია - საკუთარ თავს გარკვეულ ისტორიულ პიროვნებებს ადარებს და საკუთარი თავისთვის ზუსტად იგივე მომავალი ესახება. არ ვიცი, ეს ფსიქიკურ მდგომარეობას დავაბრალო თუ ადამიანის მისწრაფებას, რომ ქვეყანა პოლიტიკური მიზნებისთვის არიოს. არ ვიცი, მისი განცხადებები რომელი კუთხიდან გაავანაზილოთ, მაგრამ ფაქტია, რომ მას ქვეყნისთვის კარგი არ უნდა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.