ავტორი:

"სააკაშვილს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია თვის ბოლომდე ჩაუტარდება - სავარაუდოდ, მის ტრანსპორტირებას მოახდენენ კლინიკაში" - ექიმი

"სააკაშვილს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია თვის ბოლომდე ჩაუტარდება - სავარაუდოდ, მის ტრანსპორტირებას მოახდენენ კლინიკაში" - ექიმი

ვიზიტებს შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ მოგვეჩვენა - მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე გვითხრეს, რომ თვის ბოლომდე ჩატარდება ეს კვლევაც , - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრმა, ექიმმა-ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ "პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავს ისევ სუსტად გრძნობს და დარღვეული აქვს წონასწორობის ბალანსი.

როგორც წულაძემ აღნიშნა, ასევე გაუმჯობესება არ შეინიშნება მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის კუთხითაც.

“გაუარესება არ მოგვეჩვენა ნამდვილად. გაუმჯობესება არის ის, რომ ძალა ცოტა მომატებულია, მაგრამ ნევროლოგიური პარამეტრები, რაც იზომება და დასკვნაში ჩავსვით, ის იგივეა. მგრძნობელობის მოშლა როგორც იყო, ისევ ისეა დარჩენილი, წონასწორობის კარგვა და საერთო სისუსტე, რომელიც ასევე დარჩა. ამასთან, არ გაუმჯობესებულა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მაინც ვთვლით, რომ საჭიროა და ჩავსვით ჩვენს რეკომენდაციებში, თუმცა, ეს ისედაც დაგეგმილი იყო ჩვენამდე, დაგეგმილი ჰქონდა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებას. გვითხრეს, რომ თვის ბოლომდე ჩატარდება ეს კვლევაც. როგორ ჩატარდება, ვერ გეტყვით, სავარაუდოდ, პაციენტის ტრანსპორტირებას მოახდენენ რომელიმე კლინიკაში, რომელიც მათი მიმწოდებელია და გაკეთდება მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა”, - განაცხადა თენგიზ წულაძემ.

მისივე შეფასებით, რაიმე საშიში დაავადების გამოვლენა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით, დიდი ალბათობით, მოსალოდნელი არ არის.

“დაგვიანებული არ არის. 100%-ით ვერასდროს იტყვი. კომპიუტერი ტომოგრამა ძირითად საშიშ დაავადებებს გამორიცხავს. დანარჩენი მკურნალობა ისედაც მიდიოდა და არ მგონია დაავადების მართვაზე ამ კვლევამ გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს, ნაკლებად მოსალოდნელია”, - აღნიშნა ექიმმა.