ავტორი:

ჩეხი მომღერალი, რომელიც არ იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი, კოვიდით განზრახ დაინფიცირდა და გარდაიცვალა - "სურდა, მწვანე პასპორტი მიეღო"

ჩეხი მომღერალი, რომელიც არ იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი, კოვიდით განზრახ დაინფიცირდა და გარდაიცვალა - "სურდა, მწვანე პასპორტი მიეღო"

ჩეხი მომღერალი, 57 წლის ჰანა ჰორკა, რომელიც არ იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი, ვირუსით განზრახ დაინფიცირდა და გარდაიცვალა. როგორც BBC-ი წერს, ჰანამ სოციალურ ქსელში დაწერა ვირუსით ინფიცირების შესახებ და აღნიშნავდა, რომ გამომჯობინების გზას ადგა, თუმცა ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ორ დღეში გარდაიცვალა.

  • ჰანას ვაჟი, იან რეკი ამბობს, რომ ჰანა სპეციალურად დაინფიცირდა, რათა მწვანე პასპორტი მიეღო და სხვადასხვა დაწესებულებებში შეზღუდვის გარეშე შეძლებოდა შესვლა.

ჰანას შვილი და ქმარი, რომლებიც სრულად ვაქცინირებულნი იყვნენ, კორონავირუსით საშობაო პერიოდში დაინფიცირდნენ, ჰანამ კი გადაწყვიტა, სპეციალურად არ დაეცვა დისტანცია, რათა კოვიდი მასაც შეხვედროდა.

ჰანა ჰორკა იყო ერთ-ერთი უძველესი ჩეხური ფოლკლორული ჯგუფის, ასონანსის წევრი.

გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე "ტვიტერზე" გამოქვეყნებული პოსტით ჩანდა, რომ მომღერალი ოპტიმისტურად იყო განწყობილი:

"ახლა უკვე თეატრშიც წავალ, საუნაშიც და კონცერტზეც“, - წერდა მომღერალი.

"კვირა დილით ის უკვე კარგად იყო და სასეირნოდაც გავიდა, მაგრამ წელი ასტკივდა, ამიტომ შინ დაბრუნდა და თავის საძინებელში წამოწვა. დაახლოებით 10 წუთში ყველაფერი დამთავრებული იყო, ის ძილში გაიგუდა,“ - ჰყვება გარდაცვლილი მომღერლის ვაჟი.

ჰანას ოჯახის წევრების თქმით, "ის არ იყო ანტივაქსერი, მაგრამ თვლიდა, რომ ვაქცინაციას კოვიდის გადატანა სჯობდა. არ ეგონა რომ მიკროჩიპს ჩაუდგამდნენ ან რამე მსგავსი."

მის შვილს იმედი აქვს, რომ ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, სხვები მაინც შეიცვლიან აზრს და ვაქცინას დროულად გაიკეთებენ.

წყარო: BBC

მოამზადა ანა სიბოშვილმა