ავტორი:

"მუსიკოსობას ვაპირებდი, მერე სიტუაცია ისე შეიცვალა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში აღმოვჩნდი" - ცნობილი ინფექციონისტის უცნობი გატაცება და ულამაზესი კომპოზიციები

"მუსიკოსობას ვაპირებდი, მერე სიტუაცია ისე შეიცვალა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში აღმოვჩნდი" - ცნობილი ინფექციონისტის უცნობი გატაცება და ულამაზესი კომპოზიციები

ექიმები ყოველთვის დატვირთული რეჟიმით ცხოვრობდნენ, თუმცა კორონაპანდემიამ მათი ყოველდღიურობა გაცილებით მეტად დაძაბული და სტრესული გახადა. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პანდემიის დაწყებიდან დღემდე ადამიანების სამსახურშია, მისმა მკურნალობამ და რეკომენდაციებმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

კოვიდვირუსზე ხშირად ტელე თუ რადიოეთერშიც უწევს საუბარი. ექიმს უსმენენ, მისი სჯერათ და რჩევებს ითვალისწინებენ. საჯარო ის თეთრი ხალათითა და სამედიცინო თემებზე საუბრით გარდა, სხვაგვარად არც ახსოვთ, თუმცა ამ ცოტა ხნის წინ შვილებმა ექიმ დედას საგულდაგულოდ დამალული ჰობი გაუსაჯაროვეს - ინტერნეტში მისი შექმნილი მუსიკალური კომპოზიციები ატვირთეს.

რა ადგილს იკავებს ცნობილი ექიმის ცხოვრებაში მუსიკა, როდის ქმნის კომპოზიციებს, რატომ მალავდა ამ გატაცებას? - ambebi.ge - ს მაია ბუწაშვილი ესაუბრება:

- რეალურად ექიმები ყოველთვის დაკავებულები ვიყავით, დროის დეფიციტი სულ გვქონდა, თუმცა კოვიდის პირობებში ნორმირებელი სამუშაო დღე შეუძლებელი გახდა. აქ ლაპარაკი აღარ არის დაწესებულებების კონკრეტულ პაციენტებზე, ადამიანებს მუდმივად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში დახმარება სჭირდებათ. უცხო ადამიანები მწერენ, მირეკავენ და დახმარებას ითხოვენ. თითოეულის დისტანციურ კონსულტაციებს ვუტარებთ. ადრე ასე არ იყო... ახლა მოტივირებულები ვართ, მაქსიმალურად ბევრს დავეხმაროთ. პანდემიამ სოლიდარობა წინა პლანზე მეტად წამოსწია, აქ მხოლოდ ექიმებს არ ვგულისხმობ, საბედნიეროდ, ზოგადად ეს საზოგადოებაშიც შეიმჩნევა. უცხო ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან. ექიმებისთვის კი ამის მორალური ვალდებულება გვაქვს.

- როგორც ვიცით, კოვიდი თვითონაც გადაიტანეთ, ადვილად დაძლიეთ?

- საკმაოდ მძიმედ გადავიტანე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩემს თავს მივხედე...

- კოვიდის შემთხვევაში რა არის მთავარი, რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა?

- რატომღაც ასე ხდება - ჰგონიათ, რომ რადგან კოვიდი აქვთ, მათ აუცილებლად სჭირდებათ მკურნალობა. მთავარი სწორედ ისაა, რომ ამაზე არ იფიქრონ. თემა, რაზეც პაციენტებთან მუდმივი პოლემიკა თუ დისკუსია მაქვს სწორედ ესაა - მოითხოვენ მკურნალობას. რადგან მძიმე დაავადებაა, ასეთი აღქმა აქვთ, რომ მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაიტარონ. ეს სტერეოტიპი თუ დამოკიდებულება ბოლო დროს ცოტა შემსუბუქდა, მაგრამ პაციენტების ნაწილი დაჟინებით მაინც მოითხოვს წამალს. ამ დროს კოვიდის მქონეების დიდ ნაწილს არაფერი სჭირდება. არანაირი მკურნალობა. პაციენტების მეორე ნაწილი კი მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას და ამით მეტ გართულებებს იწვევს. თუ კოვიდი ექიმის მიერ მსუბუქადაა შეფასებული, ადამიანი უსიმპტომოა, მას იზოლაციის გარდა არაფერი სჭირდება. ეს რეკომენდაცია ბევრისთვის საკმაოდ რთულად აღსაქმელია.

- თუმცა ასეც ხომ ხდება, უსიმპტომო პაციენტი მოულოდნელად რომ მძიმდება?

- მართალია, მაგრამ მედიკამენტები ამის პრევენციას ვერ ახდენს. დისტანციურად ექიმები იმიტომ არიან კოვიდის ონლაინმართვაში ჩართული, დროულად და ხშირად დაურეკონ პაციენტს. ამისთვის კონკრეტული ვადებია დათქმული, ექიმი როდის უნდა შეეხმიანოს. თუ სწრაფად მოხდა ცვლილებები, სიმპტომები გაჩნდა ან მდგომარეობა გართულდა, პაციენტი ოჯახის ექიმს თვითონაც უნდა შეეხმიანოს ან დარეკოს 112-ში. ამასთანავე, ყველას უნდა ჰქონდეს პულსოქსიმეტრი, რომ სატურაცია გაიზომოს. 84-ს ქვემოთ არ უნდა ჩამოვიდეს რიცხვები, თუ რამდენიმე გაზომვით ამ ციფრს ჩამოცდა, მაშინ ადამიანს ჟანგბადი და ჰოსპიტალიზაცია სჭირდება. ეს მაჩვენებელი გადამწყვეტია. ამის მიუხედავად, ადამიანები გაუთავებლად იღებენ ანტიბიოტიკებს, ჰორმონებს, ვიმეორებ, ეს ვერ უზრუნველყოფს ამ გართულების პრევენციას. წამალი, რომელიც ამის პრევენციას მოახდენს, ჯერ არ არის. თუმცა უკვე გაჩნდა ანტივირუსული პრეპარატები, რომელიც საქართველოში არ შემოსულა. როდესაც შემოვა, მიზანმიმართულად შეიძლება მათი თავიდანვე ექიმის დანიშნულებით მიღება.

- თემა შევცვალოთ... როგორც გაირკვა, თქვენს ცხოვრებაში მუსიკას დიდი ადგილი უკავია, ფორტეპიანოზე უკრავთ და თან მუსიკალურ კომპოზიციებს ქმნით... ამის შესახებ მასობრივად მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი... როდის გაჩნდა მუსიკა თქვენს ცხოვრებაში?

- მუსიკალური ათწლედი მაქვს დამთავრებული, მუსიკოსობას ვაპირებდი, მერე სიტუაცია ისე შეიცვალა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში აღმოვჩნდი და გავხდი ექიმი. მუსიკა კი ჩემთან სულ დარჩა.

- პიანისტობა გინდოდათ?

- პიანისტობა და ასევე კომპოზიცია მაინტერესებდა.

- ექიმები პარალელურად ხშირად ავლენენ ხოლმე ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართ გარკვეულ მიდრეკილებას. როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია ეს?

- შეიძლება, მოდური სპეციალობებიც არსებობს და მედიკოსობაა ერთ-ერთი ასეთი. ჩემ გარშემო ოჯახების დაჟინებით ამ მიმართულებით ბევრი მიდიოდა. თუმცა თქვენს კითხვაზე პასუხი ძნელია... ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესიული გადაწყვეტილება, რაც მივიღე, სწორი იყო. ოღონდ, ის მოწოდება, რაც ადამიანს აქვს, არ უნდა დაკარგოს. არ არის აუცილებელი, პროფესიად აქციოს, როგორც ჰობი, ასე უნდა დარჩეს...

- ე.ი. უკმაყოფილო არ ხართ თქვენი არჩევანით. ექიმობა დამოუკიდებლად გადაწყვიტეთ, თუ მშობლების ჩარევით?

- ეს მაშინ ოჯახის გადაწყვეტილება იყო. რატომღაც დედის სურვილი აღმოჩნდა და უარი არ მითქვამს.

- სკოლაც ოქროს მედალზე დაგიმთავრებიათ... შემდეგ გახდით წარმატებული და ცნობილი ექიმი. გარდა ამისა, რა მოგიტანათ თქვენმა პროფესიამ?

- პოზიტიური შეგრძნება იმის, რომ შეგიძლია ადამიანს დახმარება რაღაცით გაუწიო. არ ვიტყვი, რომ სხვა პროფესიის წარმომადგენლებს ნაკლებად აქვთ ეს განცდა, მაგრამ მედიცინა პირდაპირ დახმარებას ნიშნავს. უშუალოდ ხედავ შენი გადაწყვეტილების შედეგს. სამწუხაროდ, არის ნეგატიურ შედეგიც, ექიმისთვის ეს ძალიან გამანადგურებელია, მაგრამ საბედნიეროდ, პოზიტიური მეტია, რაც ძალიან სასიამოვნოა.

- ამ რთულ პერიდში მუსიკას რა დროს უთმობთ?

- თითქმის ყოველდღიურად ვჯდები ინსტრუმენტთან და ვუკრავ, ყველა ადამიანს აქვს მინიმალური თავისუფალი დრო, რაც ჩემთვის მუსიკით ივსება.

- რა სიხშირით ქმნით ნამუშევრებს?

- მუდმივად. ზოგჯერ არ ვიწერ, ზოგჯერ ვრთავ ტელეფონს და ასე ვიწერ. მოკლედ, ზოგს კომპოზიციას განვითარებას ვაძლევ, ზოგს - არა და ასეთი ბევრია. თითოეულის შექმნა ყოველთვის ამა თუ იმ ემოციას უკავშირდება. მოკლედ, ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილია. ჩაწერილი და სრული სახე რომ აქვს მიცემული, ისეთი ალბათ უკვე 100-ზე მეტია. ფრაგმენტები - თავი და ბოლო რომ არ აქვს, ასეთი ალბათ 1000-მდე მაქვს.

- სანოტო სისტემაზე არ გადაგაქვთ?

- ამას ადრე ვაკეთებდი, როცა მუსიკას ვსწავლობდი. ახლა ამის დრო არ მაქვს. თან უკვე შესაბამისი ტექნიკაც არსებობს, რომელიც ჩაწერას პირდაპირ ინსტრუმენტიდან აკეთებს, მაგრამ ჯერჯერობით ასეთ "მწვერვალებს“ ვერ ვიპყრობ. კომპოზიციები მხოლოდ აუდიოჩანაწერების სახით მაქვს.

- თქვენი ნამუშევრების პირველი მსმენელები ალბათ ოჯახის წევრები არიან...

- კი, ქმარი და შვილები. ჩემი შვილები ამ გარემოცვაში გაიზარდნენ და ამიტომ შეფასებისას ობიექტურები ვერ იქნებიან. შესაბამისად, მათ მოსწონთ, რადგან დაბადებიდან ჩაესმის და მათთვის ეს ახლობელია. მოყვარულის დონეზე მათაც აქვთ მუსიკასთან ასე შეხება, თუმცა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან... ერთ-ერთი ბავშვობაში "მზიურში“ მღეროდა და რამდენიმე სიმღერა მაშინ მას დავუწერე, როცა საბავშვო სიმღერებს ვქმნიდი. სხვას ჩემი ნამუშევარი არავის უმღერია. საერთოდ, არასდროს მქონია, ამის საჯაროდ გაჟღერების სურვილი. საგულდაგულოდ ვმალავდი, ჯერ ერთი, ტექნოლოგიური შესაძლებლობები მაქვს შეზღუდული, დიდი ხანია, როგორც პიანისტს პროფესიულად აღარ დამიკრავს. ამიტომ ჩემი შესრულების მანერა თვითონ არ მომწონს, არ არის ის მანერა, რაც ნამუშევრების მუსიკოსების სამსჯავროზე გამოტანას გამაბედვინებდა.

- კომპოზიციებს თვეებად ყოფთ და შექმნილი გაქვთ - "12 თვე“. თვეების სახელებს რის მიხედვით არქმევთ.

- ზოგჯერ იმის მიხედვით, რომ ამა თუ იმ თვეშია შექმნილი და ზოგჯერ მუსიკა შინაარსით თავად ჰგავს იმ თვეს...

- მეუღლე, გიორგი კამკამიძეც, ექიმია და ისიც თქვენსავით კოვიდის მართვის პროცესში აქტიურად არის ჩართული, ტელეეთერებშიც ხშირად ჩანს, მუსიკასთან ისიც "მეგობრობს“?

- არა, უფრო ტექნიკური მიდრეკილების ადამიანია... ჩემი საჯარო აქტიურობაც კოვიდმა მოიტანა. მაინცდამაინც არ მიყვარს საჯაროობა და მანამდეც ნაკლებად მქონდა პრესასთან, მედიასთან კომუნიკაცია. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დროს გადავწყვიტე, მედიის საშუალებით რაღაც მესიჯები გამეხმაურებინა, მაშინ დავიწყეთ, მერე კოვიდის დროს ეს აუცილებელი გახდა. ყველას მოვალეობაა, ვისაც რა შეუძლია, ადამიანებს მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

- როდესაც საზოგადოებამ ბოლოს და ბოლოს გაიგო, რომ მუსიკა თქვენი ცხოვრების ნაწილია, მოისმინა თქვენი ნამუშევრებიც. რას გრძნობთ?

- მუდმივად მაქვს უხერხულობის შეგრძნება, ყოველთვის მირჩევნია, ტელევიზიით ვილაპარაკო საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, ინფექციურ დაავადებებზე, ეპიდემიოლოგიაზე...

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები მუსიკასთან დაკავშირებით?

- მუსიკა ჩემთვის პროფესიად ვერ გადაიქცევა. ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული გეგმა არ მაქვს, რომ ამ სფეროში ჩემთვის რაიმე სერიოზულად შეიცვლება. უბრალოდ, ამ ეტაპზე მოცემულობა ცოტათი იმით შეიცვალა, რომ მეტმა ადამიანმა გაიგო ამის შესახებ და სასიამოვნოა, მიხარია. ნეგატიური გამოხმაურებები არ ყოფილა. არ ვიცი, დამზოგეს, თუ ყველას მოსწონს, თუმცა სასიამოვნო შეგრძნება ნამდვილად არის. თუ ვინმეს რამე ჰობი აქვს, რჩევა ის იქნება, რომ არ დაივიწყოს, ის ძირითად პროფესიასაც ეხმარება... ზოგადად, ხელოვნების დრო და ადგილი ყოველთვის არის. მოგეხსენებათ, როდესაც ყველაზე დიდი გაჭირვება და ემოციური ჩავარდნები ყოფილა, მაშინ იქმნებოდა სერიოზული ნაწარმოებები. ომების დროსაც კი ქმნიდნენ, უკრავდნენ... ასე რომ, კარგი საქმე არასოდეს არის უადგილო.

  • მოუსმინეთ მაია ბუწაშვილის კომპოზიციას