ავტორი:

„წიგნობანა“ – „ქოლგას“ მორიგი სოციალური პროექტი, რომლის მიზანიც ბავშვების წიგნებთან დაბრუნებაა

„წიგნობანა“ – „ქოლგას“ მორიგი სოციალური პროექტი, რომლის მიზანიც ბავშვების წიგნებთან დაბრუნებაა

„წიგნობანა“ - ასე ჰქვია საგანმანათლებლო შემეცნებით პროექტს, რომელიც ბავშვებს მსოფლიო ლიტერატურის ირგვლივ გააერთიანებს. კომპანია „ქოლგას“ ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით სულ მალე მოზარდებისთვის საოცარი მოგზაურობა იწყება.

პროექტის ავტორების მიზანი მოზარდებში წიგნის პოპულარაზაციაა, რასაც ისინი სხვადასხვა საინტერესო მეთოდით აპირებენ. „წიგნობანას“ ფარგლებში, ბავშვები წაიკითხავენ და იმსჯელებენ სხვადასხვა წიგნსა თუ პერსონაჟზე, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებაში და პირადად შეხვდებიან მწერლებს, პოეტებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს.

პროექტის ფარგლებში, მოზარდებისთვის უზრუნველყოფილი იქნება როგორც მეტყველების, პოზიციონირებისა და სპიკერის უნარ-ჩვევების მართვის, ასევე კლასგარეშე ლიტერატურის შემეცნებითი და საგანმანათლებლო ლექციები, რაშიც ბავშვებს მსახიობი მაკა შალიკაშვილი და ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი დაეხმარებიან.

როგორც კომპანია „ქოლგას“ დამფუძნებელი, PR სპეციალისტი ანა ჩანგიანი აღნიშნავს, „წიგნობანას“ იდეამ ბევრი საინტერესო ადამიანი გააერთიანა, რომლებიც მოზარდებს წიგნის სიყვარულს გაუღვივებენ.

„ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი განათლებული მომავალია. წიგნიერი თაობა წარმატებისა და წინსვლის გარანტიაა. აღნიშნული საკითხი ყოველწლიურად უფრო მწვავედ ისახება ჩვენს ყოველდღიურ რეალობაში. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების თანახმად კი, მოზარდთა წიგნიერების დონე საქართველოში საშუალოზე დაბალია. ამ პროექტის გაკეთებაც სწორედ ამ სოციალური გამოწვევის საპასუხოდ გადავწყვიტეთ.

ვფიქრობთ, რომ „წიგნობანას“ თებერვლიდან დავიწყებთ. ამ პროექტის მეშვეობით, მოზარდები ლიტერატურის გაცნობასა და გააზრებას აქტიურად შეუდგებიან. მთავარი ის კი არ არის, რამდენი წიგნი გვაქვს წაკითხული, არამედ ის, თუ როგორ გავიგეთ და გავაცნობიერეთ ესა თუ ის ნაწარმოები და როგორ შევძლებთ ამ ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას,“ - აღნიშნავს ანა ჩანგიანი.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის, მირიან ხოსიტაშვილის განცხადებით, ის წიგნები, რომლებსაც პროექტის ფარგლებში მოზარდები წაიკითხავენ, ხმოვან ფორმატში ჩაიწერება და აუდიოწიგნად გამოიცემა.

„ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმისათვის, რომ მომავალ თობას წიგნის კითხვა შევაყვაროთ და რაც ყველაზე მთავარია, ხელი შევუწყოთ განათლების გაღრმავებაში. ეროვნული ბიბლიოთეკა სიამოვნებით უთმობს თავის სივრცეს პროექტ „წიგნობანას“. გარდა ამისა, იქ მოსული ახლაგაზრდების წყალობით, რომლებიც საბავშვო

ლიტერატურას წაიკითხავენ, დიდი აუდიობიბლიოთეკა შეიქმნება. ამ აუდიწიგნებს კი, ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, სამომავლოდ სხვა ბავშვები მოუსმენენ.

დარწმუნებული ვარ, ბავშვებისა და შესაბამისად, მათი მშობლების ინტერესი ამ პროექტის მიმართ საკმაოდ მაღალი იქნება. ჩვენ ხალისით, თამაშ-თამაშით ვეცდებით, შევაყვაროთ მათ წიგნები, ლიტერატურა და მივცეთ საშუალება, წარმოაჩინონ საკუთარი თავი, რათა საზოგადოებამ ისინი თავიანთი წიგნიერებით გაიცნოს,“ - აღნიშნავს მირიან ხოსიტაშვილი.

პროექტს სიამოვნებით შეუერთდა გოგა ჩანადირიც, რომელიც მიიჩნევს, რომ წიგნიერი ადამიანი ძლიერი სახელმწიფოს საწყისია და ამბობს, რომ მაქსიმალურად შეეცდება, ბავშვებს წიგნის საჭიროება დაანახოს.

„მე ვიქნები ერთ-ერთი ნაწილი ამ პროექტისა, რომელიც წიგნიერების პოპულარიზებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ყველას გაცნობიერებული გვაქვს, თუ როგორია დღეს წიგნიერების მნიშვნელობა. წიგნიერება სჭირდება ჩვენს ოჯახებსა და ჩვენ სახელმწიფოს. შესაბამისად, მე, როგორც წიგნის ერთ-ერთი მოყვარული და ამ მიმართულებით, ბევრი ღონისძიების გამტარებელი, სიამოვნებით ვუერთდები ამ პროექტს. შევეცდებით, მოზარდებამდე სწორად მივიტანოთ ეს საკითხი და ვუთხრათ მათ, რომ თუ სურთ, იყვნენ მდიდრები, ძლიერები და განვითარებულები, აუცილებლად უნდა იკითხონ წიგნები,“- ამბობს გოგა ჩანადირი.

მაკა შალიკაშვილს მიაჩნია, რომ პროექტი მოზარდების წიგნებთან დაბრუნებას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, მშობლების თაობამ ახალგაზრდებს თავად უნდა მისცეს წიგნების კითხვისა და მათი სიყვარულის მაგალითი.

„მთელი სულითა და გულით მივესალმები ასეთ წამოწყებას და იდეის ავტორს. ეს პროექტი ემსახურება იმ უდიდეს საქმეს, რომელსაც წიგნებთან დაბრუნება ჰქვია. რაღაც მხრივ, ახალი თაობა მიეჩვია ე.წ. „გუგლის განათლებას“. ხშირად ისიც კი გვიხარია, თუ ბავშვებმა „გუგლში“ მაინც წაიკითხეს რაღაც და მისი მოკლე შინაარსი მაინც იციან. ეს უკვე ამ ყველაფერთან შეგუებაა. წიგნის სიყვარული იწყება არა გადმოცემით, წარმოსახვით ან ლაპარაკით, არამედ, უშუალოდ, წიგნის ხელში ჭერითა და კითხვით. პირველ რიგში, ბავშვმა ის უნდა დაინახოს, თუ როგორ უჭირავს წიგნი ხელში ჯერ მის მასწავლებელს და შემდეგ - თავად.

ამ პროექტის ფარგლებში, ბავშვები წაკითხული წიგნებიდან პერსონაჟებს გაარჩევენ, განასახიერებენ და ჩაწერენ აუდიოწიგნებს. მინდა, დახელოვნებაში, ტექსტის გააზრებაში, მეტყველებაში და ჩაწერის პროცესში დავეხმარო ამ ჩვენს უსაყვარლეს თაობას, რომელზეც მე ნამდვილად ვგიჟდები. მათ სასაყვედურო არაფერი აქვთ. სასაყვედურო გვაქვს მათ მშობლებს, გარემოს.. ჩვენ მხოლოდ ვსაყვედურობთ, რომ წიგნი წაიკითხონ, თუმცა თავად არ ვაჩვენებთ ამის მაგალითს,“ - აღნიშნავს მაკა შალიკაშვილი.

NS