ცნობილი მსახიობი რუსუდან კიკნაძე 76 წლის ასაკში, აშშ-ში გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ინფორმაციას მსახიობის ახლობლები ადასტურებენ.
"თავზარდაცემული ვარ, დღეს დილით ლოს - ანჟელესში, თავის სახლში უცებ გარდაიცვალა ჩემი ბავშვობის მეგობარი, ულამაზესი ქართველი მსახიობი რუსიკო კიკნაძე! ჯერ ვერ მოვსულვარ გონზე, ისეთ შოკში ჩამაგდო ამ ამბავმა! ვისაც შეგიძლიათ დაუნთეთ სანთლები ეკლესიებში და მოიხსენიეთ მისი სული, გთხოვთ", - დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნანა ღონღაძემ.
რუსუდან კიკნაძე 1946 წლის, 7 მარტს დაიბადა. 1969 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. გადაღებულია ფილმებში: "გიორგობისთვე"(1966), "ფერისცვალება"(ეკა, 1968), "სინათლე ჩვენს ფანჯრებში"(ტატა, 1969), "თვალი პატიოსანი" (მედეა, 1976), "მონანიება"(1984), "ფესვები"(1987), "დანაშაული მოხდა"(1988) და სხვ...
ორი წლის განავლობაში იყო მსახიობ გოგი ხარაბაძის მეუღლე, ჰყავდათ ვაჟი ხარება (ნიკუშა) ხარაბაძე, რომელიც აშშ-ში გარდაიცვალა. მეორე ქორწინებიდან ჰყავს ერთი ვაჟი - მატვეი შატცი.
ნანა ღონღაძე:
- რუსიკოს მერვე კლასში დავუმეგობრდი, ორივეს მამები გარდაგვეცვალა და ამან დაგვაახლოვა. ძალიან ლამაზი და მხიარული იყო. მართალია სხვადასხვა სკოლებში ვსწავლობდით, მაგრამ ერთმანეთთან სტუმრად ხშირად მივდიოდით. რუსიკოს დედა - ნინა დეიდა თბილი, ლამაზი ქალბატონი იყო. ლენინგრადელი იყო, მხაზველად მუშაობდა და ქვრივად დარჩენილი 3 ბავშვს მარტო ზრდიდა... შემდეგ ჩვენი გზები საქართველოს მოდელების სახლში გადაიკვეთა, ერთად გამოვდიოდით ჩვენებებზე. საზღვარგარეთ, საერთაშორისო გამოფენებზე ბულგარეთსა და თურქეთში ოთახში ერთად ვცხოვრობდით. თურქეთში მე უკვე ფეხმძიმედ ვიყავი და რუსიკო მივლიდა, დილაობით ლოგინში მაჭმევდა.
ყველა მოგზაურობაში კე-გე-ბეს წარმომადგენელი დაგვყვებოდა და ერთხელ რუსიკომ გადაწყვიტა ამ კაცისთვის "штук“-ის გაკეთება, ფანჯრიდან გადაძვრა მის ოთახში და მის სპორტულ ფორმას მკლავები და შარვლის ტოტები ჩაუკერა! არ ვიცი ის კაცი მიხვდა თუ არა, მაგრამ რუსიკოს მოგვიანებით რუსთაველის თეატრიდან საზღვარგარეთ აღარ უშვებდნენ. ის ძალიან სამართლიანი, მამაცი და უშიშარი გოგო იყო.
- თქვენი მეგობრობა ამერიკაშიც გაგრძელდა?
- ამერიკაში მას ორჯერ ვესტუმრე. დიდი სახლი ჰქონდა აუზით. მისი მეუღლე - მატვეი შატცი ჰოლივუდში მუშაობდა ტექნიკურ სფეროში, ფილმების განახლებასთან დაკავშირებით. რუსიკო ძალიან უყვარდა, ნიკუშას (ხარებას) როგორც საკუთარ შვილს, ისე ექცეოდა, მისთვის არაფერი ენანებოდა. კარგი განათლება მიაღებინა, სასწავლებელი კინოს განხრით დაამთავრებინა და შემდეგ თავისი კომპანია გაახსნევინა, სადაც ნიკუშა ფილმების გადაღებას აპირებდა. ნიკუშას პარტნიორი მგონი შუა აზიიდან იყო, საკმაოდ მდიდარი. მას, როგორც აღმოჩნდა, პრობლემები ჰქონდა გარკვეულ დაჯგუფებასთან, მათ ჯერ ნიკუშას პარტნიორი მოიტაცეს და ოჯახს მილიონ დოლარს სთხოვდნენ. მერე 25 წლის ბუღალტერი გოგო გაიტაცეს და ბოლოს რუსიკოს ვაჟი. ნიკუშამ დედას დაურეკა და უთხრა, მიყვარხარო, ეს ბოლო ზარი იყო. პარტნიორის ოჯახმა მილიონი გადაუხადა, მაგრამ როგორც მერე გაირკვა, მათ ყველა მოკლეს, ცხედრები ერთ - ერთი ტბის ფსკერზე პარკებით გაგუდული იპოვეს. ეს საშინელი, ენით აღუწერელი ტრაგედია იყო მისთვის!
რუსიკოს მეორე მეუღლე ორი წლის წინ მძიმე ავადმყოფობით გარდაეცვალა. რუსიკოსთვის დიდი დანაკლისი იყო, მაგრამ მას მეორე ვაჟიშვილი ჰყავდა გზაზე დასაყენებელი, ამიტომ ძალა მოიკრიბა და ოჯახს მართავდა. ბავშვმა იმდენად განიცადა მამის გარდაცვალება, გარკვეული პერიოდი საკვებს არ იღებდა... მეორე ვაჟი პატარაა ასაკით, სკოლა დაამთავრა და კოლეჯში გააგრძელა სწავლა, საოცრად ძლიერი ხასიათის ბიჭია. უყვარს სპორტი და ძალიან ნიჭიერია.
- ანუ ძალიან ლამაზი და ტრაგიკული ბედის ქალბატონი იყო?
- დიახ... რუსიკოს რომ ვეუბნებოდი, - რა ლამაზი ხარ - მეთქი, არ სჯეროდა. ნარცისი ხასიათი არ ჰქონია არასდროს, გულწრფელი ადამიანები უყვარდა. თავის სურათებს არასოდეს აგროვებდა და უვლიდა. რომ ჩავედი, ალბომი გამომიტანა (ეს ხდებოდა რამდენიმე წლის წინ, ვიდრე შვილი დაეღუპებოდა) და მითხრა ნიკუშამ გამიკეთაო. ყველა სურათი ალბომში ლამაზად ჩაეკრა... ნიკუშას საოცრად უყვარდა დედა და მისი სილამაზით ძალიან ამაყობდა, დედა-შვილი ახლო მეგობრებიც იყვნენ...