ავტორი:

"ჩემი შვილები საქართველოში პირველად 2005 წელს ჩამოვიდნენ, მათ კონცერტს მთელი ოპოზიცია დაესწრო" - კონსტანტინე გამსახურდია შვილებსა და ემიგრაციის წლებზე

"ჩემი შვილები საქართველოში პირველად 2005 წელს ჩამოვიდნენ, მათ კონცერტს მთელი ოპოზიცია დაესწრო" - კონსტანტინე გამსახურდია შვილებსა და ემიგრაციის წლებზე

"ჩემი შვილები საქართველოში პირველად 2005 წელს ჩამოვიდნენ, მათ კონცერტს მთელი ოპოზიცია დაესწრო" - კონსტანტინე გამსახურდია შვილებსა და ემიგრაციის წლებზე

"ჩემი შვილების კონცერტს 2005 წელს მთელი ოპოზიცია დაესწრო... ამჟამად ზვიადი ბერლინშია, დემეტრე - შვეიცარიაში" - კოკო გამსახურდია შვილებსა და ემიგრაციის წლებზე

დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკოსი კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია ახალ წელს სამშობლოში შეხვდა. მოგეხსენებათ, ის ამჟამად გერმანიაში საქართველოს საელჩოში დესპანის პოზიციაზე მუშაობს. ბატონ კონსტანტინეს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს: 1997-2004 წლებში შვეიცარიის ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ექსპერტი იყო; 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა კონსტანტინე გამსახურდია გაეროს ჟენევის ოფისის ეგიდით მოქმედი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად (ელჩად) დაამტკიცა, დღეს კი გერმანიიდან ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

- ბატონო კონსტანტინე, გერმანიიდან როგორ ჩანს ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება?

- არ არის მარტივი საქართველოში არსებული ვითარება. სიტუაციის დალაგებას ყველა ადამიანის მხრიდან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, კომპლექსური აზროვნება, ბევრი ფაქტორის გათვალისწინება სჭირდება და მათ შორის იმ სისუსტეების გათვალისწინებაც, რომელიც შესაძლოა ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს საზოგადოებას, ყველა ჩვენგანს ჰქონდეს. რა თქმა უნდა, არც ისე მარტივია დავძლიოთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც უკანასკნელი 30 წლის განვლილი გზის შედეგად გადმოგვეცა.

- თქვენს ოჯახს ძალიან დიდხანს მოუწია ემიგრაციაში ყოფნამ.

- ძალიან მძიმე და რთული გზა გამოვიარეთ. არც ახლა არის მარტივი სიტუაცია ჩვენი ოჯახის წევრებისთვის, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ცოტნეს ეს ამბავი დაემართა. ჩვენ ვცდილობთ ამ მდგომარეობიდან ღირსეულად გამოვიდეთ და ცოტნეს რეაბილიტაციის, გამოჯანმრთელების პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. არის რიგი პოზიტიური შედეგები, რაც გვაახლოებს ჩვენს ორ უმთავრეს მიზანთან, დაიწყოს საუბარი, ანუ დიფერენცირებული მეტყველება. გარკვეულ ხმებს გამოსცემს, უკვე მარცვლების გამოთქმასაც მივაღწიეთ. მეტყველების მერე მეორე მიზანი - სრულფასოვნად ფეხზე დადგომა და გავლაა. ძალიან მარტივად ვიტყვი, ცოტნე ახერხებს კიდურებით ამოძრაოს სპეციალური სავარჯიშო მოწყობილობა, მაგრამ ჯერჯერობით, ვერ ახერხებს ფეხზე დადგომას. ეპილეპტიურმა სტატუსმა შეგვაფერხა ძალიან, რომელიც მოულოდნელად დაიწყო. როგორც გაირკვა, მას ეს ჰქონდა თურქეთში გადაყვანისთანავე. ჯამში, 24 დღეში ექიმებმა თურქეთში ისე ჩაახშvეს, რომ პრაქტიკულად ერთი წელი არ განმეორებულა. შემდეგ უკვე გერმანიაში, ვფიქრობ შმიდერის კლინიკაში სათანადოდ არ გაითვალისწინეს ეს საკითხი. გარკვეული წამლები ენიშნება ასეთ დროს, რომელიც პროცესს აკავებს, სტატუსი რომ არ დადგეს. ვფიქრობ, იქ მედიკამენტების ნაკლები დოზა მისცეს.

- როგორც ცნობილია, მას მეტყველება აღუდგა და წინ მიიწევდით...

- დიახ, როცა დაიწყო მეტყველება, წინადადებები თქვა, მაგრამ ყოველთვის ვერ ამბობდა. რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა მთელი წინადადება თქვა. შემდეგ უკვე ამას მოჰყვა სიტუაციის დამძიმება, მედიკამენტებმა ეს სტატუსი შეაჩერა, მაგრამ შეაჩერა რეაბილიტაციის პროცესიც. მისი აღქმითი შესაძლებლობები ცოტა უკან წავიდა. ასეთ დროს საკმაოდ ძლიერ პრეპარატებს აძლევენ, ინიშნება კეტოგენური დიეტაც და ახლა თავიდან გვიწევს იმის გავლაც, რაც გავლილი იყო. ეპილეფსიურმა სტატუსმა თავისი კვალი დაამჩნია.

- დავუბრუნდეთ ოჯახთან ერთად ემიგრაციაში, შვეიცარიაში ცხოვრების პერიოდს. როგორ გაიხსენებთ ამ დროს?

- ეს არ იყო ადვილი. ჩვენ ვშრომობდით და ამის წყალობით, ვფიქრობ, სოლიდური განათლება მივეცით შვილებს. დღეს ჩემი ერთი ვაჟი, ზვიადი ბერლინშია, დაასრულა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო რაც შეეხება უფროსს, დემეტრეს, ის შვეიცარიაში მუშაობს ხელოვნების, მუსიკის პერფორმანსების სფეროში. თვითონ არის ავტორი, შემოქმედი, მონაწილე. მის დაწერილ ნაწარმოებებს უკრავენ სხვები, ხან თვითონაც ასრულებს. ამავე დროს სტუდენტებს ასწავლის ფორტეპიანოს. შვეიცარიაში ცხოვრობს დემეტრე, არის 32 წლის. ამ ქვეყანაში 12 წელი ისე ვიცხოვრეთ, რომ საქართველოში პრაქტიკულად, ფეხი არ ჩამოგვიდგამს. ამის მერე კიდევ 5 წელი ვიყავით შვეიცარიაში, მაგრამ საქართველოშიც ჩამოვდიოდი. პირველად 2004 წელს ჩამოვედი. არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და სხვათა შორის, წარმატებული იყო ჩვენი პარტია "პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლება", მაგრამ საარჩევნო ზღურბლზე არ გადაგვიშვეს. ასეთი იყო პოლიტიკური ნება, ეს დაადასტურეს კიდეც ზურაბ ჟვანიამ და თინათინ ხიდაშელმა. პოლიტიკური ნება იყო არ შევეშვით პარლამენტში და დაგვაკლეს 2 პროცენტი.

- შვილებისთვის გიწევდათ იმის ახსნა, თუ რატომ ვერ ჩამოდიოდით სამშობლოში?

- ჩვენ შვილებს ვზრდიდით ეროვნული სულისკვეთებით. ისინი იზრდებოდნენ როგორც კარგი ქართველები, ანუ საქართველოს პატრიოტები და ამავე დროს მსოფლიოს მოქალაქეები. ანუ ვაჟა-ფშაველასეული პრინციპით, კოსმოპოლიტიზმი - ეს პატრიოტიზმია და პატრიოტიზმი ეს ამავე დროს კოსპოლიტიზმიცაა. ვაჟა-ფშაველას ეს ცნობილი თეზისია და ამაზე გაიზარდნენ. ვასწავლიდით ქართულს, ქართულ ლიტერატურას ვუკითხავდით. წერდნენ ქართულად, გრამატიკაში ვავარჯიშებდით. მახსოვს, "ვეფხისტყაოსნის" დაზეპირებაც დაიწყეს. უფროსმა, დემეტრემ 300 სტროფი იცოდა, ეს თითქმის მეოთხედია "ვეფხისტყაოსნის". უმცროსმა 100 სტროფის სწავლა შეძლო, ეს იყო 90-იანი წლების მიწურულს, მაშინ პატარები იყვნენ. ბავშვს ძალიან მოქნილი მეხსიერება აქვს და ყველაფერს იწოვს. ორივეს წაკითხული ჰქონდა კონსტანტინე გამსახურდია, გალაკტიონ ტაბიძე, ვაჟა-ფშაველა, აკაკი წერეთელი და ბევრი სხვა. ვუყურებდით საუკეთესო ქართულ ფილმებს. მაგალითად, ძალიან უყვარდათ: "ბაში-აჩუკი", "დიდოსტატის მარჯვენა", "შერეკილებზე" ძალიან ხალისობდნენ.

- ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაზეც გიწევდათ ალბათ მათთან საუბარი. რა კითხვები ჰქონდათ ბიჭებს თქვენთან?

- რასაკვირველია, ვესაუბრებოდით. ცხადია, კითხვები ჰქონდათ და აი, თუნდაც ის, რატომ არ გამოიხატა 87 პროცენტის ნება 6 თვის შემდეგ უფრო კონცენტრირებულად, უფრო ძლიერად და როგორ შეძლო ერთი მუჭა ვიგინდარების გუნდმა ხელისუფლების დამხობა? მაშინ ჩვენ მათ ვპასუხობდით, რომ ეს რუსეთის ტექნიკური სამხედრო სპეცსამსახურების დახმარებით მოხდა. აქ უკვე რთული ასახსნელი იყო ეს, ზოგადად სპეციფიკა უნდა გესმოდეს იმის, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის იყო შექმნილი 80-იან წლების მიწურულს და ზოგადად რუსეთი, როგორც ფენომენი, როგორ მოქმედებს, როგორ ოპერირებს ყოფილი საბჭოეთის სივრცეში, ეს ცალკე თავია ისტორიის და ამას ცალკე ცოდნა სჭირდება. ჩვენ მაშინ გაგვიჭირდებოდა ბავშვებისთვის ამის ახსნა, მაგრამ ვცდილობდით. მახსოვს, უფროსმა ვაჟმა დაწერა მოთხრობა "თეთრი მგელი და ყაჩაღები", მაშინ დემეტრე 13 წლის იყო და ფაქტობრივად ჩეჩნეთის ამბავი აღწერა. საშინლად სევდიანი მოთხრობა იყო. ეს მან დაწერა 2000-იანი წლების ბოლოს და იმ დროს დაიწყო რუსეთის არმიამ იჩქერიის ლიკვიდაცია. სევდიანი დასასრული აქვს მოთხრობას, თეთრი მგელი მოკლეს რუსმა ყაჩაღებმა, პირდაპირ ასე უწოდებს მათ...წაიკითხეთ სრულად