ავტორი:

"ამ შანტაჟის სანაცვლოდ, რაც რუსეთმა მოუწყო ცივილიზებულ სამყაროს, რის გაკეთებას აპირებს დასავლეთი..." - რით დასრულდება პუტინის ოცნება სსრკ-ს აღდგენაზე?

"ამ შანტაჟის სანაცვლოდ, რაც რუსეთმა მოუწყო ცივილიზებულ სამყაროს, რის გაკეთებას აპირებს დასავლეთი..." - რით დასრულდება პუტინის ოცნება სსრკ-ს აღდგენაზე?

ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მსოფლიო ოფიციალური მოსკოვის შემდგომ ნაბიჯს ელოდება. დასავლეთის და ნატოს პოზიცია ცნობილია - არავის აქვს უფლება ჩაერიოს სუვერენული ქვეყნების გადაწყვეტილებაში თავად აირჩიონ საკუთარი გზა და რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ეს რუსეთს. შეგახსენებთ, 2021 წლის 17 დეკემბერს, იმავე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ აშშ-მა და ნატომ არ დაუშვან აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაძლიერება და ალიანსში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღება. ასევე, უარი თქვან ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ექსპერტები ლაპარაკობენ იმაზე, რომ დიპლომატიურ ფრონტზე წარუმატებლობა არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი უარს იტყვის ძალის გამოყენებაზე და აგრესიაზე უკრაინასთან ან თუნდაც საქართველოსთან. რუსეთმა შესაძლოა ახალი სამხედრო ავანტიურა წამოიწყოს და ამის ალბათობა იზრდება. თუ კი რუსეთი უკრაინასთან წარმატებას მიაღწევს, არც იმას გამორიცხავენ, რომ შემდეგი სამიზნე საქართველო იყოს. მათივე თქმით, რუსეთი ცდილობს ძველი გავლენის სფეროების დაბრუნებას და სსრკ-ს მსგავსი კავშირის შექმნას, რომელიც უკრაინისა და კავკასიის გარეშე წარმოუდგენელია.

საბოლოოდ იკვეთება, რომ რუსეთი ცდილობს ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას, ის ძალით, აგრესიული რიტორიკით და მუქარით ცდილობს მოახდინოს ევროპის გადანაწილება და საკუთარი გავლენის სფეროების ლეგიტიმაცია. მას, ასე ვთქვათ, ძველი დიდების დაბრუნება სურს, რომელიც სსრკ-ს დანგრევის შემდეგ თანდათან დაკარგა.

თავაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის თქმით, რუსეთს წმინდა წყლის რუსული "ველიკაძერჟავული“ ამბიციებიდან გამომდინარე, გაუჩნდა ილუზია პრეტენზია ჰქონდეს არა მარტო ყოფილ სსრკ-ს რესპუბლიკებზე, არამედ მათ შორის ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე. ის ambebi.ge-სთან საუბარში იმ სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზებზე საუბრობს, რამაც რუსეთს მსგავსი ილუზია გაუჩინა.

"როგორც ჩანს, რუსეთს, მთელი რიგი მიზეზების გამო გაუჩნდა ილუზია იმისა, რომ შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს არა მარტო ყოფილ სსრკ-ს რესპუბლიკებზე, არამედ მათ შორის ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე. ბოლო გზავნილებში, რომლებიც ყველამ ერთად ვნახეთ, ის პრეტენზიას აცხადებს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ცამეტივე ქვეყანაზე, რომლებიც, თავის დროზე, ვარშავის ბლოკში შედიოდნენ და დღეს ნატოს და ევროკავშირის წევრები არიან. ასევე, რა თქმა უნდა, სრულად ცენტრალურ აზიაზე, კავკასიაზე და ერთგვარად მოითხოვს მსოფლიოს ხელახალ გადანაწილებას. ეს ილუზია, როგორც ჩანს, რუსეთს ბევრი მიზეზის გამო გაუჩნდა. სუბიექტურ მიზეზებზე არ ვისაუბრებ, ეს წმინდა წყლის რუსული "ველიკაძერჟავული“ ამბიციებიდან გამომდინარეა. ასევე, არსებობს ობიექტური მიზეზებიც, რაც, ერთის მხრივ, არეული ტრანსატლანტიკური ურთიერთობებით არის გამოწვეული, მეორეს მხრივ, დასავლეთისგან მუდმივად ერთგვარად "დაკიდების“ რეჟიმში ცხოვრებით, რომელიც სულ რაღაცას ჰპირდება რუსეთს, მაგრამ სინამდვილეში, მას დღემდე პასუხი არაფერზე უგია - არც 2008-ზე, არც 2014-ზე, არც სირიაზე, არც ბელორუსზე, არც - ყაზახეთზე... ასე რომ, არსებობს ობიექტური გარემოებებიც, რის გამოც რუსეთს ეს ილუზია გაუჩნდა. თუმცა ევროპაში სასაცილოდაც არ ჰყოფნით ეს თემა. პოსტსაბჭოურ სამყაროს რაც შეეხება, ძალიან ცოტა მეგულება ისეთი ქვეყანა, რომელიც მზად არის და გულწრფელად თანახმაა მონობისთვის. რუსეთს მარტო უკრაინასა და საქართველოში არა, პრობლემა აქვს მოლდოვაში, იმავე ყაზახეთში და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამ თვალსაზრისით ისე მარტივად არაა საქმე, როგორც ეს კრემლში წარმოუდგენიათ.

რუსეთი უკრაინაში ვერ გაიმარჯვებს, ეს ერთმნიშვნელოვანია. ვერ გაიმარჯვებს არა მარტო დასავლეთის პოზიციის გამო, არამედ იმიტომ, რომ უკრაინა ყველა საშუალებით, ყველა ფორმით იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის, ამასთანავე, უკრაინა დიდი ქვეყანაა და არაა მარტივი საკითხი, რომ, ახლა ამერიკელებმა თუ მიატოვეს (რაც არასდროს მოხდება), ის დაეცემა. ამიტომ ეს სცენარი დღის წესრიგში არ დგას. საკითხი არის ის, რა იქნება მსხვერპლი და რის ფასად შეინარჩუნებს თავისუფლებას უკრაინა ან საქართველო, თორემ, ის, რომ დაცემა და დანებება არ მოხდება, ეს სრულიად ერთმნიშვნელოვანია. ამიტომ აქ შეგვიძლია ეს ეტაპი გამოვტოვოთ და პირდაპირ ფიქრი, მსჯელობა, განსჯა და იმის ანალიზი ვაკეთოთ, მედეგობის კიდევ რა დამატებითი მექანიზმები უნდა ჩაერთოს, კიდევ რა ტიპის მობილიზაციაა დამატებით საჭირო იმისთვის, რომ მსხვერპლი და ფასი, რაც უნდა გადავიხადოთ, იყოს რაც შეიძლება დაბალი“, - აცხადებს თინა ხიდშელი.

მისი თქმით, განაცხადი იმაზე, რომ ღია კარის პოლიტიკა არ შეჩერდება და რუსეთს არავინ არაფერს ეკითხება, იმ შემთხვევაში იქნება დამაჯერებელი, თუ ეს ღია კარის პოლიტიკა რეალიზდება და ნატოში ინტეგრაცია რაც შეიძლება სწრაფად მოხდება.

"აქ მთავარი საკითხი ის არის, ამ შანტაჟის სანაცვლოდ, რომელიც რუსეთმა მოუწყო ცივილიზებულ სამყაროს, რის გაკეთებას აპირებს დასავლეთი. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილებებიც. დასავლეთმა, ნატომ, ევროკავშირმა უნდა დაიწყონ გადაწყვეტილებების მიღება. პროცესი რაც შეიძლება უნდა დროში შემცირდეს და უნდა გადავიდეს გადაწყვეტილებების მიღების ეტაპზე. განაცხადი იმაზე, რომ ღია კარის პოლიტიკა არ გაჩერდება და რუსეთს არავინ არაფერს ეკითხება, იმ შემთხვევაში იქნება დამაჯერებელი, თუ ეს ღია კარის პოლიტიკა რეალიზდება და ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. რა თქმა უნდა, ნატოში ინტეგრაციას ვგულისხმობ... ევროკავშირისკენ გაცილებით უფრო გრძელი გზა მაქვს დანახული, ვიდრე ნატოსკენ იმიტომ, რომ გულწრფელად რომ ვთქვათ, ნამდვილად ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ დღეს ევროკავშირის წევრები გავხდეთ, მაგრამ გაცილებით უფრო მეტად გვაქვს დამსახურებული ნატოს წევრობა და ამ დამსახურებისთვის აუცილებლად უნდა მივიღოთ ჯილდო გაწევრების სახით. ახლა სწორედ იწყება ის ეტაპი, როდესაც რუსეთთან საუბრის შედეგად უკვე გადაწყვეტილებებში რეალიზებული პასუხები უნდა ვნახოთ. ეს პასუხები ამ ეტაპზე მხოლოდ უკრაინასა და საქართველოში შეიძლება იყოს ეფექტიანი იმიტომ, რომ რუსეთის მხრიდან მთელი ვაჭრობა სწორედ ამ მიმართულებით არის გაჩაღებული“.

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში გიორგი გობრონიძე მიიჩნევს, რომ სსრკ-ს თუ გლობალური ამბიცია ჰქონდა, დღეს რუსეთს აქვს რეგიონული ამბიცია.რუსეთი ცდილობს დაამკვიდროს მულტიპოლარული სამყაროს პარადიგმა, ახალი მსოფლიო წესრიგის აღქმა, რომ აშშ-ც ერთ-ერთი რეგიონული და არა გლობალური ცენტრი იყოს.

"ამ შემთხვევაში რუსული ამოცანა არ არის ახალი სსრკ-2-ის შექმნა. ის უბრალოდ ცდილობს იმას, რომ მოსკოვმა მთლიანობაში აღიდგინოს ის გავლენები იმ გეოგრაფიულ ზონებში, რომლებიც სსრკ-ს პერიოდში პირდაპირ მის დაქვემდებარებაში, მისი იურისდიქციის ქვეშ იყო. ეს არის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორია, თუმცა ასევე არსად წასულა მოსკოვის სურვილი, რომ გარკვეულწილად აღიდგინოს გავლენები უფრო ვრცელ არეალშიც. მას, პრაქტიკულად, გავლენები ჰქონდა ნახევარ მსოფლიოში. სსრკ-ს დაშლით ეს სახელმწიფო გავიდა მთელი რიგი რეგიონებიდან, როგორიცაა ლათინური ამერიკა, აფრიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის სახელმწიფოები...

სსრკ-ს დროს მსოფლიო ბიპოლარული იყო - ერთი ცენტრი იყო ვაშინგტონში, მეორე კი სსრკ-ში, რომელიც ცდილობდა მოეხდინა გლობალური ჰეგემონიის მიღწევა. სსრკ-ს ჰქონდა გლობალური ამბიცია, დღეს კი რუსეთს აქვს რეგიონული ამბიცია. რუსეთის სურვილია, ახლო საზღვარგარეთში შეძლოს გავლენების აღდგენა, მაგრამ მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ერთი რაღაც სახელმწიფო ფორმატში, როგორიც იყო სსრკ, ეს ვერ მოხდება, ის ამ რეგიონში მცხოვრებ საზოგადოებას ვერ შესთავაზებს იმას, რასაც სთავაზობდა სსრკ. ბევრს შეიძლება ვერაფერს სთავაზობდა, მაგრამ მთლიანობაში ეს მაინც იყო ერთიანი იმპერია, დღეს ეს აღარ განმეორდება. სსრკ-ს დაშლა რუსეთში ხელმძღვანელ პირებში აღიქმებოდა და აღიქმება როგორც ძალიან დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა რუსეთისთვის და რუსი ხალხისთვის. ამით მათ, პრაქტიკულად, დაკარგეს იმპერია და ამაში არ ვგულისხმობ დიდების აჩრდილების დევნას. რუსეთს ჰქონდა კონკრეტულ ტერიტორიებზე სერიოზული ბენეფიტები, სარგებელი, რაც დაკარგა. გარდა ამისა, სსრკ-ს დაშლით შეიზღუდა მოსკოვის სამხედრო პოტენციალიც - საოკეანო, წყალქვეშა ფლოტი და ა.შ.

დღეს რუსეთის ფედერაცია არ არის არც სამხედრო, არც ეკონომიკური და არც სხვა მიმართულებით იმავე აშშ-ს საპირწონე სახელმწიფო იმიტომ, რომ თუნდაც ერთი შტატი რომ ავიღოთ, ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს რუსეთზე მეტი ეკონომიკა, აღარაფერს ვამბობ ასიმეტრიას სამხედრო ბიუჯეტზე. შესაბამისად, რუსეთი ცდილობს, რომ პირველ რიგში, შეცვალოს ეს სურათი და რაც ძალიან საინტერესოა, ცდილობს დაამკვიდროს მულტიპოლარული სამყაროს პარადიგმა. ძალიან ბევრი ლაპარაკობდა იმაზე, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ, აღარ დარჩა ზესახელმწიფოები აშშ-ს გარდა და ის დარჩა ძალის უალტერნატივო პოლუსად. რუსეთმა მას საპირწონედ შესთავაზა, რომ სამყარო აღარ არის ერთპოლუსიანი, არამედ მრავალპოლუსიანი გახდა და თითოეულ რეგიონს ჰყავს თავისი რეგიონული ე.წ. ცენტრი და ლიდერი. მაგალითად, აზიაში ეს არის ჩინეთი, ევრაზიის კონტინენტზე რუსეთს უნდა რომ იყოს ასეთი, ამერიკის კონტინენტზე - აშშ, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გავლენა მოკავშირე სახელმწიფოებზე და ა.შ. რუსეთი ცდილობს ასეთად წარმოაჩინოს თანამედროვე მსოფლიო და დაამკვიდროს ახალი მსოფლიო წესრიგის აღქმა, რომ აშშ-ც ერთ-ერთი რეგიონული ცენტრი იყოს და არა გლობალური ცენტრი.

სსრკ-ს ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბება რუსეთს ხელახლა რომ სურდეს, იგი ორიენტირებული იქნებოდა იმაზე, რომ კვლავ შემდგარიყო როგორც ძალის მეორე ცენტრი. მოსკოვში კარგად ესმით, ეს რთული წარმოსადგენია იმიტომ, რომ ელემენტარულად რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით 70 მილიარდ დოლარს ხარჯავს რუსეთი შეიარაღებულ ძალებზე მაშინ, როცა თითქმის 700 მილიარდამდეა აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი და რომელ ორ ცენტრზე ვლაპარაკობთ?

განათლების ხარისხითაც და ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც მოსკოვი გაცილებით ჩამორჩება იმავე დასავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის გიგანტებს. დღეს რუსეთი აღარ არის ზესახელმწიფო ყველა თვალსაზრისით. სსრკ იყო ტექნოლოგიური გიგანტი, იყო ბირთვული სახელმწიფო, მაგრამ დღეს რუსეთს საკუთარი წარმოების ხარისხიანი მობილური ტელეფონიც კი არ აქვს. მას გაუჭირდება იმავე ტრანსპორტის სფეროში არა მარტო ამერიკას, დასავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას გაუწიოს კონკურენცია. "ლადას“ და "ტოიოტას“, ან "მიცუბიშის“ ხარისხის შედარება არ გამოვა, ხომ? რუსეთის ძლევამოსილების მთავარი ატრიბუტი სამხედრო თვალსაზრისით, სტრატეგიული დანიშნულების მასობრივი განადგურების იარაღია და ისიც საბჭოთა მემკვიდრეობაა, რომელიც კიდევ უფრო შემცირდა, ვიდრე ჰქონდა სსრკ-ს“, - აცხადებს გიორგი გობრონიძე.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა აღადგინა სსრკ-ს მსგავსი კავშირი, ეს იქნება ავტორიტარული კლუბი, რომელშიც რუსეთი ავტორიტარულ რეჟიმებს დაჰპირდება იმას, რომ მათი რეჟიმების არსებობას დაიცავს, - გვეუბნება ექსპერტი.

სჭირდება თუა ამ ეტაპზე რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში დაძაბულობის კერის შექმნა და აწყობს თუ არა დღეს ჩრდილოეთ "მეზობელს“ ჩვენს ქვეყანაში არსებული სტატუს კვოს შეცვლა სამხედრო ფორმებით, გიორგი გობრონიძე ამბობს, რომ - არა, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, ომი არ არის გამოსავალი, მაგრამ მოსკოვი აუცილებლად ეცდება ჩვენი სისუსტეების გამოყენებას.

"სამხედრო საფრთხე, რა თქმა უნდა არსებობს იმიტომ, რომ ის იზომება შესაძლებლობების შექმნით და რუსეთს რეგიონში უკვე აქვს (და ყოველთვის ჰქონდა) ამის შესაძლებლობა. რუსეთს დღეს არც სჭირდება ჩვენს ქვეყანაში არსებული სტატუს კვოს შეცვლა სამხედრო ფორმებით იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, ომი არ არის გამოსავალი, დღეს რეალური სამხედრო აგრესიის საფრთხის შექმნამ, შეიძლება მოხდეს სასწაული და ქართველი ერი გააერთიანოს. დღეს რუსეთი ძალიან კარგად ართმევს თავს ამოცანას, რომელიც არის საქართველოს ინსტიტუციური დასუსტება, პოლარიზაცია და ა.შ. ვერ ვიტყოდი, რომ ამას რუსეთი გვიწყობს, ჩვენ თვითონ ვართმევთ თავს იდეალურად. ყველანაირი ცუდის გასაღები მოსკოვში ეძებო, არ არის სწორი. კი, რუსეთი ჩვენთვის საფრთხეა და გამოწვევა, მაგრამ პრობლემა იმაშია, რამდენად ვახდენთ იმის შესაძლებლობას, რომ საფრთხე რეალიზდეს პრაქტიკაში.

შექმნილი ვითარება დააჩქარებს თუ არა ნატოში ჩვენს ინტეგრაციის პროცესს, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენთვის ეს არის იმის სიგნალი, რომ დასავლეთში ჩვენი ერთგული დარჩნენ და რას ვაკეთებთ ჩვენ? დღეს ხელისუფლება იხარშება შიდაბატალიურ ჭრილში და აქტიურად არის გადასული ძალაუფლების შენარჩუნების მდგომარეობაში. ის ცდილობს კბილებით შეინარჩუნოს ძალაუფლება, ოპოზიცია ცდილობს მაქსიმალურად მოარყიოს ხელისუფლება და ვართ შიდაპოლიტიკურ იმ ტურბულენტობის რეჟიმში, რომელიც გვიზღუდავს საგარეო პოლიტიკურ ავტონომიურობას.

მოსკოვი ეცდება ჩვენი სისუსტეების კარგად გამოყენებას, ომი არ არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს. ჩვენი სისუსტეებია:

1. უკიდურესად გახლეჩილი და პოლარიზებული საზოგადოება, რომელიც მზად არის, რომელიღაცა პოლიტიკოსის გამო მეორე ადამიანს დაუპირისპირდეს, ანუ მოქალაქობრივი სოლიდარობის განცდა არ გაგვაჩნია. 2. ჩვენი ეკონომიკა უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. 3. თვითონ ეკონომიკური სისტემის სისუსტე და 4. მყიფე დემოკრატია. ჩვენი ტიპის სახელმწიფოსთვის დემოკრატია არის ძლიერების ერთ-ერთი მსაზღვრელი, იმიტომ, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყანა თუ იქნება ავტორიტარული, იქნება ჩვეულებრივი ჭაობი - განვითარების თვალსაზრისით, მივიღებთ საშინელ სტაგნაციას და ბევრ სხვა პრობლემას. ჩვენ პირველ რიგში, გვჭირდება თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა და მდგრადი ეკონომიკური განვითარება პროაქტიურ დიპლომატიასთან ერთად და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულება", - ამობს გობრონიძე.