ავტორი:

"კარგი ოჯახის შექმნაზე ვოცნებობ... მიმაჩნია, რომ ქალის უპირველესი ბედნიერება დედობაა" - სალომე ფაჟავა ოცნებებზე, ტრავმებსა და გამარჯვებებზე

"კარგი ოჯახის შექმნაზე ვოცნებობ... მიმაჩნია, რომ ქალის უპირველესი ბედნიერება დედობაა" - სალომე ფაჟავა ოცნებებზე, ტრავმებსა და გამარჯვებებზე

"ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ყველაზე ვარსკვლავი მხატვრული სტილით ტანმოვარჯიშე გახდა. სალომე ფაჟავამ ცეკვის ნიჭი ჯერ კიდევ "რაჭული“ ცეკვის მელოდიაზე და მისივე ილეთებით დადგმული ნომრით აჩვენა საზოგადოებას, რომლის გულიც ერთბაშად დაიპყრო.

სალომე 24 წლისაა და ამასობაში ბევრი წარმატება მოუტანა ქვეყანას. მისთვის ყველაზე დიდი გამარჯვება მაინც ადამიანების "დიდი სიყვარულია“, რასაც ყველგან გრძნობს. ოთხიოდე თვის წინ, სალომემ სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. ქართველი სპორტსმენი სოციალურ ქსელში წერდა, რომ პროფესიულ სპორტში მისია შესრულებულია, გადაწყვეტილი აქვს ძველი გზა მიატოვოს და ძალები სხვა მიმართულებით მოსინჯოს.

"ძველ გზას“ როგორც ტანმოვარჯიშე ისე ტოვებს (და ამის მიზეზებსაც ხსნის), თორემ ამ სპორტიდან წასვლა არც უფიქრია. ამბობს, რომ მხატვრულ ტანვარჯიშს მიუძღვნის ცხოვრებას, ოღონდ, მწვრთნელის ამპლუაში. მანამდე სიამოვნებით მიიღო "ცეკვავენ ვარსკვლავებში“ შეთავაზება და პროექტის გამარჯვებულიც გახდა.

"ამ პროექტის შემდეგ ჩემი ნომერ პირველი ჰობი და სიყვარული ალბათ ცეკვა იქნება. რატიც (რატი გაჩეჩილაძე - სალომე ფაჟავას მეწყვილე ტელეპროექტში - ნ.ფ.) არ მაძლევს გასაქანს, დამემუქრა კიდეც, კვირაში ორჯერ ჩემს გაკვეთილებზე ივლი, თორემ ჩვენი მეგობრობა დამთავრდებაო. მეც დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ ცეკვას. ამ სამ თვეში ისე შემიყვარდა ეს საქმე...“ - ამბობს სალომე, რომელიც ინტერვიუს ჩაწერისას კოვიდ-19-ს ებრძოდა, თუმცა ჩვენთან საუბარზე მაინც არ თქვა უარი, რისთვისაც მას უდიდესი მადლობა.

  • ბავშვობა

მოსკოვში დავიბადე და 11 წლამდე იქ ვცხოვრობდი. ჩემი მშობლები წარმოშობით ზუგდიდიდან არიან. მოხდა ისე, რომ მათი იქ მოუწიათ გადასვლა. დაახლოებით 8 წლის ვიყავი, როცა ტანვარჯიშზე შევედი. ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი და დედ-მამამ გადაწყვიტა, სპორტზე შევეყვანე, ენერგია რომ დამეხარჯა. თავდაპირველად ქართულ ცეკვებზე შემიყვანეს, სულ რამდენიმე - 3-4 გაკვეთილს დავესწარი, არ მომეწონა და აღარ მომინდა სიარული. შემდეგ, დედას მეგობარმა ურჩია, - მხატვრული ტანვარჯიში სცადეთო. საცდელად წამიყვანეს და მოვხვდი თუ არა დარბაზში, მივხვდი, ჩემი რომ იყო, ძალიან მომეწონა. იქაც მქონდა გამოწვევა, ტანვარჯიშისთვის დიდი ვიყავი - სასურველია 4-5 წლიდან ვარჯიში, მე კი 8 წლის ვხდებოდი. მითხრეს, ერთ კვირას მოგცემთ საცდელად და თუ თავს გამოიჩენ, ჯგუფში დაგტოვებთ, თუ არა და, სხვა რაღაც აკეთეო. იმდენად მომეწონა, იმ წამიდან შემიყვარდა ტანვარჯიში, მოვინდომე და მაქსიმალური გავაკეთე, ამიყვანეს კიდეც ჯგუფში. ჩვენი მწვრთნელი და ხელმძღვანელი ირინა ანოსოვა იყო.

  • "ასე დავრჩი საქართველოში..."

საქართველოში ჩემი დარჩენა აგვისტოს ომს დაემთხვა. ყოველ წელს, სწავლა როცა მთავრდებოდა, არდადეგებზე საქართველოში ჩამოვდიოდი და 2008 წელსაც ასე ჩამოვედი, ბებიასთან ერთად ვისვენებდი. ბებიას ჩემი უკან წაყვანის შეეშინადა და ასე დავრჩით საქართველოში. მერე დავიწყეთ ტანვარჯიშის დარბაზის ძებნა, დიდი დრო გავიდა, ფორმიდან ამოვვარდი და ძალიან მინდოდა ვარჯიში დამეწყო. მოხდა ისე, რომ აქაც ნაკრებში ამიყვანეს და უკან აღარ გამიშვეს. მეც მომეწონა და დავრჩი. თავიდან მაინც გამიჭირდა რუსეთიდან გადმოსვლა, მშობლების გარეშე ცხოვრება, ახალი ურთიერთობების დაწყება... რუსულ სკოლაში შევედი, ქართული არ ვიცოდი. ადრე ვლაპარაკობდი, მაგრამ მერე დამავიწყდა. თანდათან ქართულიც ვისწავლე. თბილისში ნელი სალაძის აკადემიაში გავაგრძელე ვარჯიში, დავდიოდი ტურნირებზე - ეტაპ-ეტაპ დავიწყე საერთაშორისო ტურნირებით, ამას მოჰყვა მსოფლიო, თუ ევროპის ჩემპიონატი და ასე საფეხურებით მივაღწიე წარმატებას...

  • "სტიმულს ადამიანების დიდი სიყვარული მაძლევდა“

ყველაზე დასამახსოვრებელი პირველი წარმატება 2012 წელს იყო, როცა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. ეს დიდი ბიძგი იყო ჩემთვის. ჩემპიონატი რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში ჩატარდა, სადაც გუნდური ჩათვლით გამოვდიოდით მე და 2 გოგონა - სოფო ფარულავა და გაბრიელა ხვედელიძე, ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ბრინჯაოს მედალი. ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი და გამარჯვება ის არის, რომ ხალხისგან მართლა დიდი სიყვარული დავიმსახურე, მათგან ისეთ სითბოს და სიყვარულს ვიღებ, რომ როცა გამოვაცხადე, რომ დავასრულე კარიერა, ვერ აგიხსნით, რამდენი ადამიანი მწერდა და მთხოვდა, კიდევ გამეგრძელებინა. გულშემატკივრის მხარდაჭერას სულ ვგრძნობდი, თუნდაც იმ რთულ პერიოდში, როდესაც ტრავმები მქონდა, ვერ გამოვდიოდი და რეაბილიტაციას გავდიოდი. ეს ხალხი მაძლევდა სტიმულს და ძალას, რომ მებრძოლა და ბოლომდე მივსულიყავი.

  • "მუდმივად ტრავმებს ვებრძოდი, დავიღალე..."

ტანვარჯიში, ზოგადად, არის ძალიან ახალგაზრდული სახეობა, იწყებ და ამთავრებ ადრე, საამისოდ კონკრეტული ასაკი არ არსებობს, მაგრამ ვთვლი, რომ როდესაც პირველ ოლიმპიურ თამაშებზე გამოვედი რიოში, ტრავმამ ძალიან შემიშალა ხელი და ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოვავლინე, რეალურად ვერ ვაჩვენე ის, რაც შემეძლო. მერე ჩემს თავს ვუთხარი, რომ მეორე ოლიმპიადაზე აუცილებლად უნდა მივიღო მონაწილეობა და ზუსტად ის გავაკეთო, რაც აქ ვერ გავაკეთე-მეთქი. ასეც მოხდა...

ძალიან ბევრი ტრავმა მქონდა მიღებული, მუდმივად ტრავმებს ვებრძოდი, ბოლოს უკვე ძალიან დავიღალე, ერთი ტრავმიდან მეორეზე, მეორედან - მესამეზე გადავდიოდი და სულ ტკივილის ატანა მიწევდა, მუდმივად გამაყუჩებლებს ვხმარობდი. თავდაპირველად დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას, ბევრს ვცდილობდი, მაგრამ უკვე შეუძლებელი იყო ამის ატანა, მქონდა სერიოზული ტრავმები. მაინც მიმაჩნია, რომ რაც შემეძლო გამეკეთებინა, გავაკეთე და ამით ბედნიერი ვარ. ამასობაში ბევრი მედალი დამიკარგავს, არც სახელმწიფოსგან ყოფილა შესაბამისი მხარდაჭერა - ასეა თუ ისე, დიდ არენაზე როცა გადიხარ, ამას დიდი ძალა და მხარდაჭერა სჭირდება, მარტო შენ ვერ გააკეთებ ყველაფერს. მაინც ვეუბნები ხოლმე ჩემს თავს, რომ ალბათ მაქსიმუმი გავაკეთე, რადგან ამხელა აუდიტორიის სიყვარული დავიმსახურე, ეს კი მედალზე მნიშვნელოვანია.

მედლებს და ჯილდოებს რაც ეხება, ვერ ჩამოვთვლი, სიმართლე გითხრათ, არასდროს დამითვლია, ბევრია...

  • "მაინც ტანვარჯიშს მივუძღვნი ცხოვრებას“

დავამთავრე მწვრთნელთა ფაკულტეტი სპორტულ უნივერსიტეტში ისევ და ისევ ჩემი განხრით. 17 წელი და, შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრება ტანვარჯიშს დავუთმე, შესაბამისად, ძალიან მინდა, ჩემი ცოდნა და შესაძლებლობები გადავცე და გავუზიარო სხვებს. ყოველთვის ვეხმარებოდი და ახლაც მინდა ხელი შევუწყო ტანმოვარჯიშეების განვითარებას. ვიცი, რომ ამ სფეროში ვიქნები და მწვრთნელის სტატუსით ვიქნები, თუ სხვა, მაინც ტანვარჯიშს მივუძღვნი ცხოვრებას. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ სპორტს დავეხმარო. ტანვარჯიში საქართველოში პოპულარული გახდა, მაგრამ ბევრი რამაა გასაკეთებელი და ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ყველაფერი ავანაზღაურო, რაც ჩემს დროსაც არ ყოფილა. მინდა, ამ და მომავალ თაობას კარგი პირობები შევუქმნა და გზა გავუკვალო.

  • "რატის გარეშე შეუძლებელი იყო წარმატების მიღწევა“

ოლიმპიური თამაშების შემდეგ "პრაიმ შოუში“ გვქონდა ჩაწერა და როდესაც გადაღება დასრულდა, ნოე სულაბერიძემ დამირეკა, მან შემომთავაზა პროექტში მონაწილეობა. რადგან ყოველთვის მქონდა ამის სურვილი, შემოთავაზებამ გამახარა და მეც დავთანხმდი. ყველა მეუბნება, ტანვარჯიში ცეკვასთან ახლოსაა და ამიტომ ცეკვავ კარგადო, რასაც არ ვეთანხმები. რატისთვის (გაჩეჩილაძე) არა ერთხელ მიჩვენებია ჩემი გამოსვლები, რომელიც არის ვითომ ცეკვა, რეალურად, კი არ არის. ფიზიკურად კი ხარ მომზადებული, მაგრამ სამეჯლისო ცეკვა სულ სხვა რამაა. სხვათა შორის, ტანვარჯიში ბევრ რამეში მიშლიდა ხელს, ჩვენ იმდენად დაჭიმულები ვართ, იმდენად სწორი დგომი გვაქვს, მუხლებში მოხრა და მიხვრა-მოხვრა ძალიან მიჭირდა. სულ იმას მეუბნებოდნენ, მუხლები მოადუნე, გადადი რბილად... ეს მომენტები მქონდა. რატის გარეშე შეუძლებელი იყო წარმატების მიღწევა. ვიტყოდი, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერში თვალდახუჭული ვენდობოდი, არ ვერეოდი თუნდაც მუსიკის შერჩევაში, რასაც მეტყოდა, ჩეთვის ის იყო მისაღები და არა იმიტომ, რომ ჩემი პარტნიორი იყო. რატი პროფესიონალი და მართლა მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია. ჩვენი არა ერთი კომპოზიცია, რაც შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო, რატის დადგმული იყო. აქამდე არ მითქვამს და ახლა ვიტყვი, რომ რატის აქვს უნიკალური ხედვა, ეს ჯერ ერთი, ალბათ დინასტიიდან მოდის, მისი უნიჭიერესი მშობლებიდან. რატი ჩემთვის უდიდესი შენაძენია. მართლა ბედნიერი ვარ, რომ რატი იყო ჩემი მეწყვილე და მან გამიწია პარტნიორობა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე...

  • "ყველაზე ძალიან ბატონი გოჩასი მეშინოდა“

ყველა ფინალისტი ელოდა პირველ ადგილს. მართლა არ მჯეროდა, რომ მე მერგო გამარჯვბა. ბოლოს, როცა სცენაზე მე და გიგა დავრჩით, რატომღაც მქონდა იმის განცდა, რომ კონკურსს ის იგებდა და არა - მე. გამოაცხადეს და თავიდან ვერც მივხვდი, რა ხდებოდა, იმდენად მოულოდნელი იყო, ვერაფრით დავიჯერე. როცა ყველაფერი დასრულდა, ერთად წავედით და აღვნიშნეთ, მერე დავიჯერე, რომ ჩვენ მოვიგეთ, თუმცა ისევ ეიფორიაში ვიყავი. უბედნიერესი ვარ და მადლობა ამ პროექტს, დიდი ემოციები ვიგრძენი. მიუხედავად დაღლისა და რუტინისა, ეს იყო უბედნიერესი 3 თვე ჩემს ცხოვრებაში. საბოლოო ჯამში, ეს არის უდიდესი სიამოვნება, რომელიც მივიღე. თავიდან, სანამ პირველი ლაივი იქნებოდა, ჩემს თავს ვუთხარი, ეს შეჯიბრი არ არის, შენ უნდა მიიღო სიამოვნება და მართლაც, ყოველი წამი ჩემთვის სასიამოვნო, დასამახსოვრებელი და ემოციური იყო. ჟიურიზეც უნდა ვთქვა... მათი სიტყვები მთელი ცხოვრება გამყვება, ეს ყველაფერი რაღაც არანორმალურ ემოციასთან არის დაკავშირებული. როცა მათ ვუსმენდი, ვერ ვიჯერებდი, რომ ამ ყველაფერს მე მეუბნებოდნენ. პროექტი სანამ დაიწყებოდა, რატისთვისაც არაერთხელ მითქვამს, რომ ყველაზე მეტად ბატონი გოჩა ჩერტკოევის კომენტარების მეშინია-მეთქი, თურმე ძალიან სასიამოვნოდ ვცდებოდი, მისი სიტყვები რაღაც ზეფანტასტიკური იყო ჩემთვის.

  • "მომავალში კარგი ოჯახის შექმნაზე ვოცნებობ“

ამ პროექტის შემდეგ ჩემი ნომერ პირველი ჰობი ალბათ ცეკვა იქნება. რატიც არ მაძლევს გასაქანს, დამემუქრა კიდეც, კვირაში ორჯერ ჩემს გაკვეთილებზე ივლი, თორემ ჩვენი მეგობრობა დამთავრდებაო. მეც დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ ცეკვას. ამ სამ თვეში ისე შემიყვარდა ეს საქმე, რომ ცეკვას უნდა დავუთმო დრო. თანაც, იმდენად შევეჩვიე ამ ადამიანებს, არ შემიძლია, ხშირად არ ვნახო ისინი. ცეკვა მომცემს ამის საშუალებას და ის იქნება კიდევ ერთი მიზეზი იმისა, მათთან ურთიერთობა გავაგრძელო.

ჯერ კიდევ ეიფორიაში ვარ... არ იცით, რამდენი ადამიანი მილოცავს, მინდა ყველას სათითაოდ გადავუხადო მადლობა, მათგან იმხელა სითბოს და სიყვარულს ვგრძნობდი, უყურადღებოდ ვერ დავტოვებ. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, პირველ რიგში, ჩავერთვები ჩემს ძირითად საქმიანობაში - ტანვარჯიშში, 3 თვით ამოვვარდი ამ რუტინიდან, რასაც ძალიან ვდარდობდი. ახლა მაქსიმალურად მივყვები ჩემს საქმეს. ალბათ ყველაფერი მალე დალაგდება. კონკრეტული ოცნებები არ მაქვს, მაქვს მიზნები. ზოგადად, ერთი მიზნიდან მეორემდე მივდივარ ხოლმე. პირადს რაც შეეხება, ჯერჯერობით არაფერი ხდება, არავინ არის ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერს თავისი დრო აქვს და მიმაჩნია, რომ ქალის უპირველესი მონაპოვარი და ბედნიერება დედობაა. მომავალში კარგი ოჯახის შექმნაზე ვოცნებობ.

  • შეგახსენებთ, სალომე ფაჟავას 2015 წელს ევროპულ თამაშებზე მოპოვებული აქვს ბრინჯაოს მედალი. 4-ჯერ აქვს დაკავებული მე-3 ადგილი მსოფლიო თასის ეტაპებზეც, ოლიმპიადაზე კი 2-ჯერ გამოვიდა: 2016 წელს, რიოში (მე-14 ადგილი), წელს კი ტოკიოში ( მე-17 ადგილი)..