რადას დეპუტატი, ლიზა იასკო საქართველოშია. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სანახავად მივიდა, თუმცა მას დაწესებულებაში შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა.
როგორც იასკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, განუმარტეს, რომ მასზე ციხეში შესვლის ნებართვა გაცემული არ არის.
"ადრე რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის სანახავად შესვლაზე პრობლემა არასდროს შემქმნია. ახლა ჩამოვედი და მეუბნებიან, რომ ნებართვა გაცემული არ არის. უკრაინაში რამდენიმე საქმეა გამოძიებაში უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის წამებისა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე“, - განაცხადა იასკომ.
რაც შეეხება ქართველი პარლამენტარების - ლევან ბეჟაშვილისა და თამარ კორძაიას უკრაინაში ვიზიტს, მისი თქმით, "ეს შეხვედრები ინფორმაციის გაცვლას ემსახურება იმისათვის, რომ ყველა საქმის კურსში იყოს, რა ხდება სინამდვილეში“.
"ვფიქრობ, ეს სწორია. უკრაინაში ახლა ძალიან ბევრი დელეგაცია იმყოფება ვითარებიდან გამომდინარე. უნდა მივაღწიოთ სააკაშვილის გათავისუფლებას, გეგმა ეს არის, მაგრამ ლოდინი და იმის დაშვება, რომ მას ფსიქოლოგიურად ან ფიზიკურად გაანადგურებენ, არაფრით შეიძლება, ეს არ არის ნორმალური“, - აცხადებს ლიზა იასკო.