"ვიდეოჩანაწერებში არის რამდენიმე ახალი დეტალი, მათ შორის როგორ ხდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრების მიერ ე.წ. ორგანიზებული დახვედრა, ისმის ხმა - "ძმებო, მოვიდა“ თუ "ძმებო დავიწყოთ“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის ამსახველი კადრების ნახვის შემდეგ განაცხადა.
როგორც მშვენიერაძემ აღნიშნა, დღეს ის გაეცნო ვიდეოჩანაწერების ნაწილს, რადგან ფაილები დიდი მოცულობის არის და მოკლე დროში ყველა ჩანაწერის ნახვა შეუძლებელია.
"შევთანხმდით, რომ დამატებით გვექნებოდა ვიზიტები და როგორც სხვა ვიდეოჩანაწერებს, ისე საქმის მასალებს დეტალურად გავეცნობით. ჩვენთვის საინტერესოა გორის ჰოსპიტალში განვითარებული რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც უნდა არსებობდეს ვიდეოჩანაწერებში. რაც ვნახე ამ ვიდეოჩანაწერებიდან, არის რამდენიმე ახალი დეტალი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მომენტი, როგორ ხდება მასთან ე.წ. პატიმრების ორგანიზებული დახვედრა, ისმის ხმა და ერთიანი შეძახილები - "ძმებო, მოვიდა“ თუ "ძმებო დავიწყოთ“, რის შემდეგაც იწყება ერთიანი ორგანიზებული შეძახილები. ცხადია, რომ ერთი შეძახილის შემდეგ პატიმრებიდან იწყება ორგანიზებული გინება მთელი ციხის მასშტაბით. ასევე ახალი დეტალია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თუ არ ვცდები, გიორგი გიორგაძის საუბარი მიხეილ სააკაშვილთან, რომლითაც ის ერთგვარად გამოხატავს მის პოლიტიკურ დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მანამდე არსებულ საქმიანობასთან დაკავშირებით და პასუხად ეუბნება, რომ "აი ხმაური, რაც გესმით გარეთ, არის პასუხი იმაზე, რასაც აკეთებდით“ - დაახლოებით ასეთ კონტექსტია.
ასევე ვნახეთ გლდანის მე-18 დაწესებულებაში და რეანომობილით გადაადგილებისას გადაღებული ვიდეოჩანაწერების ნაწილი. ყველას ნახვა დროის გამო ვერ მოვახერხეთ, თუმცა ამას გავაგრძელებთ. ციხეში გადაღებული ჩანაწერები არის ხმის გარეშე. ხმით არის მხოლოდ რეანიმობილში, ტრანსპორტში გადაღებული ჩანაწერი, რომლის დაჭრილი ნაწილი საზოგადოებას ნანახი აქვს. აღნიშნული ჩანაწერი წყდება მანამ, სანამ იწყება მისი იძულებით გადაყვანა ციხეში, მაგრამ დანარჩენ კადრებში ჩანს იძულებით გადაყვანა, ჭიდაობა, თრევა, გაშიშვლება და თავზე წამოფარებული ზედით ლიფტში აყვანა როგორც ხდება - ეს ყველაფერი ჩანს“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.