ავტორი:

"თუ რუსეთის მხრიდან შესაბამისი ნება იქნება, შესაძლოა, ავიარეისები აღდგეს" - ზურაბ აბაშიძე

"თუ რუსეთის მხრიდან შესაბამისი ნება იქნება, შესაძლოა, ავიარეისები აღდგეს" - ზურაბ აბაშიძე

"არგუმენტი, რომ თითქოს აქ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიები საკმარისი არ არის, უსაფუძვლოა; რაც შეეხება ანტირუსულ რიტორიკას, კ რიტიკას ვერავის ავუკრძალავთ, მით უმეტეს, როდესაც კრიტიკის საფუძველი არსებობს"- ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ- მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, თუ რუსეთის მხრიდან შესაბამისი ნება იქნება, პანდემიის ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაძლებელია გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ავიარეისები აღდგეს. მისი განმარტებით, ქართულ მხარეს ამის მზაობა აქვს.

"პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის თემაზე ადრეც არაერთხელ გვქონია საჯაროდ საუბარი. ვისაუბრე კონკრეტულად ამ საკითხზე ნოემბრის თვეში გამართულ მორიგ შეხვედრაზე, ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ თუკი რუსეთის მხარე მზად იქნება და მას შესაბამისი ნება ექნება, რათა პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგეს, ერთადერთ პრობლემად პანდემიას მივიჩნევთ. პანდემიის ვითარების გაუმჯობესების კვალზე, ვთვლით, რომ შესაძლებელია გაიმართოს სამუშაო შეხვედრა და შემდგომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ავიარეისები აღდგეს. ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა ამისთვის. პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წელს რუსეთის მხარის გადაწყვეტილებით შეჩერდა და თუ იქნება მათი მხრიდან მზაობა, ამას წინ არაფერი უდგას პანდემიის გარდა. რაც შეეხება ორ არგუმენტს, რაც მათ ამ საკითხის კონტექსტში მოჰყავთ - თითქოს აქ რუსეთს მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიები საკმარისი არ არის. ადრეც გვითქვამს, მათაც არაერთხელ, ხაზგასმით ვუთხარი, რომ ბოლო წლებში ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის საქართველოში. წელსაც, მიუხედავად პანდემიისა, გარკვეული რაოდენობა ჩამოვიდა და ამჟამადაც აქ იმყოფება. მათ უსაფრთხოების არავითარი პრობლემები არ აქვთ. ასე რომ, რუსეთის მხარის ეს არგუმენტი უსაფუძვლოა. რაც შეეხება ანტირუსულ რიტორიკას, რომელსაც ისინი ახსენებენ, ჩვენი ხედვა ასეთია, რომ კრიტიკას ვერავის ავუკრძალავთ, მით უმეტეს, როდესაც კრიტიკის საფუძველი არსებობს. ასე რომ, თუ მათი მხრიდან მზაობა და ნება იქნება, ჩვენ მზად ვართ“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო უწყების განცხადების იმ ნაწილს, რომ რუსეთი იმედოვნებს, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას განახორციელებს, აბაშიძე ამბობს: "რას ნიშნავს ეს და მხედველობაში რა აქვთ, ვეცდები გავარკვიო, როდესაც ჩემს კოლეგასთან კომუნიკაცია მექნება“.

ცნობისთვის, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთი ერთგული რჩება "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების“.

"ეს ყველაფერი ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებშია, თუმცა, ასეთი პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. იმედი გვაქვს, საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას განახორციელებს“,- აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.