ავტორი:

"თბილისში სახლი გავყიდეთ და აქ გადმოვედით... ამ ტერიტორიას "მილიონერების უბანს" ეძახიან" - სოფელში გადასახლებული წყვილის მეურნეობა

"თბილისში სახლი გავყიდეთ და აქ გადმოვედით... ამ ტერიტორიას "მილიონერების უბანს" ეძახიან" - სოფელში გადასახლებული წყვილის მეურნეობა

თბილისიდან სოფლად დასახლებული ახალგაზრდა ოჯახის შესახებ უნდა მოგითხროთ, რომლის წევრებსაც ბუნება ძალიან უყვართ და გარემოზე ზრუნვაც გამორჩეულად გამოსდით. თუმცა სანამ სოფლად ცხოვრებას გადაწყვეტდნენ, კარგად დაფიქრდნენ, საკუთარი შესაძლებლობები და უნარები შეაფასეს - შეძლებდნენ ქალაქში გონებრივი შრომისთვის სოფლად ფიზიკური შრომა შეეთავსებინათ? იმაზეც იფიქრეს, ამ ყველაფერს ცოდნა რომ სჭირდებოდა და საფუძვლიანი ცოდნის მიღებაც არ დაიზარეს.

ბესიკ ანდრიაძე:

- თბილისში კერძო სახლი გავყიდეთ და სამი წლის წინ სოფელ თხინვალაში მიწა შევიძინეთ, სადაც სახლი ავიშენეთ. ეს ადგილი თბილისს ეკუთვნის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაა. ვცხოვრობთ მე, მეუღლე და ბავშვი. დავსახლდით თუ არა, ნაკვეთში დავრგეთ ხეხილი, დეკორატიული მცენარეები. ფართობი 900 კვადრატული მეტრია, ოჯახისთვის საკმარისია. კომფორტს რაც შეეხება, ეს ტერიტორია ისე სწრაფად გაშენდა, „მილიონერების უბანსაც“ კი ეძახიან. წყალი, დენი, ინტერნეტი გვაქვს.

მოკლედ, დეკორატიული ბოცვრები მოვაშენეთ, ოღონდ, ჩვენი გაზრდილი ცხოველების ხორცს არ მივირთმევთ, თან დეკორატიული ბოცვერის ხორცი არც იჭმევა. ისინი სილამაზის გამო ირჩევა. სხვადასხვა ჯიში გვყავს, დაახლოებით 50 ცალია და ნელ-ნელა ვყიდით.

- დეკორატიული ბოცვრის მოვლის წესები როგორია?

- დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას, რადგან კუჭ-ნაწლავის სისტემა სუსტი აქვთ. ძირითადად, მარცვლეულს (შვრია, ქერი) ჭამენ, ასევე სხვადასხვა სასარგებლო ბალახს. ამაშიც კარგად უნდა გაერკვე, რადგან ზოგიერთი ბალახი მომწამვლელია. ამიტომ საკვებს საგანგებოდ ვურჩევთ. ბალახი ვიტამინებით ამდიდრებს მათ ორგანიზმს. იონჯაც მოვიყვანეთ. შვრიასა და ქერს კი ვყიდულობთ. წყალი ჭურჭელში მუდმივად უნდა ედგათ. სისუფთავე მათთვის აუცილებელია, ამიტომ მუდმივად ვიცავთ, რომ რამე ბაქტერია არ შეჰყვეთ და არ დაავადდნენ. დაავადებები სწორედ უსუფთაობით ჩნდება. მოკლედ, კვებასა და სისუფთავეს დიდ ყურადღებას ვაქცევთ.

- ვაქცინაცია არ სჭირდებათ?

- ბოცვრებში ვაქცინაცია საქართველოში არ ხდება, რადგანაც ცოფი არ ემართებათ. თუ სხვა ცხოველისგან გადაედოთ, იმდენად სწრაფად იხოცებიან, რომ ცოფის გადატანას ვერც ასწრებენ. იმუნიტეტი ძალიან სუსტი აქვთ. მხოლოდ მუცლის ჭიაზე ვცრით, რომ ნაწლავებში ჭია არ გაუჩნდეთ. დეკორატიული ბოცვერი სუფთა ცხოველია. მისი ნაკბენი თუ განაკაწრი უსაფრთხოა, ადამიანს აცრა არ სჭირდება, თან ჩვენი ბოცვრები ძალიან ჯანმრთელები არიან, არც მიწას ეხებიან და არც სხვა ცხოველებს, გალიებში გვყავს.

- რატომ?

- როგორც კი წამოიზრდებიან, მამლები ერთმანეთში ჩხუბობენ, შეიძლება ერთმანეთი მოკლან კიდეც. დედალ-მამალი ხშირად ჯვარდება და სწრაფად მრავლდებიან. ამიტომ ყველას ცალკე "სახლში" ვათავსებთ.

- განსაკუთრებული ჯიშების ქათმებიც გყოლიათ...

- დიახ, ახლახან დავიწყეთ მოშენება, მეკვერცხული და მეხორცული ჯიშები მთელ საქართველოში მოვიძიე. არც ჩვენს გაზრდილ ქათმებს მივირთმევთ, კვერცხს კი გეახლებით. ზამთარშიც დებენ. მათი განსაკუთრებულობა იმაშიც გამოიხატება, რომ ღია ცისფერ და ღია მწვანე კვერცხებს დებენ. ეს ერთ-ერთი ჩინური ჯიშია. სულ ოთხი უცხო ჯიში გვყავს. მათი კვერცხი ვიტამინებითა და მინერალებით არის მდიდარი.

- ქათმებსაც ისევე უვლით, როგორც ბოცვრებს?

- საქათმეს პატარა შესასვლელი აქვს, როცა დასაძინებლად ემზადებიან, შედიან და იძინებენ, გაიღვიძებენ და გამოდიან. ეზოში თავისუფლად დადიან. სპეციალურად არ სჭირდება დაბინავება, კარის გახსნა-ჩაკეტვა. დამოუკიდებლად ცხოვრობენ. ეს ქათმის განსაკუთრებული თვისებაა, ბოცვრებისგან განსხვავებით - ოჯახად ცხოვრობენ. სადაც ბოცვრების გალიები მაქვს, იქვეა ქათმების ტერიტორიაც. ბოცვრის ნაკელი მიწას რომ ერევა, იქ ჭიაღუა, მატლი ჩნდება, რასაც ქათმები დღის განმავლობაში ქექავენ, დამატებით ვაძლევთ სიმინდს, ხორბალს, ქერს - ყველანაირ მარცვლეულს. ჩვენი ბაღის ვაშლსაც ვაჭმევთ, ბოსტნეულს, ბალახს. ნათესავებს უკვირთ, ასე ნატურალურად გაზრდილ ქათმებს როგორ არ ჭამთო? ყველას ვუხსნით, რომ არ შეგვიძლია მათი დაკვლა.

- ხილ-ბოსტნეულიც საკუთარი გაქვთ?

- კი, ხილიც ბლომად გვაქვს. ხეხილს ვსხლავთ, მაგრამ არ ვწამლავთ, შხამ ქიმიკატს არ ვიყენებთ. ამის გამო შეიძლება აქა-იქ ჭია ჰქონდეს, სამაგიეროდ, ნატურალური პროდუქტია. ზაფხულში ბოსტანსაც ვამუშავებთ. ძირითადად, ის ბოსტნეული მოგვყავს, რომელიც ოჯახში გვჭირდება.

- შრომატევად საქმეს ხართ შეჭიდებული, თან თბილისში სრული დატვირთვით ხართ დასაქმებული...

- კი, ჩემი მეუღლე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, პროფესორია, ახლო აღმოსავლეთის ისტორიისა და იაპონური ენის სპეციალისტია. მე ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში ვმუშაობ. მთელი დღის განმავლობაში დატვირთული ვარ... ჩემი მეუღლე ასევე ვარდებსა და დეკორატიულ ხე-მცენარეებს უვლის. სასუქად ბოცვრების ნაკელს ვიყენებთ.

- მოკლედ, წინასწარი შესწავლის შემდეგ ცოდნა პრაქტიკაში გადაგაქვთ.

- კი, ასეა. პრაქტიკამ უფრო გააღრმავა ჩვენი ცოდნა. ჩვენი 12 წლის ბიჭი, ალექსანდრეც, ინტერნეტით სწავლობდა ბოცვრების მოვლას, შემდეგ თავისი არხიც შექმნა „იუთუბზე“ და დაინტერესებულ ადამიანებს ინგლისურ ენაზე მოვლის წესებს ასწავლის.

- მას შემდეგ, რაც ქალაქი დატოვეთ, თქვენი ცხოვრების სტილი შეიცვალა. ეს ყველაფერი რას ნიშნავს თქვენთვის?

- სიცოცხლის ელექსირივითაა. გვიხარია, რომ შრომა ამართლებს, შედეგი გვაქვს. ქათმებმა ფერადი კვერცხები რომ დაგვიდეს, არ გვჯეროდა... ამ გარემოში ყოფნა და ცხოვრება ზეიმია, ოღონდ ამისთვის ბევრი რამის შესწავლა დაგვჭირდა.

- სოფლად მეურნეობით დაინტერესებულ ადამიანებს რა რჩევას მისცემთ. ღირს ამ ნაბიჯის გადადგმა?

- თუ ადამიანს არ უყვარს ბუნება, ჯობს, ამ ნაბიჯს ნუ გადადგამს. თუ მზად არ არის მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, ნებისმიერი რამის დაწყება რთულია. მცენარე, ბალახი უნდა გიყვარდეს, მერე უნდა გაითვალისწინო, რომ ამას მოსდევს ტალახი, სუნი... ზოგჯერ ქარში, ყინვაში გიწევს საქმის კეთება, თანაც სამსახურის მერე. ეზოს მუდმივი მოვლა უნდა, ბალახის გათიბვა, შემოღობვა, დიზაინზე ზრუნვა... ამიტომ მთავარია სიყვარული და ამ ყველაფერთან გააზრებულად მიდგომა. მაშინ გაამართლებს.