"დღეს უკრაინის ბრძოლა ეს არის, მათ შორის, საერთო ბრძოლა ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის და ჩვენი ხალხის თავისუფლების დასაცავად - ახლა მნიშვნელოვანია, რომ მოიხსნას ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს და უკრაინას შორის უთანხმოებას იწვევს და ერთობლივი ძალებით შევძლოთ და მივაღწიოთ პროგრესს ნატოში გაწევრიენების გზაზე", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა უკრაინის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მდუმარება არამხოლოდ გაუგებარია, არამედ ეს არის დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის.
"კარგია, რომ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია აფიქსირებს საკუთარ შეხედულებას, მათ შორის მშვიდობიანი აქციით, რადგან იმ მდუმარების ფონზე რასაც ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან, მნიშვნელოვანია ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ მათ მხარდაჭერა აქვთ ჩვენი საზოგადოებისგან. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ უკვე, რეალურად გასულები წლების მანძილზე ჩვენ უნდა გვქონოდა აბსოლუტურად კოორდინირებული პოზიცია უკრაინასთან ერთად და ერთობლივად ლობირება უნდა გაგვეწია ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის დასაჩქარებლად, მაგრამ ახლა არის მნიშვნელოვანი, რომ მოიხსნას ყველა ის საკითხი, რომელიც იწვევს უთანხმოებას საქართველოს და უკრაინას შორის და ჩვენ ერთობლივი ძალებით შევძლოთ და მივაღწიოთ პროგრესს ნატოში გაწევრიენების გზაზე", - განაცხადა სამადაშვილმა.