ავტორი:

რატომ იწვევს ტკივილს "სიბრძნის კბილების" ამოსვლა, რა ფუნქცია აკისრიათ და როგორ უნდა მოვუაროთ მათ - სტომატოლოგის რეკომენდაციები

რატომ იწვევს ტკივილს "სიბრძნის კბილების" ამოსვლა, რა ფუნქცია აკისრიათ და როგორ უნდა მოვუაროთ მათ - სტომატოლოგის რეკომენდაციები

სიბრძნის კბილი ბევრი ადამიანისთვის დიდ ტკივილთან და გარკვეულ პრობლემასთან არის დაკავშირებული, თუმცა ზოგი მის ამოსვლას და არსებობას ვერც გრძნობს... ვინაიდან მისი ჭირვეულობის შესახებ ხალხში არაერთი მითი თუ რეალობა არსებობს, გადავწყვიტეთ, ამ თემაზე სპეციალისთან ერთად გვესაუბრა.

რატომ ჰქვია მას "სიბრძნის კბილი“, რატომ ფუჭდება ადრე, ამოღების შემდგომ რა გართულებებს იწვევს და მის შესანარჩუნებლად რა პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. ამ საკითხებზე სტომატოლოგი სოფიო კაკრიაშვილი გვესაუბრა.

- "სიბრძნის კბილს“ ასე იმიტომ უწოდებენ, რომ სხვებზე გვიან ამოდის - დაახლოებით იმ ასაკში, როდესაც ადამიანის გონებრივი განვითარება-ჩამოყალიბება დასრულებულად მიიჩნევა. რეალურად სიბრძნეს და გონიერებას კბილებთან რომ არაფერი საერთო აქვს, ყველამ ვიცით. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ დღეს სიბრძნის კბილებს (მესამე მოლარებს, ანუ მერვე კბილებს) რუდიმენტულ ორგანოებად მიიჩნევენ. ბევრი თვლის, რომ საკვები რაციონის სახეცვლილების (მყარ და მკვრივ საკვებზე მოთხოვნილების შემცირების) შედეგად ამ კბილებმა ფუნქცია დაკარგა. ამის საბუთად სპეციალისტებს ის ფაქტიც მოჰყავთ, რომ გახშირდა სიბრძნის კბილების უქონლობა - ე.წ. მესამე მოლარების პირველადი ადენტია (კბილის ჩანასახის არ არსებობა).

- ზოგი ვერ გრძნობს, როგორ ამოსდის ეს კბილი, ბევრისგან მსმენია, რომ მის ამოსვლას ტკივილი ახლავს და ხანდახან თვეების განმავლობაში ამოდის... რატომ?

- სიბრძნის კბილი კბილთა რკალში ბოლო ადგილს იკავებს. რკალის ზომა და ფორმა აბსოლუტურად ინდივიდუალური და განსხვავებულია, როდესაც ყბის ძვალში არსებული კბილის ამოსაჭრელად რკალში საკმარისი ადგილია, ამასთან, სიბრძნის კბილის მდებარეობა ნორმალურია, ამოჭრა ხდება სწორად, ზედმეტი გართულებების გარეშე (იგულისხმება ტკივილი, სიცხე, სისუსტე), ზოგჯერ სიბრძნის კბილი ძვალში არასწორად მდებარეობს და ამ ჭრის დროს აწვება მეზობელი კბილის ფესვს, რაც ძალიან მტკივნეულია. ზოგიერთ შემთხვევაში, მიუხედავად კბილის სწორი მდებარეობისა, რკალში არ არის მისი ადგილი, რაც ასევე მტკივნეულს ხდის ამოჭრის პროცესს. ეს დაკავშირებულია სერიოზულ დისკომფორტთან, გარკვეულ პაციენტებში ხდება სიბრძნის კბილის ნაწილობრივი ამოჭრა, ანუ ნაწილი კბილისა უშუალო კონტაქტშია პირის ღრუსთან, ხოლო ნაწილი დაფარულია ღრძილით, - ასეთ შემთხვევაში გამოსუფთავების სირთულის გამო ხშირად ვითარდება პერიკორონარიტი, რაც ასევე ძალიან მტკივნეულია და ხშირად ტემპერატურის მატებას (ცხელებას) იწვევს.

- გვიან კი ამოდის, მაგრამ ადრე ფუჭდება. რა არის ამის მიზეზი?

- როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიბრძნის კბილი საკმაოდ შორს მდებარეობს ცენტრიდან, ის კბილთა რკალში უკანასკნელია, რაც ართულებს მის გამოხეხვას, პაციენტებს განსაკუთრებით ლოყისკენა ზედაპირის გამოსუფთავება უჭირთ, ჰიგიენური პროცედურები კიდევ უფრო რთულდება თუ კბილი რკალში არასწორად (ვესტიბულურად ან ორალურად) არის ამოჭრილი. ძალიან ძნელია ასეთ დროს მისწვდე სიბრძნის კბილის ყველა ზედაპირს და სრულფასოვნად მოაცილო ნადები, რაც თავის მხრივ კბილის კარიესულ დაზიანებას იწვევს.

- ექვემდებარება თუ არა მკურნალობას და ნამკურნალევი კბილი რამდენ ხანს ძლებს?

- სიბრძნის კბილის მკურნალობის საკითხი წყდება ინდივიდუალურად, კბილის მდგომარეობის მიხედვით. ყურადღებას ვაქცევთ, რამდენად ღირებულია კბილი ფუნქციურად. თუკი სწორადაა ამოჭრილი, მდებარეობს კბილთა რკალში, ჰყავს ანტაგონისტი კბილი და მონაწილეობს ღეჭვაში, მაქსიმალურად ვცდილობთ მის შენარჩუნებას. თუკი კარიესია, ვბჟენთ, ნერვის ანთების შემთხვევაში კი ვატარებთ სრულფასოვან ენდოდონტიურ მკურნალობას და გვირგვინის აღდგენას სხივგამყარებადი კომპოზიტით. როდესაც დაზიანება მასშტაბურია, ვახდენთ გვირგვინის მოქცევას ორთოპედიული კონსტრუქციის ქვეშ (ხელოვნური გვირგვინის გადაკვრა). ასეთი კბილები საკმაოდ დიდხანს ასრულებენ ფუნქციას მკურნალობის შემდეგ. თუ კბილი არასწორად დგას რკალში, არ მონაწილეობს ღეჭვაში, იწვევს ლოყის ლორწოვანის მუდმივ მექანიკურ ტრავმირებას, უმჯობესია, მოხდეს სიბრძნის კბილის ექსტრაქცია (ამოღება).

- სიბრძნის კბილის ამოღებას რა სირთულე ახლავს?

- სიბრძნის კბილის ამოღებას შეიძლება თან ახლდეს სირთულეები, განსაკუთრებით, თუ არ არის ამოჭრილი და ყბის ძვალშია (რეტენცია). რეტენირებული კბილის ამოღების დროს საჭიროა განაკვეთის გატარება ლორწოვანზე, ძვლისგან კბილის გათავისუფლება და შემდგომ ამოღება. ზოგჯერ კბილის მთლიანად ამოღება ვერ ხერხდება, ამიტომ საჭიროა, მისი დანაწევრება და ისე ამოღება. კარგი ისა არის, რომ ამ ყველაფერს პაციენტი ვერ გრძნობს, რადგან პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ტარდება. სრულად ამოჭრილი დაუზიანებელი კბილის ამოღება არ არის დაკავშირებული სირთულეებთან, თუმცა თუ კბილი დაზიანებულია, ან გვირგვინი სრულად დაშლილი, კბილის ამოღება შესაძლოა აქაც გართულდეს და საჭირო გახდეს ფესვების ცალ-ცალკე ამოღება.

- ამოღების პროცესშიც არსებობს გართულებული შემთხვევები, - რატომ?

- ამოღების პროცესში შესაძლოა: 1. მოხდეს ქვედა ყბის ნერვის დაზიანება, რასაც თან ახლავს შემდგომი დაბუჟება და ტკივილი; 2. მშრალი ფოსო, როდესაც არ ხდება სისხლის კოლტის ჩამოყალიბება ან უცებ სცილდება კოლტი (ხშირად გვხვდება მწეველებში); 3. სისხლდენა; 4. ინფექცია, ჭრილობის დაბინძურება, რაც შემდგომში ალვეოლიტის სახით ძლიერი ტკივილით და ცხელებით ვლინდება.

- არსებობს შემთხვევები, როცა ამოღებული კბილის შემდგომ, კბილის ადგილი ხანგრძლივად სტკივათ. რა იწვევს ამას?

- ამოღებული კბილის ადგილას რჩება ცარიელი კბილბუდე, რომელშიც სხვადასხვა მიზეზების გამო შესაძლოა, განვითარდეს ანთება - ალვეოლიტი, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს და ცხელებას. მიზეზი ძირითადად არის სისხლის კოლტის არარსებობა - მშრალი კბილბუდე, ჭრილობის დაბინძურება საკვები ნარჩენებით, ცუდი ჰიგიენის გამო ჭრილობის ბაქტერიული ინფიცირება, კბილის ტრავმული ექსტრაქცია კბილბუდის დაზიანებით, ექიმის რეკომენდაციების უგულებელყოფა.

- რა გართულებები შეიძლება ახლდეს კიდევ მას?

- შესაძლოა, საკმაოდ გართულდეს და გახანგრძლივდეს ჭრილობის შეხორცების პროცესი.

- შეიძლება თუ არა ამ კბილის ამოღება ორსულებისთვის?

- ორსულებისათვის კბილების მკურნალობისას ადგილობრივი ანესთეზია ნებადართულია, მაგრამ თუ კარიესი ზედაპირულია, მკურნალობა ანესთეზიის გარეშეც უმტკივნეულოდ ჩაივლის, უფრო სერიოზულ შემთხვევაში კი ექიმი შეგირჩევთ შესაბამის საანესთეზიო საშუალებას, რომელიც შვილს არ ავნებს. ქირურგიული მანიპულაციები დიდი სტრესია ორსულის ორგანიზმისთვის. ძირითადად, კბილის ამოღებას მიმართავენ მწვავე ტკივილის დროს. კბილების ამოღებას გეგმავენ ორსულობის მეორე ტრიმესტრში. მაგრამ თანამედროვე ქირურგიული სტომატოლოგიის ტენდენცია მიმართულია კბილის შემანარჩუნებელი ოპერაციების ჩატარებისკენ, თუ კლინიკური შემთხვევა ამის საშუალებას იძლევა. პირის ღრუში სერიოზული გართულებების განვითარების რისკის არსებობის დროს, ექიმმა შეიძლება მიიღოს კბილის ამოღების გადაწყვეტილება. თუ გაჩნდა დაავადებული კბილის ამოღების აუცილებლობა, ოპერაციის არ უნდა შეეშინდეთ. ორსულობის დროს ანესთეზიის ჩატარება შეიძლება. არსებობს ექიმების მიერ რეკომენდებული საანესთეზიო საშუალებები... ქირურგიული ჩარევის წინ აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

- რა პრევენციული ღონისძიებებია იმისთვის საჭირო, რომ შევინარჩუნოთ სიბრძნის კბილი?

- სწორად ამოჭრილი და ფუნქციურად ღირებული სიბრძნის კბილის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ამისათვის კი საჭიროა, კბილების სწორად გამოხეხვა დღეში ორჯერ სტომატოლოგის მიერ შერჩეული ინდივიდუალური ჰიგიენური საშუალებების დახმარებით, პროფილაქტიკური ვიზიტები სტომატოლგთან 6 თვეში ერთხელ, შესაძლო კარიესული დაზიანებების დროული გამოვლენისა და აღმოფხვრისათვის. აღნიშნულ ვიზიტებზე ხდება პროფესიული წმენდის ჩატარება, რაც მინიმუმამდე ამციერებს ბაქტერიების არსებობას პირის ღრუში კბილის ზედაპირიდან და ლორწოვანიდან ბაქტერიული ბიოაპკის მოცილების საშუალებით. სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი დაგეხმარებათ სიბრძნის კბილების შენარჩუნებაში და არა მხოლოდ სიბრძნის კბილების, ზოგადად ჯანსაღი და ლამაზი ღიმილის შენარჩუნებაში.