კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს პასუხობს ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი სოფო გაგოშიძე. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, მინისტრის მიერ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
წულუკიანმა "პირველი არხის" ეთერში განაცხადა, რომ სოფო გაგოშიძე, რომელიც ცნობილი მეცნიერის, იულიონ გაგოშიძის შვილიშვილია, "სამი წელი არ დადიოდა სამსახურში და შტატს უნახავდნენ".
"იულონ გაგოშიძეა, რომელიც, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი მეცნიერი იყოს ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც მოსწონდა სააკაშვილის მინისტრობა და ახლა ითხოვს, რომ იყოს კულტურის სისტემა და კულტურა უფრო მეტად დაცული საქართველოში, ჰგონია, რომ არ არის. ის ითხოვს თავისუფლებას კულტურის მინისტრისგან და მიიჩნევს, თუ ეს ასე არ იქნება, ეს საბჭოეთია, ოღონდ მას ავიწყდება, რომ დღესაც კულტურის სამინისტროსგან იღებს ხელფასს. ჩემთვის გაუგებარია, ვისგან და რისგან თავისუფლებას ითხოვს ეს ადამიანი. ასევე, ბატონი იულონის ვაჟი, ჩვენი ყოფილი თანამშრომელი, არის აქტიურად მედიაში და მგონი, აქციაზეც ბრძანდებოდა – ეს გახლავთ გიორგი გაგოშიძე. ასევე, ბატონი იულონის მეუღლე კულტურის სამინისტროს სისტემაში მუშაობს; ასევე, იულონის კიდევ ერთ შვილი მუშაობს ჩვენ სისტემაში და დღესაც ხელფასს იღებს. ასევე, ბატონი იულონის რძალი მუშაობს ჩვენს სისტემაში "ნაციონალების“ დროიდან და ხელფასს იღებს; ასევე, ჩვენს სისტემაში მუშაობდა ბატონი იულონის შვილიშვილი, სამი წელი არ დადიოდა სამსახურში და მას შტატს უნახავდნენ ხელოვნების მუზეუმში.“ – განაცხადა თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
სოფო გაგოშიძის თქმით, 2018 წელს ის ამერიკაში სასწავლებლად წავიდა და კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ აპირებდა, საქართველოში დაბრუნებულიყო და კვლავ ხელოვნების მუზეუმში გაეგრძელებინა მუშაობა. სწორედ ამ მიზნით ხელოვნების მუზმეუმმა მას თანამშრომლის სტატუსი შეუჩერა და შესაბამისად ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასს არ იღებდა.
"ქალბატონო კულტურის მინისტრო, უკვე მესამედ გაჟღერდა თქვენი და თქვენი გარემოცვის მხრიდან მითები ჩემი ამერიკაში სწავლის შესახებ. ჯერ ათქმევინეთ, რომ მუზეუმიდან ვარ გაგზავნილი სასწავლებლად, შემდეგ დოკუმენტში “გაგეპარათ” შეცდომა და დააწერინეთ, რომ მუზეუმიდან გაშვებულს ორი თვის ხელფასს ამინაზღაურებენ, დღეს კი ამაზე თავად ისაუბრეთ. 2018 წელს წამოვედი ამერიკაში ამერიკული დაფინანსებით და ვარ სადოქტორო პროგრამაზე შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებისა და მუზეოლოგიის განხრით. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა კი ამ პერიოდიდან შემიჩერა თანამშრომლის სტატუსი იმ მიზნით, რომ მიღებული განათლების შემდეგ ისევ იქ გავაგრძელებდი მუშაობას. სავარაუდოდ იფიქრეს, რომ მაღალი დონის განათლებამიღებული თანამშრომელი გამოადგებოდათ მომავალში. მეც ასე მოვიქცეოდი რომელიმე დაწესებულებას რომ ვმართავდე და მის კარგ მომავალზე და განვითარებაზე ვფიქრობდე. ამერიკაში წამოსვლის შემდეგ მუზეუმში ხელფასი გამიუქმდა, ანუ 290 ლარი აღარ ამიღია მას შემდეგ და აღარ მოიტყუოთ, რომ ამ დაწესებულებას ტვირთად ვეკიდე. არ ვიცი, რატომ არის ასეთი დაუჯერებელი, რომ მიყვარს ხელოვნების მუზეუმი და დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ კვლავ ქვის ფონდში დაბრუნებას ვგეგმავდი. მაგრამ რადგან თქვენთვის ჩვენი სფერო უცხოა, აგიხსნით, რომ მუზეუმის თანამშრომლების უმრავლესობა შეყვარებულია თავის საქმეზე და ძალიან დაბალ ხელფასზე მუშაობს. მათ შორის არიან ჩემი ოჯახის წევრები. ისე, რა სასაცილოა, თეა წულუკიანი რომ იულონ გაგოშიძეს საბჭოთა კავშირთან აკავშირებს. ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრებაა საბჭოეთს ებრძვის. და რა სამწუხაროა, რომ დღესაც ამის გაკეთება უწევს. კი ახსენეთ, რომ პაპაჩემი დიდი მეცნიერია, მაგრამ ეს ხომ საზოგადოებრივი აზრია და იქიდან იცით. ასე იცით მამაჩემზეც. ისინი ნამდვილად საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერები არიან და ქართულ სამეცნიერო წრეში საუკეთესოთა შორის მოიაზრებიან. ძალიან ეცადეთ, რომ შეცდომა გეპოვნათ, მაგრამ ამაოდ და ამიტომ ერთი საბჭოთა კავშირთან, მეორე კი გელათის პრობლემასთან დააკავშირეთ (როგორც ჩანს, ჯერ არ გაგიგიათ ხელოვნების ისტორიკოსის მოვალეობა ძეგლის რესტავრაციაში რომ კვლევით და სარეკომენდაციო მითითებებით ამოიწურება და გელათის პრობლემის ხელოვნებათმცოდნეზე გადაბრალება აბსურდულია). ხელოვნების ისტორიკოსებზე უკეთ ვინ შეიძლება იცოდეს, როგორ მუშაობდა და მუშაობს პროპაგანდა. ისე, ჩემი ოჯახის თითოეულ წევრზე ინფორმაციის შეგროვების ნაცვლად კულტურის მინისტრს რაც ევალება ის რომ გეკეთებინათ, კარგი იქნებოდა. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. თუმცა, რადგან კულტურაში და ხელოვნებაში ვერ ერკვევით, გირჩევთ წიგნების კითხვით, კონკრეტულად კი დიმიტრი თუმანიშვილის „XX საუკუნის ქართული ხელოვნება და მისი ისტორიული კონტექსტი“ (2020) და ეკა კიკნაძის Эწითელი ტერორი და ქართველი მხატვრებით“ (2019) დაიწყოთ. ამით განათლებას მიიღებთ და იქნებ თქვენი თავიც ამოიცნოთ და დაფიქრდეთ, როგორ დაამახსოვრდებით ისტორიას. მე ვამაყობ, რომ ვარ გაგოშიძე და ვარ გიორგის შვილი და იულონის შვილიშვილი. როგორ ფიქრობთ, თქვენი შთამომავლებიც ჩემნაირად იამაყებენ თქვენით?" - წერს სოფო გაგოშიძე "ფეისბუქში"
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, ხელოვნების მუზეუმიდან სოფო გაგოშიძე გაუსლი წლის აგვისტოში გაათავისუფლეს.