უკიდურესად რთული ვითარება უკრაინის საზღვართან. საფრთხე, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს სულ უფრო იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ კრემლი უარყოფს შეჭრის გეგმის ქონას, თუმცა მოსკოვი მძაფრი რიტორიკით გამოდის და მოითხოვს უსაფრთხოების სფეროში გარანტიების მიღებას, მათ შორის პირობის, რომ ნატო არასოდეს მიიღებს უკრაინას და საქართველოს და, ამასთან, შეამცირებს თავის სამხედრო ძალებს აღმოსავლეთ ევროპაში.
შექმნილ ვითარებაში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აშშ-სა და ევროპას კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინა მიიჩნიონ დასავლეთის ნაწილად, რომელიც აღარასოდეს იქნება მოსკოვის ბატონობის ქვეშ.
მისი განცხადებით, რუსეთის აგრესია მაშინ დასრულდება, როდესაც დასავლეთი რუსეთს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის.
ამის შესახებ კულებამ "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი გაუგზავნის სიგნალს რუსეთს: "უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია, ის არასოდეს დაგიბრუნდებათ", როგორც ეს მოხდა ცენტრალურ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან", - ბრძანა მინისტრმა.
მისი თქმით, უკრაინის დასავლელი პარტნიორები განაგრძობენ ქვეყნის მხარდაჭერას, "რადგან მათ ესმით, რომ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი ამ თვეებში, ამ წელს უკრაინაში გადაწყდება", - განაცხადა კულებამ.