"დოიჩე ველეს" (DW) ცნობით, გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი კაი-ახიმ შიონბახი თანამდებობიდან გადადგა. პოზიცია ადმირალმა მას შემდეგ დატოვა, რაც მისი განცხადება პუტინთან, ყირიმთან და ანექსირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გავრცელდა.
"მე ვთხოვე თავდაცვის მინისტრს ქრისტინე ლამბრეხტს, გავეთავისუფლებინე ჩემი მოვალეობებისგან დაუყოვნებლივ“, - განაცხადა ვიცე-ადმირალმა კაი-ახიმ შიონბახმა. მინისტრმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ინფორმაციისთვის, ინდოეთში ვიზიტისას, პრესკონფერენციაზე კაია ახიმ შიონბახმა აღნიშნა, რომ პუტინი პატივისცემას იმსახურებს.
"ადვილია ის პატივისცემა მივცეთ, რომელსაც ითხოვს და რომელსაც, სავარაუდოდ, მართლაც იმსახურებს“, - აღნიშნა სარდალმა და დასძინა, რომ რუსეთი ძველი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა.
გერმანიის მთავრობამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა. მათი თქმით, ისინი საზღვაო ძალების ვიცე-ადმირალის განცხადებას არ ეთანხმებიან. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიცე-ადმირალის მიერ გაკეთებული განცხადება თავდაცვის სამინისტროს პოზიციას არ გამოხატავს.
მომხდარის გარშემო გამოხმაურება არ წყდება გერმანულ პრესაში.
გაზეთ "ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: "რა თქვა სინამდვილეში ვიცე-ადმირალმა შიონბახმა“ (ავტორი - მიხაელ მაიერი), ვკითხულობთ:
"გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლისათვის ის პუბლიკაციები და გამოხმაურებები, რომლებიც საერთაშორისო გეოპოლიტიკური სიტუაციის ირგვლივ მისმა გამონათქვამებმა გამოიწვია, ალბათ, მოწმენდილი ციდან მეხის დაცემას ჰგავდა.
კაი-ახიმ შიონბახს - ბოლო დრომდე სავსებით სამაგალითო ოფიცერს, რომელმაც სამხედრო კარიერა ბუნდესვერის ლეგენდარული გენერალური ისნპექტორის ვოლფგანგ შნაიდერბახის ადიუტანტის რანგში დაიწყო, 21 იანვარს, ინდოეთში ყოფნის დროს, ნიუ-დელის თავდაცვითი კვლევების და ანალიზის ინსტიტუტში გამართული კონფიდენციალური შეხვედრისას ჰკითხეს, თუ როგორ აფასებდა იგი ევროპულ სიტუაციას რუსეთისა და ნატოს ურთიერთობის ფონზე.
ვიცე-ადმირალმა, როგორც ჩანს, არ იცოდა, რომ მისი კონფიდენციალური საუბარი ვიდეოკამერით იწერებოდა. მოგვიანებით მისი ნათქვამის დაახლოებით ორწუთიანი ფრაგმენტი ტვიტერში გამოჩნდა, ორიოდე საათის შემდეგ კი, შაბათს, გერმანულ და საერთაშორისო მასმედიაში "გრიგალი ამოვარდა“ - ყველა დონისა და ყველა მრწამსის მქონე პოლიტიკოსები მის გადადგომას მოითხოვდნენ. კაი-ახიმ შიონბახი იძულებული გახდა მათი სურვილი შეესრულებინა - თანამდებობიდან გადადგომა გამოაცხადა და თხოვნით მიმართა თავდაცვის მინისტრს დაედასტურებინა მისი გადაწყვეტილება.
მისი თქმით:
ყოველ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება ნატოს წევრი გახდეს, თუ ის ევროკავშირის დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამება. "რუსეთს ვეტოს უფლება არასოდეს არ უნდა ჰქონდეს“. შვედეთმა და ფინეთმა ნატოში წევრობის სურვილი რომ გამოხატონ, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ არავითარი მიზეზი არ არსებობს. საქართველომ წევრობისათვის აუცილებელი პირობები დიდი ხანია შეასრულა, მაგრამ მისი ალიანსში მიღება ამ ეტაპზე "გონივრული არ იქნებოდა“. უკრაინა კი პირიქით, ნატოში მიღების პირობებს არ აკმაყოფილებს - იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ნაწილი, კონკრეტულად დონბასი, სხვა ქვეყნის, კონკრეტულად რუსეთის არმიის ნაწილებით არის ოკუპირებული, რომლებსაც რუსეთში მოლაშქრეებად მიიჩნევენ. ვიცე-ადმირალს არ სჯერა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში "შეიჭრება“ მიწის "მცირე მონაკვეთის“ გამო, ამის დაჯერება "უაზრობა“ იქნებოდა.
კაი-ახიმ შიონბახის თქმით, "ვლადიმერ პუტინი, რომელსაც წინ უნდა აღვუდგეთ, სარგებლობს სიტუაციით და ევროპაში განხეთქილების შეტანას ცდილობს“. ვიცე-ადმირალი აგრძელებს:
"ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინას უკან აღარ დაუბრუნდება, ეს უკვე ფაქტია. რაც ნამდვილად სურს პუტინს, ის არის, რომ იგი ითხოვს პატივისცემას ყველასთან თანასწორად. ღმერთო ჩემო, განა პატივისცემის გამოვლენა ვინმეს მიმართ დასაძრახია? მე რომ მკითხონ (მაგრამ არავინ მეკითხება), ვიტყოდი, რომ ამ კაცს იმ პატივისცემით მოვეპყრობოდი, რომელსაც იგი, ალბათ, იმსახურებს“.
ვიცე-ადმირალი ჩინეთში დიდ საფრთხეს ხედავს:
"ჩვენ - ინდოეთს და გერმანიას, ორივეს გვჭირდება რუსეთი, ჩინეთის წინააღმდეგ“. როგორც ჩანს, კაი-ახიმ შიონბახმა ჩინეთის შესახებ ასე იმიტომ თქვა, რომ თავისი ინდოელი კოლეგების ყურადღება მიეპყრო. როგორც ცნობილია, ჩინეთსა და ინდოეთს შორის უკვე მრავალი წელია სასაზღვრო დავა მიმდინარეობს, რომელმაც არაერთხელ გამოიწვია ინციდენტები სამხედრო მოსამსახურეთა მსხვერპლით.
როგორც კაი-ახიმ შიონბახი აღნიშნავს, მისთვის, ქრისტიან-კათოლიკესათვის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ახლოს დგას იმ შემთხვევაშიც კი, ვლადიმერ პუტინი რომ ათეისტი იყოს. ევროკავშირს და საერთოდ ევროპას რუსეთთან უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე ჩინეთთან. ეს თეზისი ერთ-ერთი მთავარია ამერიკელი წამყვანი გეოპოლიტიკოს-სტრატეგოსის ჰენრი კისინჯერის თეზისებიდან, რომელიც მან გაახმუარა თავის წიგნში "მსოფლიო წესრიგი“ (დაისტამბა 2014 წელს).
ვიცე-ადმირალი კაი-ახიმ შიონბახი მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში კოდური სახელწოდებებით "ურყევი თავისუფლება“ და "ატალანტა“, სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლად დანიშვნამდე იგი მუშაობდა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიისა და დაგეგმარების განყოფილების უფროსად. "მწვანეთა პარტიის“ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა რეინჰარდ ბიუტიკოფერმა კაი-ახიმ შიონბახის გამონათქვამებზე ტვიტერში დაწერა, რომ [ვიცე-ადმირალისგან] "ეს დაუჯერებელია“.
მოამზადა სიმონ კილაძემ