23 იანვარს, ფრანგი დიზაინერი ტიერი მიუგლერი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი დიზაინი 1940-იანი და 50-იანი წლების გლამურით იყო ინსპირირებული: გამოირჩეოდა დიდი მხრებით და გამოკვეთილი ნაკერებით. მიუგლერის დიზაინით შეკერილი ტანისამოსი სცმიათ ისეთ ვარსკვლავებს, როგორიცაა დევიდ ბოუი, ლეიდი გაგა, კიმ კარდაშიანი, ბიონსე, ჯორჯ მაიკლი, შერონ სტოუნი. დევიდ ბოუის ისე მოსწონდა მისი შექმნილი მოდელები, რომ საქორწინო ტანისამოსიც კი მიუგლერს შეაკერინა.
მიუგლერი მოდას 2000-იანი წლების დასაწყისში ჩამოშორდა, მაგრამ ბიონსეს 2010 წლის მსოფლიო ტურის დროს, მომღერლის კრეატიული მრჩევლის როლში იყო. ბოლო წლებში ტიერი მიუგლერის ბრენდი პოპულარული გახდა პარფიუმერიით: "angel" და "Alien".
"ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ პოსტში, რომლითაც დიზაინერის გარდაცვალება ეხმაურებიან, ვკითხულობთ:
"მიუგლერი იყო მეოცნებე, რომლის უშრეტი წარმოსახვაც მთელ მსოფლიოში აძლევდა ხალხს ძალას, რომ ყოფილიყვნენ გაბედულები და მეტი ეოცნებათ".
დიზაინერის სააგენტომ განაცხადა, რომ ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
ტიერი ბავშვობიდან ცეკვავდა ბალეტს, იყო აკრობატი და მოდელობდა კიდეც. ის ტანსაცმლისა და მოდისადმი ინტერესს ადრეული ასაკიდანვე ამჟღავნებდა. პირველი ბუტიკი მიუგლერმა 1970 წელს გახსნა პარიზში.
წყარო: BBC