ავტორი:

რას აცხადებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია დეკანოზზე, რომელმაც მრევლის წევრი ქალი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის გამო არ აზიარა?

რას აცხადებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია დეკანოზზე, რომელმაც მრევლის წევრი ქალი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის გამო არ აზიარა?

22 იანვარს ტელეკომპანია "ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტში, სოციალურად დაუცველი ქალი რუსუდან თავართქილაძე ყვებოდა, რომ პოლიტიკური კუთვნილების გამო ზიარებაზე უარი უთხრეს.

მისი თქმით, შემთხვევა ხელვაჩაურში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძარში მოხდა, სადაც დეკანოზმა ლუკა მიქაბერიძემ საშობაო ლიტურგიაზე სოციალურად დაუცველ ქალს წმინდა ზიარებასთან მიახლებაზე უარი უთხრა და მიზეზად "სააკაშვილის სექტის მომხრეობა" დაასახელა.

რუსუდან თავართქილაძემ ტელევიზიასთან განაცხადა, რომ მღვდელმა ტაძარში თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს არ აზიარებდა.

"გულში მივლიდა - ნეტავ, რა დავაშავე, რა გავაკეთე ცუდი - მეთქი. ვიდრე პასუხს გამცემდა, რამ არ გამიარა გულში. შენ სექტის მომხრე ხარო, ვერ გავერკვიე, სექტა რაღაც ცუდი რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ პირადად სექტა რა იყო, ვერ მოვიაზრე. ეგ რა არის, მამაო-მეთქი, ვკითხე და სააკაშვილის მომხრე ხარო", - ამბობს ქალი.

მომხდარზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ დეკანოზ ლუკას მღვდელმთავრისაგან მიეცა მკაცრი გაფრთხილება...

"ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადება

22 იანვარს, სამაუწყებლო ტელეკომპანია "ტვ პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი ხელვაჩაურის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის დეკანოზ ლუკა მიქაბერიძეს და ამავე ტაძრის მრევლის რუსუდან თავართქილაძეს შორის მომხდარი ინცინდენტის შესახებ, რომ მოძღვარმა ეს უკანასკნელი არ აზიარა ენმ-ის მხარდაჭერის გამო და მიზეზად "მ. სააკაშვილის სექტის“ მომხრეობა დაასახელა.

ეპარქია დაინტერესდა არსებული ვითარებით, რაც დეკანოზმა ლუკამ ნაწილობრივ დაადასტურა (ეს გასული სიუჟეტიდანაც ჩანს).

დეკანოზ ლუკას მღვდელმთავრისაგან მიეცა მკაცრი გაფრთხილება, თუმცა აღნიშვნის ღირსია ქალბატონი რუსუდანისა და მისი მეუღლის მხრიდან აგრესიული და პროვოკაციული გამოსვლები, რასაც ადასტურებენ სამრევლოს სხვა წარმომადგენლები.

ქალბატონი რუსუდანის მეუღლის მხრიდან განხორციელდა ზარი სამღვდელმთავრო რეზიდენციაში მუქარით, რომ თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, ისინი რევოლუციას მოაწყობდნენ ეკლესიაში.

მიუხედავად ამისა, ასეთი დამოკიდებულება გარკვეული სასულიერო პირების მხრიდან ყოვლად დაუშვებელია, რადგან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და პოლარიზებულ მდგომარეობას და მის დამშვიდებას ეს ხელს არ შეუწყობს.

ეკლესიაში ყოვლად დაუშვებელია პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და საღმრთო ზიარებაზე არ დაშვება, აგრეთვე ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი მოწოდებები, რომელი პარტიისაც არ უნდა იყოს ის.

მივმართავ ეპარქიის სამღვდელო დასს, ყველა ღონე ვიხმაროთ ქვეყნისა და ამ ქვეყნის მკვიდრთა ერთიანობისთვის, რადგან ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ჰყოფს.

23 იანვარი. 2022 წ".