ავტორი:

"მტკიცებულებები ადასტურებს, რომ 7 ნოემბრის დარბევა სააკაშვილთან შეთანხმებული იყო" - რას აცხადებენ მხარეები სააკაშვილის სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ

"მტკიცებულებები ადასტურებს, რომ 7 ნოემბრის დარბევა სააკაშვილთან შეთანხმებული იყო" - რას აცხადებენ მხარეები სააკაშვილის სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ე.წ. 7 ნოემბრის საქმე განიხილებოდა. მხარეები იკვლევდნენ ვიდეომტკიცებულებებს, რომლებიც აღნიშნული საქმის ირგვლივ ბრალდების მხარემ შეკრიბა. პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის თქმით, ვიდეომტკიცებულებებიი უტყუარად ადასტურებს სააკაშვილის ბრალეულობას, კერძოდ იმას, რომ 7 ნოემბრის დარბევა მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებული იყო.

"უკვე მერამდენე პროცესია, მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს მტკიცებულებების გამოკვლევას, მათ შორის, დარბევის კადრებს, რადგან მარტივად რომ ვთქვათ, მას პასუხი არ აქვს ამ მძიმე ბრალდებებზე და ამ შეკითხვებზე", - ამის შესახებ 7 ნოემბრის ეპიზოდზე ბრალდებულ სააკაშვილის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, სააკაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზს პოლიტიკურ ტრიბუნად იყენებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელსაც ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი არ ესწრებოდა, პროკურატურის ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს.

"ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას აგრძელებს. მათ შორის, დღეს წარმოდგენილი გვქონდა ვიდეოკადრები, რომელიც ასახავს 7 ნოემბერს მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის და მათი დარბევის კადრებს. ეს არის უდაო მტიცებულებები 7 ნოემბრის დანაშაულის დასტურისა, მაგრამ საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, როცა ჩვენ ვიკვლევთ მტკიცებულებებს, თუნდაც, ვიდეომასალას, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესის წინ შეუძლოდ ხდება და ის სასამართლოზე გამოცხადებას თავს არიდებს. უკვე მერამდენე პროცესია, ასე თავს არიდებს მტკიცებულებების გამოკვლევას, მათ შორის, ამ დარბევის კადრებს, რადგან მარტივად რომ ვთქვათ, მას პასუხი არ აქვს ამ მძიმე ბრალდებებზე და ამ შეკითხვებზე. როგორც ჩანს და უკვე ნათელია, მიხეილ სააკაშვილის სურვილი არასდროს ყოფილა მართლმსაჯულებაში მონაწილეობა, ის მხოლოდ პოლიტიკურ ტრიბუნად იყენებს პროცესებს, როცა მას ეს აწყობს და ერთგვარი სანახაობის მოსაწყობად იყენებს სასამართლო სხდომებს, თორემ მტკიცებულებათა გამოკვლევაში და შინაარსობრივ მხარეში ის არ მონაწილეობს.

გამოქვეყნებული ჩანაწერებით, ვიდეოკადრებით კიდევ ერთხელ დასტურდება შემდეგი - პირადად მიხეილ სააკაშვილი სთხოვდა და მოითხოვდა ბადრი პატარკაციშვილისგან, რომ ტელევიზიებს არ უნდა ჰქონოდათ ისეთი სიუჟეტები, რომელიც იქნებოდა "აფეთქების" ტოლფასი იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის, არ უნდა ყოფილიყვნენ კრიტიკულები, თუმცა, ჩვენ ასეთი "აფეთქებები“ სიუჟეტის სახით ვიხილეთ გირგვილიანის თემაზე, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თემაზე, იმჟამინდელი "იმედი“ იყო კრიტიკული მაუწყებელი, სწორედ ამის გამო დაუპირისპირდნენ არკადი პატარკაციშვილს. კადრებში ნახეთ გიორგი უგულავას შეხვედრა ბადრი პატარკაციშვილთან, სადაც პირდაპირი ტექსტით არის საუბარი, მათ შორის, გაივლო წითელი ხაზები და ფაქტობრივად, შინაარსი იყო, რომ ბადრი პატარკაციშვილი ამათი მტერი იყო და ის ხელისუფლების მხრიდან საპასუხო დარტყმებს მიიღებდა. ჩვენ ყველამ ვიხილეთ, რა იყო ეს დარტყმები - ტელე "იმედის“ დარბევა, ქონების წართმევა მისი ოჯახისთვის და ყველა ის დანაშაული, რომლის ავტორიც და ორგანიზატორიც გახლავთ მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, საქმეზე არსებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ 7 ნოემბრის დარბევა მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებული იყო.

"7 ნოემბრის საპოლიციო ღონისძიებებს ხელმძღვანელობდნენ პოლიციის ის მაღალჩინოსნები, რომლებიც მეორე დღეს უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილმა“, - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, ამ ადამიანებში იგულისხმება "ვანო მერაბიშვილი, მისი მოადგილეები, კუდ-ის და სოდ-ის ხელმძღვანელები ახალაიას და კოდუას სახით“.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, გამოკვლეულ ვიდეოკადრებში სააკაშვილის ბრალეულობა არ დასტურდება და არ არსებობს მის წინააღმდეგ რაიმე სახის მტკიცებულება.

"დღეს გამოკვლეულ არც ვიდეომტკიცებულებებში და არც წერილობით მტკიცებულებებში არც ერთი ფორმით მიხეილ სააკაშვილის რაიმე დანაშაულზე საუბარი არ არის და ვერც იქნება, იმიტომ რომ ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

საუბარია მტკიცებულებებზე, რომლებიც დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ წარმოადგინა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან დაკავშირებით.

"რაც შეეხება საკითხს, რა ვიდეოები იქნა გამოკვლეული, ეს არის პოლიტიკური საკითხები, როცა თანამდებობის პირები ერთმანეთს ხვდებიან და ამ შეხვედრებს ესწრებოდა ბადრი პატარკაციშვილი, ჩვენ გვესმოდა, რომ იქ რაიმე კრიმინალური, რაიმე კანონს მიღმა და მსგავსი საუბარი არ ყოფილა. ეს იყო ბადრი პატარკაციშვილთან არსებული საუბრები, ეს ჩანაწერები წარმოადგინა პროკურატურამ, ვიდრე პროკურატურა წარმოადგენდა, ეს ჩანაწერები ინტერნეტწყაროებში გავრცელებულია და იქ არავითარი დანაშაულებრივი არ იკვეთება“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მისივე განმარტებით, რაც შეეხება თავად აქციის დარბევის საკითხს, წარმოდგენილი იყო მძიმე კადრები, თუმცა ეს იყო კონკრეტული პოლიციური ღონისძიების ფარგლებში არსებული გადაცდომები.

"მთავარი რა არის - არც ერთი ეს პოლიციელი, არც ერთი ის ადამიანი, თანამდებობის პირები იქნებოდნენ ეს თუ რიგითი თანამშრომლები, ვინც ჩვენ კადრებში ვიხილეთ, საქმეზე დაკითხული არ არის, შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე ფორმით, რაიმე ჩართულობა ჰქონდა ამ პროცესებში, არის თავიდან ბოლომდე გამოგონილი, იმიტომ, რომ ამ საქმის ფარგლებში ის მძიმე კადრები, რაც ვიხილეთ საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, პროკურატურას შეფასებული არ აქვს არც ერთ კონკრეტულ მოქმედ პირთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა.